სამსახურში უამრავი შესასრულებელი საქმის გამო, რომლისთვისაც კადრები არ არის საკმარისი, მენეჯერები ხშირად ბევრ უკმაყოფილო თანამშრომელსა და მომხმარებელს იღებენ… ხოლო, როცა ისინი სამუშაო ადგილს ტოვებენ, ცდილობენ, კონკრეტული მოვალეობები სხვებზე თანაბრად გადაანაწილონ. თუმცა თუ 50 ადამიანისგან შემდგარი გუნდი 35-მდე მცირდება ან 10-კაციან გუნდს 3 ადამიანი ტოვებს, სამუშაო დატვირთვის გადანაწილება არაეფექტურ გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
აქ კი უნდა გაითვალისწინოთ, კადრების დეფიციტისთვის სხვა გამოსავალიც არსებობს, იქნება ეს ახალი ადამიანების სამსახურში აყვანა თუ „აუთსორსის“ გამოყენება. ბევრი იმასაც აღმოაჩენს, რომ უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღება არ არის საკმარისი. ამიტომ, ახლა ის სამი სტრატეგია განვიხილოთ, რომელიც მენეჯერებს არასრულად დაკომპლექტებული გუნდის მართვაში დაეხმარებათ.
გადახედეთ პროექტების კალენდარს
თქვენი კადრების პროდუქტიულობის შემცირებას ისეთ პროექტებზე მუშაობა იწვევს, რომლებიც მათ საკუთარი მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის… შედეგად კი გადავსებულ კალენდარს, ცუდ შედეგებსა და დასტრესილ გუნდებს იღებთ.
ამიტომ, აქ მნიშვნელოვანია, კონკრეტული პროექტებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და იმის გადადება, რაც შესაძლებელია. თქვენ საქმე უფრო სტრატეგიულად და ფრთხილად უნდა დაგეგმოთ, სასურველია, ლოგიკური თანმიმდევრობის მიხედვით. როგორც მენეჯერმა, თანამშრომლებისგან ყველა რესურსის ბოლომდე ამოწურვა არ უნდა სცადოთ… უბრალოდ, მათ მოვალეობის საუკეთესოდ შესრულებაში უნდა დაეხმაროთ.
პრიორიტეტი მიანიჭეთ კონკრეტულ მომხმარებლებს
ხოლო, როცა ყველა მომხმარებლის საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებთ, ეს დიდ უკმაყოფილებს იწვევს, რაც მათი დაკარგვის საფრთხის ქვეშაც გაყენებთ. აქ კი იდეალურ შემთხვევად თანამშრომელთა ნაკლებ დატვირთვასა და მომხმარებელთა შენარჩუნებას მიიჩნევენ. თუმცა თუ ასე არ მოხდება, უმჯობესია, პრიორიტეტი თქვენს ძირითად მომხმარებლებს მიანიჭოთ და მათი საქმე სრულყოფილად შეასრულოთ.
დიახ, აქ გამოსავალი ზოგჯერ ნაკლებ დამკვეთთან მუშაობაა… მომხმარებლისთვის პრიორიტეტის მინიჭება ხშირად მის გათავისუფლებასაც გულისხმობს, თუმცა უფრო მარტივ ხერხებსაც შეგიძლიათ მიმართოთ. მაგალითად, გაიაზრეთ, რა პერიოდულობით უნდა მიაწოდოთ მათ ინფორმაცია და დრო სწორად გამოიყენეთ. აქვე განსაზღვრეთ, რამდენად შეძლებთ კონკრეტული ალგორითმებისა თუ Excel-ის გამოყენებას იმისათვის, რომ მომხმარებლებს პრიორიტეტი მიანიჭოთ.
იპოვეთ სწრაფი მოგვარების გზები
მოძებნეთ ისეთი გზები, რომლითაც თანამშრომლებს მუშაობის უფრო მარტივ ხერხებს შესთავაზებთ — მაგალითად, ქაღალდის ფურცლებზე არსებული მონაცემების გაციფრულება. აქვე, გამოთვლებისთვის განკუთვნილი დროის შესამცირებლად Excel-ის რამდენიმე ფორმულის სწავლასა და კონკრეტული პროცესების განსახორციელებლად საჭირო ეტაპების მინიმუმამდე დაყვანაზე შეგვიძლია ვისაუბროთ.
ხოლო თუ ნაკლებად ხშირად შესასრულებელი სამუშაოები, ისეთი, როგორიც, შესაძლოა, ყოველდღიური ფინანსური ხარჯების შედგენა იყოს, თქვენი თანამშრომლების გადატვირთვას იწვევს, შეეცადეთ ამ პროცესში გარე კონსულტანტები და სხვა ადამიანური რესურსები დაიხმაროთ. ალბათ, ეს ცოტა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ახალი თანამშრომლების დაქირავებაზე, ტრენინგებსა და უკვე არსებული გადაღლილი კადრების პოზიციების მუდმივ ცვლილებაზე იაფი დაგიჯდებათ.
დიახ, პერსონალის დეფიციტის გამო, ბევრი თანამშრომლისთვის მოვალეობების შესრულება გაუსაძლისი გახდა. ამის თავიდან ასაცილებლად კი გამოსავალი რაც შეიძლება მალე უნდა იპოვოთ, იქნება ეს კონკრეტული პროექტებისთვის პრიორიტეტის მინიჭება თუ თანამშრომელთა რესურსების სწორად გამოყენება.
წყარო: HBR