in

ნაკანიმამასახლისი ფოტოგრაფიის მოკლე კურსს იწყებს! ინტერვიუ მარი ნაკანთან

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი – მარი ნაკანი, მეუღლე – გიორგი მამასახლისთან ერთად, ფოტოგრაფიის სამთვიან კურსს იწყებს. მასში მონაწილეობა 14 წლიდან, ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს შეუძლია. კურსის ავტორების თქმით, მათი მიზანია გადასცენ ფოტოგრაფიის მიმართულებით, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გაუზიარონ გამოცდილება ამ სფეროში, წარმატების მიღწევის მსურველ ადამიანებს. კურსში მონაწილეობა 1050 ლარი ღირს, რეგისტრაცია 18 მარტს დასრულდება და შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი, მეცადინეობები კი კვირაში ორჯერ – შაბათ-კვირას გაიმართება. გთავაზობთ ნაკანიმამასახლისის ფოტოგრაფიის კურსის ფარგლებში შექმნილ  ვიდეორგოლს, რომელზეც ლევან ზაზარაშვილმა იმუშავა, ასევე, ინტერვიუს მარი ნაკანთან: 

M: რა მოტივით გადაწყვიტეთ ფოტოგრაფიის კურსის დაწყება?
5 წლის წინ, ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ მიმიწვია ფოტოგრაფიის მასწავლებლად და დღემდე იქ ვასწავლი. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როცა „ჯიპაში“ დავიწყე მუშაობა, „ჯიპამ“ წლის საუკეთესო ლექტორად მაღიარა. სწორედ, ამ ჯილდომ მომცა მოტივაცია, რომ გამეგრძელებინა ჩემი სალექტორო კარიერა და საკუთარი ფოტოსკოლა გამეხსნა. ჩემს ოჯახში არიან ლექტორები, ბაბუაჩემი სამხატვრო აკადემიის ლექტორი იყო, იგი სიცოცხლის ბოლომდე გასცემდა თავის უდიდეს გამოცდილებას. დედაჩემი – თეატრალურში, კინოსარეჟისორო ფაკულტეტს კურირებდა, მუდმივად ვესწრებოდი მის ლექციებს და ალბათ, მისგან ავითვისე კარგი გადმოცემის უნარი. მე მიყვარს ტრადიციები, ჩემი სტუდენტები ერთ დიდ გუნდად შევკარი, ტრადიციად ვაქციე საერთო გამოფენების მოწყობა, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ ხოლმე. რაც დრო გადის, ჩვენი გუნდი უფრო იზრდება.

M: როგორც ვიცით, სტუდიას მეუღლესთან, ასევე ფოტოგრაფ, გიორგი მამასახლისთან ერთად ხსნით..
ჩვენ ერთად დავაარსეთ ნაკანიმამასახლისის ფოტო სტუდია. ყველამ არ იცის რომ გიორგის მამა, სანდრო მამასახლისი არის ადამიანი, ვინც პირველად დააარსა საქართველოში ფოტოგრაფიის ფაკულტეტი და ის იყო უნიკალური ფოტოჟურნალისტი. ბატონმა სანდრომ ჩაატარა პირველი საერთო ფოტოგამოფენა ცისფერ გალერეაში. მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ევროპელ ფოტოგრაფებთან. მან გაიტანა საქართველოს სახელი საზღვარგარეთ, იგი მეგობრობდა თვით კარტიე ბრესონთან. ბატონი სანდრო ძალიან უყვართ მის სტუდენტებს, მან გაზარდა არაერთი მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი საქართველოში, ისეთი როგორიცაა: დათო მესხი, დარო სულაკაური. მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ბატონი სანდროს მოწაფე. მასთან ყოველი საუბარი მზრდიდა და მხვეწდა. ბატონმა სანდრომ უნიკალური არქივი დაუტოვა საქართველოს – გასაოცარი პორტრეტები: კონსტანტინე გამსახურდია, ოთარ ჭილაძე, ანდრეი ტარკოვსკი. ჩემი მიზანია, გავაკეთო სანდრო მამასახლისი გამოფენა და გავუზიარო მთელ თბილისს ის, რაც ინახება ამ საოცარ ფირებში.. ოჯახში ნამდვილად გამიმართლა, რომ არა გიორგი არ იქნებოდა ნაკანიმამასახლისი. გიორგის ხელწერას უკვე ცნობენ ქალაქში,გამომდინარე იქიდან რომ მასავით არავინ იღებს არქიტექტურას. მისი ნამუშევრები საზღვარგარეთ არაერთ პრესტიჟულ საიტზეა გამოფენილი. ვფიქრობ, რომ იგი დიდხანს აღარ გაჩერდება საქართველოში, რადგანაც უკვე აქვს მოწვევები, თუმცა, ის მე მეხმარება და ცდილობს, რომ ყველანაირად ამომიდგეს გვერდში. გიორგი ჩემსავით ასწავლიდა „ჯიპაში“ და ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ საკუთარი სკოლის გახსნა.

Photo: NakaniMamasakhlisi

M: როგორია კურსის მოსალოდნელი მნიშვნელობა ქართულ ფოტოგრაფიაში?
საქართველო პატარა მაგრამ უსაზღვროდ ნიჭიერი ერია. ვერ იპოვი სფეროს, სადაც არ გვყავს ერთი გენიოსი. მუსიკა გინდა, მხატვრობა, კინო თუ ჭადრაკი. რომელი დარგი გავიხსენო? სპორტშიც, მეცნიერებაშიც, პოლიტიკაშიც. ბუმბერაზი გვარების ჩამოთვლა შემიძლია. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ამ სფეროს ალღო ავუღეთ. ახლა, მთავარია, ხარისხი გავაძლიეროთ. როგორც აღმოჩნდა, ქართველები ძალიან მოსწონს მსოფლიოს, დიდი ყურადღება მოგვაქციეს, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომაც, ახლა ძალიან უნდა გავაძლიეროთ ცოდნა და პრაქტიკა. სწორედ ამაშია ნაკანიმამასახლისის საზრისი. ჩვენ გავზრდით პროფესიონალ თაობას და ამომწურავად გადავცემთ მთელს ჩვენს ცოდნას ახალგაზრდებს. და არა მარტო ახალგაზრდებს. ფოტოგრაფია სწორედ ის სფეროა, რომელიც არ გზღუდავს ასაკში.

Photo: NakaniMamasakhlisi

M: რა უპირატესობა აქვს ნაკანიმამასახლისის კურსს სხვა ფოტოგრაფიულ კურსებთან მიმართებაში?
ნაკანიმამასახლისის უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გუნდი ვართ. აქ არ ხდება მხოლოდ მარი ნაკანის ცოდნის გადაცემა. აქ, განათებას გასწავლის გიორგი მამასახლისი, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ გაგიმართლა. აქ, აიფონ ფოტოგრაფიას გასწავლის ლუი ჩალათაშვილი, რაზეც კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ჩვენთან „სთორითელინგსა და სარედაქციო სამზარეულოს“ გასწავლით ლევან ბუთხუზი, ხვდებით, ალბათ, რა ლექციები ელოდებათ ბედნიერ სტუდენტებს. უდიდეს გამოცდილებას გაგვიზიარებს სარეკლამო სფეროში სანდრო კაკულია. გამოფენის ორგანიზებას გვასწავლის ფოტოფესტივალი „ქოლგის” მამა, კაცი ლეგენდა – ბესო ხაინდრავა. კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას წაიკითხავს ვატო წერეთელი. გვეყოლება ბევრი მოწვეული ლექტორი, მათ შორის, გურამ წიბახშვილი. რაც მთავარია, ჩვენ ვასწავლით გუნდურ მუშაობას და დავასწრებთ ცოცხალ პროცესს, სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას უშუალოდ გადაღებებში და თუ თავს გამოიჩენენ, ჩვენ მათ გავუშვებთ სტაჟირებაზე სხავდასხვა სარეკლამო სააგენტოსა და რედაქციაში.

Photo: NakaniMamasakhlisi

M: რა არის თქვენი პრიორიტეტული მიმართულება ფოტოგრაფიაში, რომლის მიხედვითაც აპირებთ სწავლებას?
პრიორიტეტები არ არსებობს. ჩვენ ვასწავლთ ყველა ჟანრს: მოდა, არქიტექტურა, პეიზაჟი, პორტრეტი, რეპორტაჟი, სტუდიური, კომერცია და სხვა.

M: ვისთვის არის კურსი და რა ცოდნას მისცემს ის მონაწილეებს? 
კურსი დავყავით ორ ასაკობრივ ჯგუფად ეს იქნება – 14 დან 17 წლამდე და 18+, ანუ, ყველა ასაკის მსურველი იქნება დაკმაყოფილებული და რაც მთავარია, ეს არის საბაზისო კურსი. ნულიდან შევასწავლით ფოტოგრაფიას და რაც შეიძლება სწრაფად. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად დაგეგმილი და ბევრის მომცემი კურსია, იმისათვის რომ დაიწყო გადაღება და გაერკვე ამ დარგში.

M: აპირებთ თუ არა მსგავსი, მოკლე კურსების გაგრძელებას ან, რა მიმართულების პოვნას გეგმავთ ფოტოგრაფიის სფეროში დაგროვილი ცოდნის გასაზიარებლად?
სამომავლოდ, ვაპირებთ მეორე საფეხურის გაკეთებას, რომ სტუდენტები ბაზისური ცოდნიდან, გადავიდნენ პროფესიონალურ საფეხურზე.

Plux – უსადენო დამტენი Apple-ის გაჯეტებისთვის

სტარბოტი მომხმარებლებს ვებგვერდის საშუალებით უპასუხებს