ფიზიკური აქტივობა რომ ძალიან სასარგებლოა, ყველამ კარგად ვიცით. ალბათ, ისიც გსმენიათ, რომ ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გადადგმა ჯანსაღი რუტინის ნაწილია — როგორც მენტალური, ისე სხეულის ჯანმრთელობისთვის. რეალურად, ამ რიცხვის მიმართ არანაირი მეცნიერული ახსნა არ დგას… ის ერთ-ერთმა იაპონურმა მარკეტინგულმა კამპანიამ დანერგა.
მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, არსებობდა თუ არა ნაბიჯების რაოდენობის ჯადოსნური რიცხვი, რომელიც ეტაპობრივად მიგვიყვანდა ჯანმრთელობამდე. ახლა კი მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა — რამდენი ნაბიჯის გადადგმა უნდა დავისახოთ ყოველდღიურ მიზნად?
10 000 არ არის ჯადოსნური რიცხვი
ახლად გამოქვეყნებული კვლევა 2 110 საშუალო ასაკის ადამიანს ეფუძნება. როგორც მოსალოდნელი იყო, მეტი ვარჯიში მეტად სასარგებლოა. 6 000 ნაბიჯი აღემატება 5 000-ს, ხოლო 5 000 აჭარბებს 4 000-ს. თუმცა მკვლევრებმა ვერაფერი უჩვეულო იპოვეს 10 000 ნაბიჯის შემთხვევაში (გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის კუთხით არანაირი დამატებითი სარგებელი არ ჰქონდა). ამის ნაცვლად, 7 000 ნაბიჯი აღმოჩნდა გარდამტეხი ზღვარი — სწორედ ამ რაოდენობის ნაბიჯის გადადგმამ მონაწილეთა სიკვდილის შანსები 50-დან 70 პროცენტამდე შეამცირა.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 7 000 ნაბიჯის ლიმიტი სადაც ამოგეწურებათ, იქ უნდა გაჩერდეთ. სიარული არ გავნებთ, თუ რაიმე სპეციფიკური პრობლემა არ გაწუხებთ.
მაგალითად, თუ წონაში დაკლება გინდათ, რაც უფრო მეტს მოძრაობთ, მით მეტ კალორიას წვავთ — ასე რომ, ხანგრძლივი სიარული უფრო ეფექტურია. კოგნიტიური განვითარების კუთხით კი უამრავი კვლევა მოწმობს, რომ სიარული კრეატიულობისა და ტვინის სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
და მაინც, თუ თქვენი მიზანი უბრალოდ ჯანმრთელობის შენარჩუნება და ნაადრევი სიკვდილის შანსების შემცირებაა, გაითვალისწინეთ — რიცხვში 10 000 არაფერია ჯადოსნური. ნუ დაუჯერებთ ფიტნეს-აპლიკაციებს, რომ დღიურ ნორმაზე ნაკლები იარეთ და “იძულებული ხართ”, დაღლილმა განაგრძოთ მოძრაობა. სანაცვლოდ, ყოველდღიურ მიზნად 7 000 ნაბიჯი დაისახეთ.