31
Jan
2019

„ნამუ“ – ქართველი ფსიქოლოგის კულინარია და მცენარეული ინგრედიენტები ბედნიერებისთვის

31 Jan 2019

Startauperi
Startauperi


ნამცხვრები, რომელიც არ შეიცავს ფქვილსა თუ შაქარს, დეტოქსის წვენები, მცენარეული ინგრედიენტებით მომზადებული საკვები და დიეტა წონის კორექციისა თუ ორგანიზმის წმენდისთვის – ეს ქართული სტარტაპი „ნამუს“ პროდუქტებია. ამ ჩამონათვალს, რამდენიმე თვეში, პირველი Plant Based სამზარეულოს მქონე კაფე შეემატება. კაფე თბილისში გაიხსნება და როგორც სტარტაპის შემქმნელი ანა ტიკარაძე გვიყვება, ეს იქნება საუზმეზე, ლანჩსა და ადრე ვახშამზე ორიენტირებული ობიექტი. გარდა ამისა, „ნამუს“ საქმიანობა „ვახშმის კლუბსა“ და წელიწადში ორჯერ, გასვლით ღონისძიებებს – „დეტოქსის უქმეებს“ მოიცავს.

„ნამუს“ ამბავი 2016 წელს დაიწყო. ანა ტიკარაძის შეხება ვეგანურ სამზარეულოსთან კი 2011-ში, როცა ანა ვეგეტარიანელი გახდა:
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობ პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით. კულინარია კი დაიწყო პირადი საჭიროებიდან გამომდინარე. 2011 წლიდან გავხდი ვეგეტარიანელი, შემდეგ კი ვეგანი. ამ ეტაპზე, უკვე არ ვჭამ შაქარს, არაფერს, რაშიც ფქვილია გარეული, ასევე, შემწვარს ზეთში და ა.შ. ძალიან რთული იყო, სახლის გარეთ რამის ჭამა. ყველაფერი ჩემთვის მომზადებით დავიწყე და გაჩნდა ინტერესი მეგობრების მხრიდან. მათ უშაქრო და უფქვილო ნამცხვრებით ვუმასპინძლდებოდი, მათ მეგობრები მოჰყავდათ. ასე გაჩნდა ვახშმის კლუბის იდეა. ვიფიქრე, რომ ამ მიმართულებით უნდა განვვითარებულიყავი“.
M: როგორ, ან სად შეისწავლეთ მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული სამზარეულო?
ამერიკაში არის ერთ-ერთი ცნობილი სკოლა Plant Based კულინარიის მიმართულებით, რომლის კურსებიც გავიარე, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში. შემდეგ, ვიყავი ინდონეზიაში, ბალის კუნძულზე, ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი შეფ-მზარეულის კურსზე, ასევე, ბერლინში, ერთ-ერთ კაფეში, მზარეულთან ერთად ვმუშაობდი. ხოლო, ერთთვიანი დამამთავრებელი სარესტორნო კურსი გავლილი მაქვს ბარსელონაში. გარდა ამისა, ლონდონში, სხვადასხვა კაფეში მაქვს გავლილი პატარ-პატარა პრაქტიკები. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდილება სწავლისა და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტთან კომუნიკაციის შედეგია.
M: როგორ გამოიყენეთ მიღებული საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება „ნამუს“ განვითარებისთვის?
„ნამუს“ ამბავი დაიწყო 2016 წელს, აპრილში გვქონდა პირველი ვახშამი, რომელიც ვახშმის კლუბის ფარგლებში გაკეთდა. მას შემდეგ ვვითარდები და ნამუც იზრდება. ვახშამს მოყვა დეტოქსის უქმეები, რომელიც წინანდალში, ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გავაკეთეთ. უქმეებს კი, თავის მხრივ, მოყვა დეტოქსის წვენების გაჩენა, რადგან იქიდან ჩამოსულები გვთხოვდნენ, უქმეების გარდა, ყოველდღიურადაც ჰქონოდათ ეს წვენები. ამის შემდეგ დავიწყე ნამცხვრების რეალიზება, ამ ეტაპზე, თბილისში, 10-მდე კაფეს ვაწვდი პროდუქციას. ხოლო, ბოლო ერთი წელია უმი ვეგანური დიეტა გავაკეთე, რომლის ფარგლებშიც, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 დღის განმავლობაში ჩვენ ვაწვდით ადამიანს მთელი დღის რაციონს. ამ რაციონის საშუალებით, ხდება არამხოლოდ წონის კორექცია, არამედ, ორგანიზმის გაწმენდა.
