თუ ნაკლებ ალკოჰოლს მიირთმევთ, მაშინ ქალბატონებთან წარმატებული ურთიერთობების დამყარების გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობა გაქვთ. ცოტა არ იყოს, გასაკვირია, მაგრამ ამ საინტერესო მოსაზრებას უშუალოდ ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი ავრცელებს. უცნაური გზავნილისთვის ბრენდმა, სააგენტო Publicis-ის დახმარებით, მუსიკალური სარეკლამო ვიდეორგოლიც შექმნა. ბარში შესული ლამაზი ქალბატონები ცნობილ სიმღერას I Need A Hero მღერიან, თან გარშემო კარგ, რაც მთავარია, ფხიზელ მამაკაცებს თითქმის უშედეგოდ ეძებენ, სანამ ერთ-ერთი მათგანი ზომიერებით არ მოხიბლავს. ბრენდმა რგოლის გამოსვლის შემდეგ პრესრელიზიც გამოაქვეყნა, რომელშიც ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. კვლევითმა ორგანიზაცია Canvas8-მა ვიდეოსთვის, 5 სხვადასხვა ქვეყნიდან, 21-დან 35 წლამდე 5000 ლუდის მოყვარული მამაკაცი გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობა აღიარებს, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლს არაერთხელ მოუტანია მათთვის ურთიერთობებში პრობლემები. ასე რომ, თუ Heineken-ს დავუჯერებთ, რაც უფრო ნაკლებს დავლევთ, მით უფრო მაღალია შესაძლებლობა კარგი ურთიერთობებისთვის.