შეფილდის და ვალიადოლიდის უნივერსიტების მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გამოყენებული, გადაგდებული ნაძვის ხეების წიწვები შეიძლება ეკოლოგიურად სუფთა ქიმიკატად გარდაიქმნას. ეს კი სადღესასწაულო სეზონზე ჭარბად გამოყოფილი ნახშირბადის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ACS Sustainable Chemistry & Engineering-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, წიწვებს „მეორე სიცოცხლის“ შანსი აქვს — კერძოდ, ისეთი ქიმიკატების სახით, როგორიცაა კონსერვანტები. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება, სადაც გამხსნელად მხოლოდ წყალია საჭირო.
საგულისხმოა, რომ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს მონაცემებით, ყოველწლიურად ექვსიდან რვა მილიონამდე ცოცხალი ნაძვის ხე იყიდება. მათი უმეტესობა კი დღესასწაულის ბოლოს ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც ბუნებრივი რესურსის უხეშად განიავებაა. სწორედ ეს ნეგატიური კონტექსტი გახდა ინიციატივის ნაწილი, რომ „უსიცოცხლო წიწვები“ ჯანსაღ პროდუქტად გადაიქცეს.
სითბოს და გამხსნელების უბრალოდ დამატებით, წიწვების ქიმიური სტრუქტურა შეიძლება ბიო ზეთად დაიშალოს. ეს უკანასკნელი გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა საღებავი, დამატკბობლები, წებო და ძმარი. ამავდროულად, როგორც გაირკვა, ნახშირორჟანგი კონვერტაციის პროცესს აჩქარებს, რაც „ჭიანჭველამჟავას“ გამომუშავებას აჩქარებს. თავად ამ საბოლოო პროდუქტის გამოყენება კი განახლებადი საწვავის შესანახად და ტრანსპორტირებისთვის შეიძლება — ასეთია წყალბადი, სუფთა ენერგიის წყარო.
გარდა ამისა, ჭიანჭველამჟავას საკვების კონსერვანტად ან პირუტყვის საკვებში ანტიბაქტერიულ საშუალებად იყენებენ. ამასთან, მკვლევართა ჯგუფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ანალოგიური ეფექტი სხვადასხვა ნარჩენსაც ექნება — მაგალითად, შაქრის ლერწამს.