ავტომოყვარულებს ძალიან გვიყვარს ეს ინდუსტრია და ჩვენი საყვარელი ბრენდების შესახებ სიამოვნებით ვკითხულობთ ისტორიებს, ახალ ამბებს და სხვა. თუმცა გარდა ყველასათვის კარგად ნაცნობი საავტომობილო მარკებისა, მსოფლიო ბაზარზე ბევრი საინტერესო მანქანა არსებობს, რომელიც თავისი დიზაინითა და მართვის ეფექტურობით არავის ჩამოუვარდება, თუმცა ისინი არ არის მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული.
მაგალითისთვის ჩინეთი ავიღოთ. ის მსოფლიოს უმსხვილესი საავტომობილო ბაზარია, რომელიც დაახლოებით 20 მილიონ ერთეულს ყიდის წელიწადში. აქ დომინირებს ცნობილი სახელები: Volkswagen, Audi და Buick, თუმცა, ამასთან ერთად თავის დასამკვიდრებლად იბრძვის 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია, რომელსაც საშინაო ბაზრის წილის მიღება სურს. ასეთი კომპანიებია: Geely, Chery და Great Wall, რომლებიც აქა-იქ, სხვა ქვეყნებში იციან, თუმცა ზოგადი გარე სამყაროსთვის არაა ცნობილი.
თუ ხშირად ხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში ან მოგზაურობა და მანქანებზე დაკვირვება გიყვართ, შეიძლება შემჩნეული გქონდეთ ის ავტომობილები, რომელთაც ახლა სტატიაში წარმოგიდგენთ. თუმცა ამათგან არცერთი ქართული ბაზრისთვის პოპულარული არ არის.
Denza
Denza არის ჩინეთში წარმოებული ელექტრომანქანა. იგი დაფუძნებულია პირველი თაობის მერსედეს ბენცის B-კლასზე. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჰეტჩბეკს ჰგავს, ის ოთხკარიანი სედანის კატეგორიაში გადის. მანქანა 86 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავაზე მუშაობს.
Tramontana
Tramontana არის სპორტული მანქანის მოდელი, რომელიც Advanced Design Tramontana-მ გამოუშვა. კომპანია ესპანეთში მდებარეობს. მისი კონცეფციის პრეზენტაცია 2005 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა. მას შემდეგ ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ 12 მოდელი იწარმოება. მანქანას საფუძვლად ღია ტიპის სარბოლო მანქანები უდევს და ის ან ერთ ან ორადგილიანი ვერსიებით არის წარმოდგენილი.
ეს ავანგარდული სტილის მანქანა ა 710 ცხენის ძალის მქონე ორმაგი ტურბო დამუხტვით არის აღჭურვილი. ძრავა, რომელსაც ის იყენებს Mercedes-Benz-ს ეკუთვნის.
W Motors
W Motors არის პირველი კომპანია ახლო აღმოსავლეთში, რომელმაც შექმნა მაღალი ხარისხის ძვირადღირებული სპორტული მანქანები. კომპანია სპეციალიზებულია ავტომობილების ინჟინერიასა და წარმოებაში, ავტომობილების დიზაინში, კვლევასა და განვითარებაში. W Motors ამჟამად ოპერირებს დუბაის ბიზნეს ცენტრში. მისი პირველი ქარხანა 2020 წელს აშენდა.
მისი მოდელებია: Lykan HyperSport, Fenyr SuperSport და Ghiath. ის ასევე ძვირადღირებული SUV-ისა და ელექტრო სუპერმანქანის გამოშვებასაც გეგმავს.
Ultima Sports
Ultima Sports Limited დაფუძნებულია ლესტერშირში, ინგლისში. კომპანია პროფესიონალურად აერთიანებს Porsche-ს ტრანსქსელებსა და Chevrolet-ის ძრავებს, რომლებიც მიღებულია American Speed-დან, რათა აწარმოოს მართლაც უნიკალური სპორტული მანქანების დიაპაზონი.
კომპანიის პორტფოლიო რამდენიმე მოდელით გამოირჩევა: Ultima Mk, Ultima Sport, Ultima Spyder, Ultima Can-Am, Ultima GTR, Ultima Evolution და მიმდინარე Ultima RS. RS კუპეს მოდელი აღჭურვილია 1200 ცხენის ძალის მქონე სუპერდამუხტვით.
Luxgen
Luxgen Motors Limited დაარსდა 2009 წელს, როგორც ცნობილი Yulon Motors-ის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანია. ის ცნობილია სლოგანით „Think Ahead”, ხოლო მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვებიდან: „ფუფუნება” და „გენიოსი”. კომპანიის სათავო ოფისი ტაივანშია. კომპანიის პირველი მანქანა არის Luxgen7 MPV მინივენი, რომლის დებიუტი 2009 წლის აგვისტოში შედგა.
Zinoro
ჩინური ბაზრის კიდევ ერთი ელექტრომობილების ბრენდი, Zinoro არის ერთობლივი საწარმო ჩინეთის Brilliance-სა და BMW-ს შორის. დიახ, თუ ყურადღებით დააკვირდებით Zinoro 1E-ს, დაინახავთ მინიშნებებს BMW-ს დიზაინიდან. ეს იმიტომ, რომ 1E ძირითადად BMW-ს X1 კომპაქტურ SUV-ზეა დაფუძნებული. მისი 125 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა არის უკანა მხარეს, რომელიც ამოძრავებს უკანა ბორბლებს.
Hispano-Suiza
Hispano-Suiza არის საავტომობილო საინჟინრო კომპანია, რომელიც დააარსა შვეიცარიელმა ინჟინერმა მარკ ბირკიგტმა, ხოლო ესპანელმა ინვესტორებმა ის დააფინანსეს. სწორედ ამიტომ, ბრენდის სახელწოდებაში შემთხვევით არ არის ესპანურ-შვეიცარიული ნიშნები.
ეს არის საკმაოდ ძველი ბრენდი, რომელიც საავიაციო ძრავებს აწარმოებდა და ძვირფასი ავტომობილებით იყო ცნობილი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
მოდელი Hispano-Suiza, რომელიც დღესაც გამოდის, უძველესი მანქანის თანამედროვე ინტერპრეტაციაა და წელიწადში მისი მხოლოდ 18 ერთეულის შეძენაა შესაძლებელი და თითო, არც მეტი, არც ნაკლები, 1,7 მილიონი დოლარი ღირს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი