in

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „4 წელი დაგვჭირდა 4.300-ზე მეტი ადამიანის დასარწმუნებლად“ – ნანა ბაგალიშვილი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი ცხოვრების ის ნაწილია, რომლებსაც საფუძვლიანი ცვლილებები მოყვება ხოლმე ჩვენს გზაზე. ზოგჯერ, გაუცნობიერებლად ვირჩევთ კონკრეტულ მიმართულებას. ხანდახან ახსნაც კი გვიჭირს, რატომ გვირჩევნია სწორედ ამ გეზით წასვლა და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გზაჯვარედინი დიდი ხნის გავლილია და მთლიანი სურათის აღქმის საშუალება გვეძლევა, ვამბობთ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში. ამჯერად, საკუთარ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი გვიყვება.

მთავარი გადაწყვეტილება შიშმა მიკარნახა, შიშმა, რომ ჩემი ოჯახივით დიდ გაჭირვებაში არ მეცხოვრა. მაშინ, ხსნის გზად წარმომედგინა, რომ სულ მცირე, ჩემი სოფელ-ქალაქი უნდა დამეტოვებინა და უნივერსიტეტში მესწავლა. ამ მიზანს, რა თქმა უნდა, მივაღწიე. სხვა გზა არ მქონდა, ოღონდ ის გაჭირვების საფრთხეები გამეშვა, უფრო დიდი მიზნისთვისაც მზად ვიყავი, მაგრამ უფრო დიდი მიზანი არ ვიცოდი როგორი შეიძლება ყოფილიყო. ვინმეს რომ ეთქვა, საიდანმე რომ გამეგო მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში როგორ მესწავლა, მგონია, აუცილებლად ჩავაბარებდი კიდეც მაშინდელი ჟინით. ჰოდა, დღემდე გული მწყდება, რომ მთქმელი არავინ მყავდა, როგორი იყო სამყაროს შესაძლებლობები ჩემი პატარა სოფელ-ქალაქის მიღმა.

ალბათ ამიტომაა, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაზე თავზეხელაღებული გადაწყვეტილება მივიღე – აგურ-აგურ აგვეშენებინა ცოდნის კაფე ჩემს მშობლიურ ქალაქში – წნორში და ჩვენებურებს ჰქონოდათ შესაძლებლობები, რაც მე თინეიჯერობაში არ მქონდა – თანამედროვე სამყაროს ცოდნებზე, გამოცდილებებზე და კონტაქტებზე წვდომის შესაძლებლობა. ახლა ვინმემ რომ მითხრას, ჩემს რეგიონში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცის ასაშენებლად  ფულს ვაგროვებო, შეიძლება ვიფიქრო, გიჟია მეთქი. მგონია, მეც გიჟურად ენთუზიასტური  გადაწყვეტილება მივიღე – აგვეშენებინა ცოდნის კაფე წნორში და გაგვეერთიანებინა არაფორმალური განათლების ცენტრი, მულტიმედია ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია, ტექნოლოგიების ოთახი, არტ რეზიდენცია და მცირე კაფე.

ჩემს თინეიჯერობაში რომ ყოფილიყო ცოდნის კაფე ჩემს ქალაქში, აუცილებლად უფრო ჭკვიანი და უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი, ჩემს თავსაც და გარემოსაც მგონია, უფრო გამოვადგებოდი, მაგრამ არ იყო. სამაგიეროდ, ბევრი შესაძლებლობა დამებერტყა თავს მენახა და მასწავლა, როგორც ცხოვრობენ ევროპის ბევრ ქვეყანაში და ამერიკაში, როგორი სისტემები აქვთ ადამიანების მხარდასაჭერად. ამ გამოცდილებებმა თავისთავადი პასუხისმგებლობა მომცა, რაც მე ვიცოდი სხვებისთვის გამეზიარებინა და განსაკუთრებით, ისეთი გოგო-ბიჭებისთვის დამეჭირა მხარი, ჩემნაირ ოჯახებში რომ იზრდებოდნენ და ისეთი ინიციატივიანი ახალგაზრდები გამემხნევებინა, როგორიც თავად ვიყავი თინეიჯერობისას, როცა მხოლოდ იდეები მქონდა და იდეის მხარდამჭერები – არა.

მოკლედ, ერთ დღეს რომ ვთქვი ჩემს გუნდთან – მოდი, ცოდნის კაფე ავაშენოთ მეთქი და იდეის მხარდაჭერა ჩვენს თანამოქალაქეებს ვთხოვოთ მეთქი, მაგაზე თავდაჯერებული მგონი არასდროს ვყოფილვარ. მჯეროდა, რომ ჩვენს ხალხსაც ზუსტად ისევე ადარდებთ პატარა ქალაქებში და სოფლებში თავისუფალი საგანმანათლებლო კერების არ არსებობა, როგორც მე და ჩემს გუნდს. მგონია, რომ მანდ მაგრად შემეშალა. უფრო სწორად, ცხადია, ქართველებს გვადარდებს განათლების დაბალი დონე, მაგრამ გვგონია, მის გამოსასწორებლად ჩვენ კი არ უნდა გადავიხადოთ მცირე თანხა საგანმანათლებლო ინიციატივებში, მხოლოდ ხელისუფლებას უნდა ველოდოთ. ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ ცოდნის კაფეს მშენებლობის კამპანია 4 წელს გაგრძელდა და ეს დრო დაგვჭირდა, 4.300-ზე მეტი ადამიანის დასარწმუნებლად, რომ განათლებაში ინვესტიცია და ცოდნის კაფეს მშენებლობისთვის დონაციის გაკეთება მნიშვნელოვანია.

ცოდნის კაფეს აშენებაში მონაწილეობა სიმბოლური აგურის დადებით შეეძლოთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ამიტომ, კამპანიის სლოგანიც მარტივად მოვიფიქრეთ  – დადე შენი აგური, ცოდნის კაფეს ასაშენებლად. მაშენებლებს შევპირდით, რომ მათი სახელები და გვარები იქნებოდა ცოდნის კაფეს კედლებზე და ეს მგონი ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება იყო. თურმე, ადამიანებს სულ გვჭირდება კარგი საქმის თანამონაწილეები ვიყოთ და მით უმეტეს, თუ ამით ჩვენი სახელის უკვდავებასაც მოვემსახურებით.

ძალიან მიყვარს ფაქტი, რომ სიტყვა აგური მითქვამს ალბათ ყველაზე ხშირად ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების მანძილზე. ალბათ, მინიმუმ, 4.000-ჯერ? შეიძლება 2-ჯერ მეტჯერაც? არ ვიცი, ამ კამპანიამ დამარწმუნა, რომ საქმის სიყვარულიც ბრმაა.  ყველაზე ხშირად აგურებთან ერთად მიმგზავრია, რადგან ყველა გამოფენაზე, თუ ღონისძიებაზე, სადაც შეგვეძლო რომ აგურები წაგვეღო და ცოდნის კაფეს მშენებლობის კამპანიაზე მოგვეყოლა, ყველგან წავსულვართ. მაგ დაჟინებული სურვილის დამსახურებაა ალბათ, რომ ცოდნის კაფეს მშენებლობა დავასრულეთ და ამ წელს, უკვე მაისში გახსნაზე დავპატიჟებ მაშენებლებს ცოდნის კაფეს საკუთარ ჭერქვეშ. მართალია, შენობის მხოლოდ რამდენიმე ზონას ვხსნით ახლა, რადგან რემონტის სრული ხარჯი ვერ მოვიძიეთ, მაგრამ საკუთარ თავს სულ იმით ვიმხნევებ, რომ სადაც ამდენი შევძელით კარგმა მოქალაქეებმა, დარჩენილსაც აუცილებლად შევძლებთ.

რუბრიკას „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” წარმოგიდგენთ Wissol.

ქართული ანიმაცია საფრანგეთის ფესტივალზე! — The Radiants

როგორ იქცა კრის პრეტი Pringles-ის ლოგოდ?