25
Apr
2017

„ნაციონალური დელიკატესი ND“ – სადილი 2 წუთში

25 Apr 2017

Startauperi
Startauperi


ნაციონალური დელიკატესი ნდ“ არის შეფუთული მზა საკვების მწარმოებელი კომპანია, რომელიც შეიქმნა გასული წლის ბოლოს, ხოლო წარმოება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. კომპანია აწარმოებს როგორც ქართულ ნაციონალურ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს. „ნაციონალური დელიკატესი“, ამ ეტაპზე, მომხმარებლებს სთავაზობს 7 დასახელების პროდუქტს: ლობიო ლორით, ბორში ძროხის ხორცით, სუპ-ხარჩო, ქათმის ჩახოხბილი, ქართული ფლავი (შილა ფლავი), ფლავი ძროხის ხორცით (იგივე უზბეკური ფლავი) და ბრინჯი ბოსტნეულით. მარკეტერი ესაუბრა „ნაციონალური დელიკატესი ND-ს“ მარკეტინგის მენეჯერ ქეთი ქელეხსაშვილს:

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=aasG8NL-t28[/embedyt]


M: როგორ გაგიჩნდათ თქვენი პროდუქტის წარმოების იდეა და ვინ არის სამიზნე აუდიტორია?

შეფუთული მზა საკვების წარმოების იდეა გაჩნდა თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე და დროის დაზოგვის მიზნით.  ჩვენი პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. დროის მინიმალური დანახარჯით, ადამიანს შეუძლია, მიირთვას 100%-ით ნატურალური ქართული კერძები. ასევე, ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებით მოსახერხებელი და კომფორტულია ტურისტებისთვის, მოლაშქრეებისთვის – ბანაკებისა და მსგავსი აქტივობებისთვის.

M: რამდენად უსაფრთხოა ND-ს მზა საჭმელების გამოყენება?
პროდუქცია სერტიფიცირებულია: ISO 9001:2008 and HACCP. ასევე, გვაქვს ვადიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მივიღეთ თურქეთის საერთაშორისო ლაბორატორიისგან და პროდუქციის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2 წელზე მეტი ხნით.  ვიყენებთ ქართულ ნედლეულს, მათ შორის, გაუყინავ, ნედლ ხორცს.

M: რა შესაფუთი მასალა გამოიყენება პროდუქტებისთვის?
პროდუქციის შესაფუთად, გამოყენებულია სპეციალური პაკეტი, „რეტორტ პაკეტი“, რომელიც შედგება სამი შრისგან, არ შედის რეაქციაში შიგთავსთან და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შენახვას. რეტორტ ტექნოლოგია ყველაზე საიმედო და მისაღებ ფორმად გვევლინება საკვების ხანგრძლივი დროით პრეზერვაციისათვის. საკვები პროდუქტები თავსდება სპეციალურ პაკეტებში, რის შემდეგაც ხდება მათი სტერილიზაცია მაღალ ტემპერატურაზე, ყველა პათოგენის აღმოფხვრის მიზნით. სანამ პაკეტის მთლიანობა არ დაზიანდება, პათოგენს მასში შეღწევა არ შეუძლია, რაც განაპირობებს საკვების ხარისხიანობასა და კარგ გემოს. M: როგორ უნდა მოვამზადოთ ND-ს პროდუქტები?
ND-ს პროდუქტების მომზადება მის მხოლოდ შეთბობას გულისხმობს. ეს ორნაირადაა შესაძლებელი:
1. გააცხელეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთის განმავლობაში; გახცელებამდე აუცილებელია პაკეტს თავი მოაჭრათ, რადგან არ გასკდეს.
2. პაკეტი მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბში; რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო მეტად და სწრაფად გაცხელდება პროდუქტი. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

M: სად არის თქვენი საწარმო და რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?
საწარმო მდებარეობს დედოფლისწყაროში, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საწარმოო ხაზებით. დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მაცხოვრებლები, დაახლოებით, 30 ადამიანი, რომლებსაც აქვთ გავლილი გადამზადება და არიან კომპეტენტურები წარმოების სრულ პროცესში.

M: სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მარკეტებში. მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის ონლაინ შეძენაც bigmarket.ge ზე, სადაც განთავსებულია სრული ასორტიმენტი. M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
რაც შეეხება ფასების პოლიტიკას, ფასები არის აბსოლუტურად ხელმისაწვდობი. ულუფა არის 250 გრ. ბრინჯის პროდუქტები და 375 გრ. – დანარჩენი 4 კერძი. ღირებულება მარკეტებში მერყეობს 3 ლარიდან 4.50 ლარამდე.

M: რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას, ქართულ ბაზარზე?
არსებულ ბაზარზე არის მზა კერძები, რომელიც მალფუჭებადია და მეორე-მესამე დღეს გამოუსადეგარია. ან პროდუქტები, რომელსაც სჭირდება წყლის დასხმა ან სანელებლები. ჩვენი პროდუქცია არის მზა, 100% ით ნატურალური, არ შეიცავს დანამატებსა და კონსერვანტებს და საჭიროებს მხოლოდ 2-3 წუთით მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებას.

M: რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს, უახლოეს მომავალში?
კომპანია უკვე მუშაობს ასორტიმეტის გაზრდაზე და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სამარხვო პროდუქტებს.

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] „ნაციონალური დელიკატესი“ (ND), რომელიც დატვირთული ყოველდღიურობითაა ინსპირირებული, ჩვენი მკითხველისთვის უკვე ნაცნობია. მოგეხსენებათ, კომპანია შეფუთულ მზა საკვებს 2017 წლიდან აწარმოებს მათთვის, ვისაც არ აქვს მზადების დრო და მარკეტის თაროებზე უკვე გამზადებულ პროდუქტს ეძებს, ხოლო მარტივი სლოგანი “სადილი 2 წუთში” პირდაპირ მიუთითებს, რომ გემრიელად დანაყრება არცთუ ისე რთული ამოცანაა. ჩვენი ინტერვიუდან 1 წლის მანძილზე, “ნაციონალურმა დელიკატესმა” განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა: შეცვალა პროდუქციის ასორტიმენტი, დაამატა სამარხვო და ვეგეტარიანული კერძები, განახორციელა რებრენდინგი, დაიწყო ზრუნვა ექსპორტზე და ა.შ. სიახლეების შესახებ დაწვრილებით “ნაციონალური დელიკატესის” მარკეტინგის მენეჯერს, ქეთევან ქელეხსაშვილს, ვესაუბრეთ. […]