in

ბრენდისთვის უფრო რთულია სახელის შერჩევა თუ შვილისთვის? ქართველი მარკეტერები ნეიმინგის სერვისის შესახებ

როგორც ადამიანს სჭირდება იდენტიფიკაციისთვის სახელი, ისე ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს სახელწოდება, რომლითაც მას სხვებისგან გამოვარჩევთ. სახელის დარქმევა არც ისე მარტივი პროცესია ბიზნესისთვის, რადგან მასში ბევრი რამ უნდა იყოს გაერთიანებული: ბიზნესის ფილოსოფია, ასოციაცია იმ პროდუქტთან თუ სერვისთან, რომელზეც ეს კომპანია მუშაობს; ამასთან, სახელი უნდა იყოს მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი, ერთხელ რომ გაიგონებ, აღარ უნდა დაგავიწყდეს, რომ ამა და ამ სახელწოდების კომპანია არსებობს.

ამის გარდა, სახელი ვიზუალურადაც კარგად უნდა იკითხებოდეს წარწერებზე, ბანერებზე და ჟღერადობაც ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ ყურს ცუდად არ მოხვდეს. ერთი სიტყვით, საკმაოდ ბევრი დეტალია, რომელთა გათვალისწინებაც მარტივი საქმე როდია. სწორედ ამიტომ, როდესაც ახალი კომპანიები სახელებზე ფიქრობენ, ხშირად კრეატიულ სააგენტოებს მიმართავენ, რათა ისინი დაეხმარონ, სხვადასხვა ინსაითზე დაყრდნობით, სახელწოდების შერჩევაში.

„ბრენდისთვის უფრო რთულია სახელის შერჩევა, ვიდრე შვილისთვის. ახალდაბადებული ადამიანისგან განსხვავებით, ბრენდის შემთხვევაში წინასწარ უკვე გაქვს განსაზღვრული (უნდა გქონდეს), როგორ „პიროვნებად“ აყალიბებ მას, შესაბამისად სახელი მის არსს უნდა გამოხატავდეს”

ასე აღგვიწერა ნეიმინგის პროცესი ნუკა შევარდნაძემ, მარკეტერმა და სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნუკას კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

M: რა მოთხოვნით მოდიან ხოლმე დამკვეთები, რომლებსაც სურთ სახელის შერჩევაში დახმარება, როგორია მათი ხედვა და რას სთავაზობს ამ დროს სააგენტო?

ყველა შემთხვევა განსხვავებულია. ზოგს ძალიან კონკრეტული შეზღუდვა აქვს, ზოგი კი დაბნეული მოდის, არ იცის, საიდან დაიწყოს. თუ კომპანიას არ აქვს ჯერ განსაზღვრული სტრატეგია, როგორი ბრენდის შექმნა სურს და პირდაპირ სახელის დარქმევას გვთხოვს, ჩვენ ვცდილობთ, რომ გზის დასაწყისში დავაბრუნოთ და იქიდან დავიწყოთ სწორი მიმართულების ძებნა. 

M: რა ინფორმაცია უნდა ეწეროს ბრიფში ნეიმინგზე მუშაობისას? 

ნეიმინგის ბრიფი, პირველ რიგში, არის ბრენდის პლატფორმა, სადაც განსაზღვრულია „ვის“ ვარქმევთ სახელს. ამის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტულ პრეფერენციებზე ვისაუბროთ, ჟღერადობაზე, რას არ გვინდა, რომ ჰგავდეს და ა.შ. არცერთი შემოქმედებითი სამუშაო არ უნდა იწყებოდეს სტრატეგიის გარეშე, მით უმეტეს ბრენდის სახელზე ფიქრი.

M: რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა სახელის შერჩევისას?

არ გადავიდნენ ზედმეტ ფიქრში, ე.წ. overthinking-ში. საბოლოო ჯამში, თქვენს ბრენდს არ შეიყვარებენ მისი სახელის ან მისი ლოგოს გამო, ისევე, როგორც ადამიანები არ გვიყვარდება იმის მიხედვით, თუ რა ჰქვია მას. მთავარია, როგორ მოიქცევა თქვენი ბრენდი, იქნება თავისი დაპირების ერთგული თუ არა, შეძლებს იმ სასურველი პოზიციონირების მიღწევას, რომელიც სტრატეგიაში განსაზღვრა, თუ არა. თუ სახელი ბრენდის პიროვნებას, ფილოსოფიას არ ეწინააღმდეგება, ჟღერადობითაც მოგწონთ, სხვა შეზღუდვებსაც აკმაყოფილებს, მაშინ დიდი ალბათობით ეგ არის.

თავისი ხედვა და რჩევა გაგვიზიარა ალექსანდრე ქოქოსაძემ, Kraken-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმაც:

რთულია, ერთ სიტყვაში მოაქციო ბრენდის შინაარსი. ხშირად კომპანიის ფასეულობების კომუნიკაციაში უამრავი დრო და ფული იხარჯება. პირველ რიგში კი, ბრენდს სწორედ მისი სახელი წარმოადგენს.

ვინც თითოეული სიტყვის ძალას იაზრებს, მარტივად მიხვდება, რომ მათი შერჩევა ჯობს პროფესიონალ მარკეტერებს – ქოფირაითერებს მიანდოს. რაც უფრო მაღალია შემსრულებლის ოსტატობა, შესაბამისად მატულობს ფასიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელი უმეტესად ერთადერთი უცვლელი ელემენტია ბრენდის სიცოცხლის მანძილზე, მაშინ ცხადი ხდება თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ქოფირაითერის შერჩევისას. 

სახელმა შეიძლება თქვენი ბრენდი ააშენოს ან დაანგრიოს. ასე, რომ მისი შერჩევისას ბრენდის თითოეული მახასიათებელი ასჯერ გაზომეთ და ერთხელ დაარქვით. დაარქვით ისეთი სახელი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს მას”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ბებიები შვილიშვილებს მოუწოდებენ, თავადვე გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი — ევროპარლამენტის კამპანია

Ferrari x Ray-Ban Meta-ს ჭკვიანი სათვალე შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა