მოდის ინდუსტრია ნახშირბადის ემისიებით რომ გამოირჩევა, ეს ძალიან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, მდგრადი მომავლისა და ნახშირბადისგან ტანსაცმლის დამზადების ამბიციით დანიური მოდის ბრენდი Ganni და სტარტაპი Rubi გაერთიანდნენ. თუ ჩვეულებრივ ქსოვილის დამზადებას ბევრი ნახშირბადი ახლავს თან, აქ ყველაფერი პირიქით ხდება — საქსოვ ძაფს წარმოგვიდგენენ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ნახშირბადის ემისიებისგან სრულად ფერმენტული პროცესის დახმარებით მიიღეს.
„ჩვენ შევქმენით რუბი, რათა ჩვენი პლანეტის მომავალი დედამიწის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენითა და ხელახალი მიწოდების ჯაჭვებით უზრუნველვყოთ, რომლებსაც სიმბიოზური ურთიერთობა აქვს პლანეტასთან — დაწყებული მოდის ინდუსტრიით, რომელიც მესამე ადგილზეა პლანეტის ნახშირბადით დაბინძურებით. Ganni კი ბრენდებსა და მწარმოებლებს შორის ურთიერთობის დამყარებაში დაგვეხმარა, რათა შევქმნათ მომავალი, რომელშიც მთლიანი საწარმოო პროცესი ნახშირბადისგან თავისუფალ ტექსტილის ტექნოლოგიას დაეყრდნობა“, — აცხადებს ნეეკა მაშო, Rubi Labs-ის თანადამფუძნებელი.
და როგორია ძაფის დამზადების პროცესი? როგორც ამბობენ, ჩვეულებრივ ხეების მსგავსად მუშაობს… რუბი ისეთ ბიოქომიურ პროცესებს მიმართავს, რომლებიც ფერმენტებით იკვებება, რათა „ჭამოს“ ნახშირბადის ემისიები და მისგან ქსოვილი დაამზადოს. შემდგომ CO2 ცელულოზად გარდაიქმნება, რომლისგანაც ლიოცელის ძაფი მიიღება. ხოლო ის, თუ რას დაამზადებთ ამ ძაფისგან, ეს უკვე თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ.
„ქსოვილის ისეთი ინოვაციები, როგორებსაც რუბი გვთავაზობს, გადამწყვეტ როლს შეასრულებს მოდის დეკარბონიზაციის პროცესში, მაგრამ ამის მისაღწევად ბრენდებმა ფსონები უნდა დადონ, გარისკონ და ინვესტიციები ჩადონ მსგავს ინოვაციებში. ჯერ კიდევ მრავალი საკითხი არსებობს, რაზეც პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ისეთ ინოვაციურ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც რუბია, დიდ ოპტიმიზმს აჩენს მომავლისადმი“, — აცხადებს ნიკოლაი რეფსტრუპი, Ganni-ს დამფუძნებელი.