„ალტე უნივერსიტეტი” ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ახალ გეზს იღებს და ცენტრს აარსებს, რომლის ხელმძღვანელიც, უნივერსიტეტის გუნდის ახალი წევრი, პროფესორი ნანა დიხამინჯია იქნება.
ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მიზანია, ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, საგანმანათლებლო პროგრამების უახლესი ტექნოლოგიებით გაძლიერებასა და ახალი ტრენინგ-კურსების შემუშავებას. ცენტრი ასევე იმუშავებს საზოგადოებაში ტექნოლოგიების კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე და უცხოელ პარტნიორებთან ერთად ციფრული ტრანსფორმაციის მეთოდოლოგიების საქართველოში დანერგვაზე. მისი მიზანია ისიც, რომ სხვადასხვა სფეროში: განათლებაში, ჯანდაცვაში, ტექნოლოგიურ-საინჟინრო ინდუსტრიაში, საჯარო მმართველობასა თუ ბიზნესში შემოიტანოს ახალი ციფრული მიდგომები.
ნანა დიხამინჯია წლებია ხელმძღვანელობს როგორც სამეცნიერო, ისე ინდუსტრიულ პროექტებს, იგი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და შეფასების მიმართულებით.
დეტალებზე სასაუბროდ თავად ნანა დიხამინჯიას მივმართეთ:
M: რა მიმართულებით შეუერთდით „ალტე უნივერსიტეტის“ გუნდს და რა არის თქვენი თანამშრომლობის მიზანი?
ალტე უნივერსიტეტის გუნდს შევუერთდი, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი. ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ყველა სფეროში აქტუალურია, რადგან მისი დანიშნულებაა, ახალი ტექნოლოგიების მიერ შემოტანილი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენებისთვის შეიცვალოს სისტემები, განათლებისა და მართვის მოდელები. განსაკუთრებით განათლების სფეროშია ეს მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ დაახლოებით 10-15 წლით ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს და ეს ჩამორჩენა სულ უფრო იზრდება, რადგან უფრო და უფრო სწრაფად ჩნდება ახალი ტექნოლოგიებიც. ალტე უნივერსიტეტის გუნდის ხედვა სწორედ ამიტომ იყო ჩემთვის მიმზიდველი – მათ სურთ, უნივერსიტეტი მუდმივად იცვლებოდეს და სწრაფად პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, რაც დღეს უმაღლესი განათლების აღიარებული მოდელია. ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მიზანი იქნება როგორც საუნივერსიტეტო პროცესების ოპტიმალური გარდაქმნა და ტექნოლოგიური სრულყოფა, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება თანამედროვე ტექნოლოგიური კომპონენტებით იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში არსებობს.
M: რა გეგმები გაქვთ და როგორი იქნება ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის პირველი ნაბიჯები?
ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, მისი მიზანია, განავითაროს და დანერგოს განათლების მართვის უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები უნივერსიტეტში, რაც უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს მასზე მორგებული განათლება, რაც შემდგომ ხელს შეუწყობს, რომ ის წარმატებით დასაქმდეს ან საკუთარი სტარტაპი შექმნას. მეორეს მხრივ, ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი იმუშავებს ალტე უნივერსიტეტის ყველა სკოლასთან, რათა საგანმანათლებლო პროგრამები გაძლიერდეს ტექნოლოგიური კომპონენტებით და ამაში პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტები დაგვეხმარებიან. ცენტრი ასევე აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ინდუსტრიულ პარტნიორებთან, რომ საქართველოს სხვადასხვა სფეროში ერთად განვავითაროთ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მართვის მოდელები და ამ მიზნით, სპეციალური ტრენინგ-კურსებიც შემუშავდება. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ციფრული განათლება, რაც როგორც მათი, ისე ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია და ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო აქტივობას შევთავაზებთ, რაც ჩემს ამერიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
M: „ალტე უნივერსიტეტში” გადმოსვლამდე თქვენს კარიერულ გზაზეც რომ მოგვიყვეთ. როგორია თქვენი გამოცდილება?
სოხუმის უნივერსიტეტი 1999 წელს დავამთავრე და მალევე დავიწყე მუშაობა ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. რამდენიმე წელიწადში კი პარალელურად საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკს” შევუერთდი, სადაც ჯერ დაპროგრამების, შემდეგ გეოსაინფორმაციო სისტემების განვითარების და მართვის მიმართულებით ვიმუშავე 2012 წლამდე და მერეც ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პროექტებში კონსულტანტად. საუბარი მაქვს საქართველოში აქტიური ტექნოლოგიური ცვლილებების დროზე, როდესაც სივრცითი ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ბევრ საინტერესო პროექტთან მომიწია შეხება – განათლების, ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციების, გარემოსდაცვითი და ურბანული განვითარების გეოსაინფორმაციო სისტემების შემუშავების დროს მთლიანად ორგანიზაციის პროცესების შესწავლა მჭირდებოდა. იმავე დროს ვსწავლობდი დოქტორანტურაში, ვმუშაობდი სამეცნიერო გრანტებზე და ვკითხულობდი ლექციებს. 2014 წელს, როცა დოქტორის ხარისხი მივიღე გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით, უკვე ამერიკაში ვცხოვრობდი და მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა მოწვეულ მკვლევარ ასისტენტ-პროფესორად. ამ ლაბორატორიის ბაზაზე დაფუძნებულია ელექტრომაგნიტური თავსებადობის კონსორციუმი, სადაც კიდევ ორი უნივერსიტეტი და ოცამდე მაღალტექნოლოგიური კომპანია შედის. ლაბორატორიის პროექტები ძირითადად კომპანიების დაკვეთებს ეფუძნება და ამიტომ აქ ოთხწლიანი მუშაობის შედეგად ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინე ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით, ჩემი კვლევები კი სიგნალის მთლიანობის ამოცანებს დაეთმო. 2017 წელს საქართველოში დავბრუნდი და 2022 წლის მარტამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმუშავე, სადაც ვიყავი კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამების ხელმძღვანელი და ასევე, ვიცე-რექტორი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. ამ პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ მოსწავლეებში STEM მიმართულებით განათლებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში მეტი გოგოს მოზიდვისთვის. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობისთვის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურმა საინჟინრო ორგანიზაციამ IEEE (Institute of Electrical and Electronics Engineers) მომანიჭა STEM ელჩის წოდება. პარალელურად ვმუშაობდი სამეცნიერო კვლევებზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო სისტემების პროექტში ექსპერტად. ახლა კი ჩემს საქმიანობას სწორედ „ალტე უნივერსიტეტთან“ ერთად განვაგრძობ და მიხარია, რომ სწორედ მათი გუნდის წევრი გავხდი.
[R]