„თავისი სიმღერებით Nainnoh ქმნის პორტრეტებს, სადაც ფსიქოდელია და ეთერულობა ერთმანეთს ხვდება. ეს არის ფსიქოფოლკისა და არტროკის შერწყმა”, – ჟურნალი Glide
„თავბრუდამხვევი ხმა, ტრადიციული ქართული მუსიკისა და ამერიკული სტილის შერწყმის საკმაოდ დამაჯერებელი შედეგი”, – Atwood Magazine
ეს მხოლოდ მცირე ამონარიდებია იმ შეფასებებიდან, რასაც ამ არტისტის შესახებ უცხოურ მედიაში წაიკითხავთ და მათი ადრესატი გახლავთ Nainnoh, ქართველი, აშშ-ში მოღვაწე მუსიკოსი.

Nainnoh-ს მუსიკასთან პირველად შეხება 7 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც მუსიკალურ სკოლაში მივიდა და წარმატებით აიღო ყველა ნოტი, რომლებიც მასწავლებელმა დაუკრა. გამომცდელი იმდენად აღფრთოვანდა გოგონათი, რომ სხვა პედაგოგებიც მოიხმო, რათა მისი ნიჭი შეეფასებინათ – აქედან უკვე იწერება მომავალი მუსიკოსის ისტორია.
11 წლის იყო, როცა ბებიამ ფორტეპიანო აჩუქა და პირველი სიმღერის შთაგონებაც ეწვია. ბავშვობიდან ახსენდება Vinyl-ის მოსმენის წვეულებებიც, რომლებსაც დედა და Nainnoh-ის ბიძაშვილი ატარებდნენ. ოჯახში თითქმის ყველა ხელოვანი იყო: დედა გიტარაზე უკრავდა, ბებია ჩონგურზე, მამა ლექსებს წერდა, ამიტომ რა გასაკვირია, პატარა გოგონას ფორმირებამაც ხელოვნების მიმართულებით რომ აიღო გეზი.
„პირველი სიმღერა 9 აპრილის თემატიკას მივუძღვენი 11 წლის ასაკში. მახსოვს, დედამ მიამბო და ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ მომინდა, სიმღერით გადმომეცა. ჩემი სუპერძალა დროში მოგზაურობა და ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის წარმოსახვა მგონია და მას მუსიკის წერით გამოვხატავ. ამ სიმღერის წერის დროსაც თითქოს ვგრძნობდი, რას გრძნობდნენ 9 აპრილის მოვლენებში მონაწილე ადამიანები”.
მკითხველს ალბათ განსაკუთრებით აინტერესებს, რა ნაბიჯები გადადგა Nainnoh-მ აშშ-ში და როგორ დაამყარა მუსიკალური კავშირები. აშშ-ში თინეიჯერულ ასაკში წავიდა, რასაც საინტერესო ისტორია უძღვის წინ: საქართველოში მომავალი არტისტი მუსიკალურ განვითარებას ვერ ხედავდა და ოცნებობდა ამერიკაში წასვლაზე. მამამ, რომელმაც შვილის მიერ სკოლაში დაწერილი თემა წაიკითხა თავისუფლების ქანდაკებასა და მის ოცნებებზე, ყველაფერი გააკეთა, რომ Nainnoh დღეს აშშ-ში ყოფილიყო.

დავიწყებ ეტაპობრივად, იმ მომენტის გახსენებით, როცა პირველად ჩემს ოთახში მუსიკალური კუთხე მოვაწყე და კლავიში კომპიუტერსა და მიკროფონს დავუკავშირე. ასე ჩავწერე პირველი ინგლისურენოვანი სიმღერა.
შემდეგი ნაბიჯი იყო მუსიკალური კავშირების დამყარება – ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მე კეთილ მედიუმებს ვეძახი, რადგან დიდი როლი ითამაშეს ჩემ შიგნით არსებული მუსიკის გაცოცხლებასა და გარეთ გამოშვებაში.
