საქველმოქმედო კომპანია Nabs-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 10-დან 4 თანამშრომელი არიდებს სამსახურში ღიად საუბარს თავს, როდესაც საქმე მენტალურ სირთულეებს ეხება. ისინი შიშობენ, რომ საკუთარი გამოწვევების ხაზგასმა ნეგატიურად აისახება პროფესიულ ცხოვრებაზე.
კვლევა სარეკლამო ინდუსტრიის 1200 წარმომადგენელზე ჩატარდა: კარიერის საწყის ეტაპზე მყოფთა 39%-მა განაცხადა, რომ მაშინაც კი შეშფოთებულნი იყვნენ, როდესაც კოლეგები გულწრფელად საუბრობდნენ თავიანთ ფსიქიკურ სირთულეებზე. 35%-მა კი თქვა, რომ საერთოდ არ განიხილავს ფსიქიკურ კეთილდღეობას სამსახურში.
„ამ კვლევიდან ირკვევა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი მცდელობებისა, ნორმად ვაქციოთ მსგავს პრობლემებზე საუბარი და ღიად ვიზრუნოთ ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, — აღნიშნავს Nabs-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუ ტოდი.
აქვე საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი გამოკითხულის თქმით, კომპანიების უმეტესობაში მხოლოდ თეორიულად არსებობს დასაქმებულების მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვის იდეები; პრაქტიკაში კი ეს ყველაფერი მიუწვდომელია. „სიტყვებით გამოხატული კულტურა არ არის საკმარისი. სანაცვლოდ, თანმიმდევრული და კარგი პრაქტიკა გვჭირდება. უფრო და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველას ხმა ისმის და ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, როცა დახმარება სჭირდება“.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მენეჯერების მხოლოდ მცირე ნაწილი ზრუნავს თანამშრომლების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. 43%-ის თქმით, მათი სტრესის დონე და ფსიქიკური კეთილდღეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ახალი მენეჯერი დაუნიშნეს; ხოლო 51%-მა თქვა, რომ მათი მენეჯერები მეტისმეტად გადართული არიან სხვა საქმეებზე და დასაქმებულების ემოციურ მდგომარეობას ნაკლებად აკვირდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში კარგადაა გააზრებული ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელობა, შეიძლება პრიორიტეტული საკითხიდან უფრო კომერციულ სახემდე მივიდეს. ეს კი არასწორი ინტერპრეტაციების, ზედაპირულობის საფუძველი გახდება“, — ამბობს Nabs-ის კეთილდღეობის სერვისებისა და კულტურის ცვლილების დირექტორი, ლორეინ ჯენინგს-კრიდი.