in

„ნაგატო“ – ქალისა და მამაკაცის სამოსის ბრენდი ეთიკური ღირებულებებით

„მოდაში ორი მარადიული პრინციპია – სამოსის კომფორტი და ელეგანტურობა. სწორედ ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“

„ნაგატო“ იაპონურად „მარადიულობას“ ნიშნავს. წლიდან წლამდე იცვლება ჩაცმის სტილი, მიმდინარეობები, მაგრამ ძალიან ცოტა რამ არის ისეთი მარადიული, როგორც თავად მოდა, ორი მთავარი პრინციპით – კომფორტი და ელეგანტურობა. სწორედ ეს ფასეულობები იყო მთავარი, როდესაც სამოსის ქართული ბრენდი „ნაგატო“ იქმნებოდა.

„ელეგანტური სამოსი, ამავდროულად, შეიძლება იყოს კომფორტულიც“, ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი,“ – ამბობს „ნაგატოს“ დირექტორი ხატია აფციაური. 

ბრენდის შექმნის იდეა 2020 წლის ზაფხულში გაუჩნდათ. გადაწყვიტეს, ქართველი მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ პრემიუმ ხარისხის სამოსი, რომელიც იქნებოდა მარტივი და ელეგანტური, ხელმისაწვდომ ფასად, როგორც ქალების, ისე – მამაკაცებისთვის.

„ნაგატო“ საწყისს ჩაცმის იაპონურ სტილში პოულობს. პირველ კოლექციაზე მუშაობისას იდეები რამდენიმე მიმდინარეობის შერწყმით განვითარდა. საბოლოო სახე კი მინიმალისტურ მოტივებზე მორგებით მიიღეს – აქ ძირითადი აქცენტები ზუსტად მინიმალიზმზე, კომფორტზე და მდგრად ფასეულობებზეა დასმული.

„ანდროგენული სილუეტები, სადა ფერები, ბუნებრივი ქსოვილები და სამოსის პრაქტიკულობა – მისი ძირითადი მახასიათებლებია“.

დღეს, „ნაგატო“ ჭეშმარიტად თანამედროვე და მოდის სამყაროში გათვითცნობიერებული ბრენდია – მოდის მოყვარულები დიდ ყურადღებას სამოსის აქცევენ ხარისხსა და ვიზუალს, თუმცა იმაზეც ფიქრობენ, რამდენად მდგრადია მათ მიერ არჩეული ბრენდი.

„გარემოს დაცვის გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ ზნეობრივ მოვალეობად ვთვლით, რომ „ნაგატო“ ვითარდებოდეს როგორც ეთიკური ღირებულებებით შთაგონებული ხაზი. ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ საქართველოს, რომ შეგიძლია იყო მოდური, მაგრამ არ ავნო გარემოს და ცხოველს. ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯით ვაწარმოოთ პროდუქცია, გამოვიყენოთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტყავის შემცვლელი და ბეწვი“. 

ორი სიტყვით რომ განვსაზღვროთ, „ნაგატოს“ სტილი არის Street Formal.

ხატია აფციაური: გვაქვს ქალისა და მამაკაცის სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენს კოლექციაში სადა ფერები და დახვეწილი სილუეტებია. ეს იძლევა საშუალებას, ნებისმიერი სიტუაიციის შესაბამისად ჩაიცვათ.

ვისთვის არის ეს ბენდი?  

ჩვენს კოლექციებში ნებისმიერი ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ სამოსს. თითოეული ნივთი საშუალებას იძლევა, შექმნას რამდენიმენაირი ვიზუალი. ის ვინც „ნაგატოს“ ირჩევს არის თანამედროვე, მინიმალიზმის მოყვარული და პრაქტიკული ადამიანი. ცხოვრების სწრაფ ტემპს მარტივად უბამს ფეხს და მიზანდასახულია. სტილში უპირატესობას სიმარტივეს და ელეგანტურობას ანიჭებს. „ნაგატოს“ ჩაცმისას, ადამიანს თავისუფლად შეუძლია, ოფისის გარემოდან პირდაპირ წვეულებაზე წავიდეს, მისი ჩაცმულობა არც ერთ მოცემულობაში აქტუალურობას არ დაკარგავს.

იაპონურ ფასეულობებს რომ გავყვეთ, ჩვენი იდეალური მომხმარებელი სილამაზეს დიზაინის სიმარტივეში პოულობს, “Less is More“ პრინციპი მისი მთავარი მამოძრავებელია.

სად და როგორ შეიძლება „ნაგატოს“ პროდუქციის შეძენა? 

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, ასევე – Instagram-ისა და Facebook-ის გვერდების საშუალებით. სამოსს, მომხმარებელი, კურიერის მომსახურებით მიიღებს. გარდა ამისა, „ნაგატო“ წარმოდგენილია ორ ქართულ მაღაზიაში – Geo Fashion Lab და Co Mode, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.

ვინ ქმნის სამოსს თქვენი ბრენდისთვის?

„ნაგატოსთვის“ დიზაინს ორი ახალგაზრდა დიზაინერი, ბაია აზნიაშვილი და თათა ასლანიშვილი ქმნიან, წარმოება კი ჩვენს ატელიეში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ატელიეს მართვა უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მზად ვიყავით, მეტი დატვირთვისათვის ხარისხის უზრუნველსაყოფად. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის პერიოდში დავიწყეთ საქმიანობა, გვსურდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაგვესაქმებინა და ამით წვლილი შეგვეტანა რთული ეკონომიკური პროცესების განმუხტვაში.

თქვენი ბრენდის უპირატესობა რა არის?

მოდელები ლიმიტირებული რაოდენობით, ჩვენს ატელიეში იკერება, თითოეული ნივთი ინდივიდუალურად მუშავდება პროფესიონალების მიერ. შესაბამისად, ხარისხი ჩვენი მთავარი უპირატესობაა. კოლექციის თითოეულ ერთეულთან გვაქვს ძალიან სათუთი დამოკიდებულება. სანამ თარგს გავაკეთებთ, ათას ვარიანტს განვიხილავთ იმისი, თუ როგორ შევქმნათ წარმოსახვითი მოდელის საუკეთესო ვერსია. სწორედ ასეთი დეტალების მიმართ ყურადღება არის ის, რაც ქმნის იმ ელეგანტურობას და კომფორტს, რომლებიც ჰაერივით სჭირდება თანამედროვე ადამიანს.

როგორც აღნიშნეთ, „ნაგატო“ პანდემიის პერიოდში შეიქმნა. 2020 წელს ახალი ბრენდის ბაზარზე გამოშვება არ იქნებოდა მარტივი . . .

პირველი და ყველაზე დიდი სირთულე იყო არაპროგნოზირებადი შეზღუდვები პანდემიის პირობებში, რომელიც ხელს გვიშლიდა წარმოების და რეალიზაციის დაგეგმვაში. გადაადგილების შეზღუდვა აფერხებდა მუშაობის პროცესსაც. მოგეხსენებათ, ამ სფეროში აუცილებელია, მუდმივად ადგილზე, ატელიეში ყოფნა და თითოეულ დეტალზე გუნდთან ერთად მუშაობა. მაღაზიის გახსნის თარიღმაც რამდენჯერმე გადაიწია, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახა გაყიდვების მაჩვენებელზე. თუმცა, მაინც მოვახერხეთ, სიტუაციას მოვრგებოდით – დავაჩქარეთ ვებგვერდის „გაშვება“ და მთლიანად „ონლაინ“ გაყიდვებზე ავიღეთ ორიენტირი. პროდუქციის განთავსების პირველივე კვირებში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისა და ბაიერებისგან. რაც, თავისთავად, უმნიშვნელოვანესია დამწყები ბრენდისთვის, აასმაგებს მოტივაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ახლა ზაფხულის კოლექციაზე ვმუშაობთ და გამოხმაურების შესაბამისად განვავითარებთ შემდეგ კოლექციებსაც. დავაკვირდებით, რაზეა მოთხოვნა და მაქსიმალურად მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს. გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ მოდის კვირეულებში, საერთაშორისო შოურუმებში და ქართული, ხარისხიანი პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე. მივიჩნევთ, რომ ხარისხი, ფასი და მოდელების უნიკალურობა საკმაოდ კონკურენტუნარიანია და აქვს პოტენციალი დაიმკვიდროს ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო ბაზარზე.

 

[R]

ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაზარდოს ადამიანის ცნობიერება, ნაცვლად მისი ჩანაცვლებისა

ქართულ ბაზარზე „ძალიან ცუდი კომპანია“ გამოჩნდა!