პირველი სიმღერა Ishlab ჩავწერე სტუდიაში Daniel Lynas-თან, რომელიც იმ დროს მუშაობდა Kanye West-თან, Heems-თან, AS$P Rocky-სთან და სხვებთან. შემდგომ გავიცანი ჩემი პროდიუსერი John Sully, რომელიც მუშაობდა ამერიკული თეატრის და ფილმის ისეთ გიგანტებთან როგორებიც არიან Ellen Stewart, Moises Kaufman, Jerry Zacks, Steve Martin, and Fitz Patton.
მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ სანამ Sully-ს შევხვდებოდი, არაერთ პროდიუსერს შევხვდი, თუმცა ჩემს Folk-Rock-Psych-Dream Pop fusion-ს ვერავინ წვდებოდა. ამ დროს კი Sully თურმე ეძებდა, როგორც თვითონ ამბობს, „სიმღერების წერის ალქიმიკოსს ხავერდოვანი ხმით”. როცა ერთმანეთი გავიცანით, მივხვდით, რომ მუსიკალური ქიმია გვაკავშირებს და ასე დავიწყეთ პირველ ალბომზე მუშაობაც, სახელწოდებით „NAINNOH“ რომელიც 2021 წლის აპრილში გამოვიდა.
ალბომის აპრილში გამოშვება სიმბოლური იყო, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სიმღერა 9 აპრილზე დავწერე, ამერიკაშიც 9 აპრილს ჩამოვედი პირველად, ჩემი მუსიკალური ფსევდონიმიც 9 ციფრთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ახლად შეხვედრილ ადამიანებს ხუმრობით ვეცნობი, როგორც ნომერი 90 – ინგლისურად „Nine Oh“ (ნაინო).

M: საწყის ეტაპზე რა სირთულეებს გაიხსენებდით და როგორ იპოვეთ მათი გადალახვის თქვენეული გზა?
მუშაობის პროცესში წარსულში ყველაზე დიდი სირთულე, ამავდროულად, უდიდესი გამოცდილება და გაკვეთილი ჩემთვის იყო არასწორ ადამიანებთან მუშაობა.
მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო შენი გუნდი და სანდო, საღად და პროგრესულად მოაზროვნე, პოზიტიური ადამიანები შეკრიბო შენ გარშემო.
M: იქონია თუ არა გავლენა თქვენზე, როგორც მუსიკოსზე, ქართულმა კულტურამ?
დიდი გავლენა იქონია ჩემზე ქართულმა პოლიფონიამ და არაერთმა მუსიკოსმა, რომლებსაც ბავშვობაში ვუსმენდი. ასევე, თითოეულმა ადამიანმა, რომელთანაც შეხება მქონდა, იმ გარემომ და კულტურამ, სადაც გავიზარდე…და, პირველ რიგში, ბუნებამ, მასთან სიახლოვემ და ბუნების მუსიკის შეგრძნებამ. თუშეთში ღამე თუ დარჩენილხართ თქვენ თავთან მარტო და გიგრძნიათ ცის, ვარსკვლავების, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების სინქრონული ერთიანობა, თუ მოგისმენიათ სიჩუმისთვის – მაშინ მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბავშვობაში იქ გატარებული ზაფხულის არდადაგები და რამ შეუწყო ხელი ყველაზე მეტად ჩემში მუსიკის, ასე ვთქვათ, ანთებას.
აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის ზაფხულში, საქართველოში ვიზიტის დროსაც, თუშეთმა მაჩუქა არაორდინალური სიხშირისა და ვიბრაციის სიმღერა, რომლის მოსმენაც ჩემს მეორე ალბომში შეგეძლებათ.
M: რომელ მუსიკოსს გამოარჩევდით, ვინც განსაკუთრებით მოგწონთ და თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის?
