in

სოციალური აქტივიზმი — ამბები, რომლებიც უნდა ითქვას

უკვე სამ წელზე მეტია, „ნაამბობი“ მრავალფეროვანი კამპანიებითა და რეალური ისტორიებით, ქალებისა და გოგონების, ძალადობრივი გამოცდილებისა და გადარჩენის ამბებს გვიყვება. ეს არის პლატფორმა იმ მკითხველებისთვის, რომელთა ამბებიც უნდა ითქვას.

ქალების გაძლიერებისა და თანასწორობის საკითხების ეთიკურად წარმოჩენისთვის, „ნაამბობი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.

„ნაამბობის“ ფეისბუქ გვერდზე ონლაინ კამპანიის #მკითხველისნაამბობი ფარგლებში,  რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ქვეყნდებოდა რეალური ისტორიები სექსუალურ შევიწროებასა თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. ავტორი ქალები მდუმარე მსხვერპლებს მათ მიერ ნაპოვნ გადარჩენის გზასა და გამოსავალს უზიარებდნენ; ან იყენებდნენ სივრცეს იმისათვის, რომ ხმამაღლა გაცხადებული ტრავმები ერთგვარი ტრამპლინი ყოფილიყო ახალი, ანტიძალადობრივი ცხოვრების დასაწყებად.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ფარგლებში, ნაამბობის გუნდის ჩართულობით, არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად მოძალადე ბიძას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა; ეს ამბავი კი მაგალითი გახდა სხვა, უამრავი გოგონასა და ქალისთვის, უფრო ხმამაღლა ეთქვათ ძალადობის ფაქტების შესახებ და დაეწყოთ ბრძოლა თვითგადარჩენისათვის.

„ნაამბობის“ მიმდინარე პროექტი #სექსიზმიდასტერეოტიპები ჩვენს ირგვლივ არსებულ სექსისტურ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, ურთიერთსაპირისპირო ფრაზებით, ერთ ქარდზე აერთიანებს, რაც მკითხველს ერთმანეთის მიმართ ამ მანკიერ დამოკიდებულებებს უფრო თვალნათლივ აჩვენებს.

ყოველდღიურ, სოციალურ თემებში ჩართულობითა და გამოხმაურებით, „ნაამბობი“ კიდევ უფრო მეტად ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ერთი — გენდერულად თანასწორი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას და მოკლე მესიჯებით ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, როგორიცაა მაგალითად: #ბავშვიცოლიარარის, #არიძალადო, #არვიმსახურებ და ა. შ.

სწორედ ეს არის „ნაამბობის“ მიზანი — სოციალური კამპანიებით, მწვავე თემებსა თუ მოვლენებზე აპელირებით ცნობიერების ამაღლება, რომელიც, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს ძალადობის მსხვერპლ ჩვენს მოქალაქეებს, იბრძოლონ საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის.

სამომავლოდ, „ნაამბობი“ სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ კომპანიის მხარდაჭერით და აქტიური, უწყვეტი კამპანიებით გეგმავს, ხმა მიაწვდინოს იმ გოგონებსა და ქალებს, რომლებიც ახლაც საჭიროებენ დახმარებას — ძალადობის მსხვერპლნი არიან, იჩაგრებიან ან საკუთარი ძალებით ცდილობენ ძალადობრივ გარემოსთან გამკლავებას.

[R]

როგორ იქცა Saltburn სოც.მედიის კონტენტად და რას ასწავლის ეს ბრენდებს?

TikTok-ზე ტეილორ სვიფტისა და სხვა ცნობილი არტისტების სიმღერებს ვეღარ გამოიყენებთ