ბავშვობიდან ყველაზე ხშირად რა გახსენდებათ ხოლმე? თამაშები, ძველი მეგობრები, ბებია-ბაბუები თუ მათთან დაკავშირებული მოგონებები? ეთო გზირიშვილისთვის ეს ნახევრად დამწვარი ტოტებით თამაშია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ციცინათელებით“… ბავშვობას სიზმრებსაც უკავშირებს, მასში ნანახ არაცნობიერ სიმბოლიკას კი ქართულ მითოლოგიას. ამგვარად, „ნაივური სიზმრების“ გამოფენას ღრმა ბავშვობის მოგონებებად აღწერს, რომლებმაც ფორმა კერამიკის, ლინოგრავიურისა და ციფრული ხელოვნების დახმარებით მიიღო. აქ ნამუშევრებს ძველი მზის საგალობლისა და ქართული ზღაპრების სახელითაც ნახავთ.
თუმცა აქამდე ავტოფარეხში გახსნილი პატარა სახელოსნო იყო, ექსპერიმენტები, რომლებიც მალევე იქცა პატარა გამოფენად. ზუსტად ამ ამბის გასაგებად, მარკეტერი მხატვარ ეთო გზირიშვილს გაესაუბრა:
M: ეთო, მოგვიყევით თქვენ შესახებ… როდის გაგიჩნდათ ინტერესი ამ სფეროს მიმართ?
ვიზუალური ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან მაქვს, სამხატვრო აკადემია დავამთავრე ტექსტილის დიზაინის მიმართულებით და შემდეგ მაგისტრატურა რეკლამის გრაფიკის განხრით. ჩემი დიდი 13-წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკულ დიზაინსა და ილუსტრაციას უკავშირდება, რასაც დღემდე სიყვარულით ვაკეთებ. კერამიკაც ბავშვობიდან მიყვარდა, დაახლოებით 1 წლის წინ შევისწავლე ტექნიკურად და პროცესმა ძალიან მიმიზიდა, პატარა სახელოსნო გავაკეთე ავტოფარეხში, სადაც კერამიკაზე და ლინოგრავიურაზე ექსპერიმენტები დავიწყე.
Video Editing: Sandro Nakashidze; Music by Ludwig Göransson.
M: როდის დაიბადა გამოფენის შექმნის იდეა? როგორც ვიცით, ერთ-ერთი ნამუშევარი ბებიას მიუძღვენით…
გამოფენიდან ერთ-ერთი კერამიკული კონცეპტუალური ნამუშევარი და ვიდეოინსტალაცია „ციცინათელები“ ბებიას მივუძღვენი, მასთან დაკავშირებულ მოგონებებს ეხება — ბავშვობაში ჭიაკოკონა… ნახევრად დამწვარი ტოტებით თამაში… ვფიქრობ, რიტუალურიც იყო და ამიტომაც მიიქცია ჩემი ყურადღება.
M: გამოფენის კონცეფციაზე რომ გვესაუბროთ…
წლების წინ, როცა ფსიქოანალიზის კურსს გავდიოდი, აღმოვაჩინე, რომ სიზმრებს ვხედავ და ამ სიზმრებში არაცნობიერმა სიმბოლიკამ ძალიან ჩამითრია. პროცესში ამ სიმბოლოებს ვინიშნავდი და მაოცებდა მოულოდნელი ნიშნები, რომლებსაც ფსიქოანალიტიკოსი ძირითადად ბერძნულ მითებს უკავშირებდა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართული მითები, რომლებიც ძალიან სპონტანური და უხეშია, ბერძნულთან შედარებით. ვეცადე, კავშირები დამენახა სიზმრად ნანახ სიმბოლოებთან. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყველა სიზმარი ბავშვობას უკავშირდება და არაცნობიერ მოგონებებს მახსენებს. ეს გამოფენაც ჩემი არაცნობიერი მოგონებებია ღრმა ბავშვობიდან… წარმოდგენილი იყო კერამიკის, ლინოგრავიურისა და Digital arts-ის ნამუშევრები, რომელთა ნახვასაც, მუშაობის პროცესთან ერთად, Behance-ზე შეძლებთ. აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროექტის შესრულებაში დამეხმარნენ: ლევან გელიაშვილი-ერედელი, ლუიზა ჩალათაშვილი, სალომე ხოტივარი და სანდრო ნაკაშიძე.
M: რატომ სახელი „ნაივური სიზმრები“?
სიზმრებში ფორმები ბლაგვი და მოუქნელია. არ აქვს მკაცრი კონტურები და მაგონებს ბავშვურ ნახატებს. როდესაც ვცდილობ მარტივ ხაზს და ფორმას მივაგნო, ისეთს, როგორსაც ბავშვი დახატავდა, ვხვდები, რომ ეს არც ისე ადვილია. ჩემს ხელებს დასწავლილი აქვთ ხატვის ტექნიკები. ვეცადე, მიმეღწია ნაივურობისთვის, რომელიც ჩემს არაცნობიერშია და, ვფიქრობ, ქართული გენის არაცნობიერშიც. მსგავსი სიმარტივე ხშირად შემხვედრია ძველ ქვებზე პიქტოგრამების სახით, რელიეფებში, ქართულ მითებში, წიგნებში და ზეპირსიტყვიერ ნიმუშებში, მუზეუმებში ხეტიალისას... როცა ჩემს სიზმრებზე ვფიქრობ, მგონია, რომ რაღაც ერთი მთლიანის ნაწილი ვარ — აი, ამიტომ დავარქვი ნაივური სიზმრები.
M: რომელია ამ გამოფენაზე თქვენთვის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი და რატომ?
„სინათლის დედავ, ნუ ჩახვალ დარჩი!“ ეს არის კერამიკული ნამუშევარი, რომელიც ეძღვნება მზის კულტს, სათაური ძველი მზის საგალობლიდან ავიღე, ამ ნამუშევრის ინსპირაციით შეიქმნა ასევე ციფრული ნამუშევარი, რომელიც თეატრის სივრცეში ლაითბოქსებში იყო ინტეგრირებული და შთამბეჭდავი გახლდათ ამ ფორმითაც.
M: ნამუშევრებს შორის ვხვდებით „ცხრათვალა მზეს“, რომ გვესაუბროთ, როგორ შექმენით კონკრეტული ნამუშევარი და რა იდეას ემსახურება იგი.
მზე ერთ-ერთი ძლიერი სიმბოლოა ადამიანებისთვის და ჩემთვისაც, როგორც სიზმრებში, ისე რეალურ ცხოვრებაში, ცოტა საშიში, აუცილებელი, საყვარელი და ხან ძალიან მწველი, მაგრამ, ცალსახად, დიდი ენერგიის მომცემი. ქართული ზღაპრები და მასთან დაკავშირებული ფრაზები, სიტყვები ბავშვობიდან მაოცებდა, მზეს რომ ცხრა თვალი აქვს, ჩემთვის ეს სიმბოლური და საინტერესოა, ამიტომაც შევქმენი ლინოგრავიურა ამ სახელით:
M: რა გეგმები გაქვთ მომავალში? უნდა ველოდოთ თუ არა ახალ გამოფენას ან ნამუშევრებს?
მომავალში მინდა ბუტიკური კერამიკისა და ლინოგრავიურის სახელოსნო-მაღაზიის შექმნა, სადაც გაიყიდება საინტერესო ნივთები, რომლებიც დაკავშირებული იქნება გამოყენებით ხელოვნებასა და ილუსტრაციასთან.
M: დაბოლოს, რას ურჩევდით ხელოვანებს?
პირადი გამოცდილებით ვეტყოდი, რომ საკუთარი გულწრფელი გრძნობისა და ემოციის გამოხატვა ხელოვნებაში არის ყველაზე ჭეშმარიტი, რაც შეიძლება შექმნას ხელოვანმა, დღევანდელ ხელოვნური ინტელექტით გაჯერებულ სამყაროში. მხოლოდ საკუთარ თავში ჩაძიება და იქ მარგალიტების ძებნა არის ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავრჩეთ შემოქმედებად და არ ჩაგვყლაპოს ტექნოლოგიურმა ქაოსმა. დააკვირდით თქვენს სიზმრებსა და წარმოსახვას…
Video Editing: Sandro Nakashidze; Music by Ludwig Göransson.