M: კულინარიის პარალელურად, პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობთ. თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ ბედნიერებისა და ჯანსაღი კვების კავშირზე? 
ამ პერიოდის განმავლობაში, მივხვდი, რომ რასაც ჭამ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ შენი ფიზიკური შესაძლებლობებისთვის, არამედ განწყობისთვის, გონებრივი სიმშვიდისთვის და ა.შ. ის, რომ ხორცს არ ვჭამ, ეს არ არის ჩემთვის რაღაც მხოლოდ ცხოველთა დაცვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია, რომ ცხოველებს ვიცავ, თუმცა, თავდაპირველად რის გამოც დავიწყე ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა, არის პირადი ბედნიერება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც არ ჭამს ხორცს, ნაკლებად აგრესიულია. უხეშად რომ ვთქვათ, ხორცი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რაც ადამიანს აგრესიის ჰორმონს უმატებს და შესაბამისად, განწყობა და თვითშეგრძნება სხვანაირია. როცა მცენარეული საკვებით იკვებები, მეტი სიმშვიდე და მიმღებლობა გაქვს. მნიშვნელოვანია ბედნიერების ტექნიკების გამოყენებაც, მაგალითად: მადლიერების გამოხატვა, მედიტაცია, იოგა და ა.შ. ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ავსებს. ერთ-ერთი რომ შეასრულო და მეორე არ, შედეგს ვერ მოგცემს, აზრი არ აქვს. გასვლითი ღონისძიებები, ანუ დეტოქსის უქმეები როცა გვაქვს, ვსაუბრობთ იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ ბედნიერებისთვის. დეტოქსის უქმეების ფარგლებში კი იოგას ვაკეთებთ, ვმედიტირებთ და ჩემ მიერ მომზადებული კერძებით ვიკვებებით.
M: რით განსხვავდება მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სამზარეულო ვეგანური სამზარეულოსგან?
ვეგანურ სამზარეულოში შეიძლება იყოს მაგალითად, შემწვარი კარტოფილი, ან თუნდაც, შემწვარი ბროკოლი. მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სამზარეულო უფრო ჯანსაღ კვებას გულისხმობს, რომელიც, გარდა ცხოველური ნაწარმისა, არ შეიცავს შაქარსა თუ სუფრის მარილს, ასევე, რაფინირებულ ზეთს.
M: სანამ „ნამუს“ კაფე გაიხსნება, როგორ აწვდით მომხმარებელს თქვენს პროდუქციას?
გარდამავალი პერიოდი გვაქვს, როცა არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ კადრები დავამატოთ, თუმცა, რამდენიმე საჭიროება ერთბაშად გვიდგას. მაგალითად, სოციალური მედიის მართვა, სატელეფონო შეკვეთების მიღება და რა თქმა უნდა, კერძების მომზადება – ამ ყველაფერს მარტო ვაკეთებ. თუმცა, გვყავს კურიერი, რომელიც ყოველდღიურად აწვდის შეკვეთებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მალე „ნამუს“ ექნება ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც შეკვეთების მიღების საკითხი, ვფიქრობ, გამარტივდება. მანამდე კი, ჩემი ძალებით, მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული სამზარეულოსა და ბედნიერების ტექნიკების პოპულარიზაციას ვცდილობ.

განხილვა