ზოგადად, მუსიკოსებიდან ჩემი პოეტური თუ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშეს Joni Mitchell-მა, Nina Simone-მ, Leonard Cohen-მა, David Bowie-მ…მათ მომცეს მიმართულება, ვყოფილიყავი თავისუფალი.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობაში არ მიყვარდა სხვისი სიმღერების შესრულება. მოსმენა კი, მაგრამ თავად შესრულებას არ ჰქონდა ის ემოციური დატვირთვა ჩემთვის, როგორც საკუთარ სიმღერებს და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც სიმღერების წერა დავიწყე. ჩემი მუსიკა ფიზიკურ გარემოზე, ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე, ჩემ გარშემო არსებულ ფსიქოლოგიურ ფონზე, ფანტაზიის სივრცესა და წარმოსახვაზე იყო მორგებული.
M: როგორია თქვენი მუსიკალური შემოქმედების პროცესი, რა გეხმარებათ ამ დროს, სად პოულობთ ინსპირაციას და რამდენი დრო სჭირდება ერთ კომპოზიციაზე მუშაობას?
ამ პროცესში ჩემთვის დრო არ არსებობს და ჩემს შემოქმედებით-ექსპერიმენტულ მუსიკალურ კვლევით სივრცეში მას არ ვაქცევ ყურადღებას, რადგან ვფიქრობ, რომ სიმღერების წერა მუდმივი ნაკადია, ჩემში განუწყვეტლივ მიედინება და მე მას მათემატიკურად, უსასრულობის ფორმულას ვეძახი. როგორც კი მუსიკას ჩარჩოებსა და დროში ჩავსვამთ, ის ორგანულობასა და სასარგებლო თვისებებს კარგავს.
რაც შეეხება ინსპირაციას, ყველაფრიდან ვიღებ: ადამიანებისგან, ჩვენი სამყაროს ყოველდღიური ჟღერადობისგან, მოყოლილი ისტორიიდან, ზეციური გრძნობისგან, რასაც სიყვარული ჰქვია, ან საკუთარი ემოციური არეულობის დროს გამოყოფილი ჰორმონებისგან.
M: როგორ შეადარებდით მუსიკოსობას ამერიკაში საქართველოსთან? რა შესაძლებლობებია, განვითარების რა პერსპექტივები; ასევე, რა სირთულეებია, რომლის დაძლევაც უწევს არტისტს?
ამერიკაში შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივა ყოველთვის არის. ყველა მუსიკოსს შეუძლია, საკუთარი ფინანსებით ჩაწეროს ალბომი ან სხვადასხვა ღონისძიებებზე გამოვიდეს, თუმცა ემიგრანტისთვის მაინც რთულია წარმატების მიღწევა ისეთ ქვეყანაში, რომელიც მუსიკალურად ძალიან მდიდარია და საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაური ლეიბლისთვის მომგებიანი მუსიკოსი იყო და უნდა გყავდეს საკუთარი თაყვანისმცემლებიც, რათა ამა თუ იმ სტუდიამ იმუშაოს შენთან.
გარდა ამისა, ყურადღება ექცევა რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნები, რამდენად ერკვევი ციფრულ ტექნოლოგიებში, რადგან დღეს მუსიკოსს მხოლოდ ტალანტი არ მოეთხოვება, უნდა იცოდე, როგორ მართო სოციალური მედია და მუსიკის ბიზნესი.

M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
დავასრულე მუშაობა მეორე სტუდიურ ალბომზე და მალე რამდენიმე სინგლსაც გამოვუშვებ. ამავდროულად, უკვე მესამე ალბომზე დავიწყე მუშაობა და ძალიან ბევრ სხვა პროექტზეც ვმუშაობ, მათ შორის ფილმის მუსიკაზეც, რომლის დეტალებსაც წინასწარ ვერ გავამხელ. მაქვს მოლოდინი და გეგმაც, რომ 2025-2027 წლები ჩემთვის დადებითი და რევოლუციური იყოს.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
მკითხველს დავუტოვებ სიმღერას, რომელიც დავწერე თბილისი-ნიუ-ორკის ფრენის დროს საქართველოზე, საქართველოში მცხოვრებ ძმისშვილებზე და, მათი სახით, ქართველ ბავშვებზე, რათა გამომეხატა ჩემი აღფრთოვანება ახალი თაობის მიმართ, რომელიც არის თავისუფალი, პატრიოტი და მენტალურად ამაღლებული.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი