in

„ამ გადაწყვეტილებამ კარდინალურად შეცვალა ჩემი მომავალი ცხოვრება“ – ნანა ჯანაშია

ჩვენი ცხოვრება და, ზოგადად, ისტორია, გამოყენებულ და გამოუყენებელ შესაძლებლობათა ურთიერთობის პროცესია. არასოდეს იცი და მით უფრო, წინასწარ, რომელი წუთი, რომელი ნაბიჯი, რომელი გადაწყვეტილება იყო ან იქნება გადამწყვეტი ან, თუნდაც, ძალიან მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც დრო გაივლის და უკან გაიხედავ, მაშინ შეიძლება შეაფასო შენ მიერ შესრულებული ქმედება. არც მე ვიცოდი, რომ მიზანი, რომელიც 90-იან წლებში დავისახე და განვახორციელე, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდებოდა და სრულიად შეცვლიდა ჩემს შემდგომ ცხოვრებას. ეს იყო სწავლის გაგრძელება უნგრეთში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანია… მაგრამ იმ დროს, 90-იანი წლების საქართველოში, კიდევ უფრო განსაკუთრებით რთული და ძნელად აღსასრულებელი ჩანდა ეს. მეორე მხრივ კი, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგებდა სიბნელეში ჩაფლული საქართველო, როცა პერსპექტივაში ჩანდა სინათლე და განათლება.

როცა ცხოვრებაში რაიმე სერიოზული ხდება უარყოფითი ნიშნით, პირველ რიგში განრიდების, გაქცევის სურვილი გიჩნდება. ჩემი ბუდაპეშტში წასვლის გადაწყვეტილებაც ამ უარყოფითი სიტუაციის დადებითად გარდასახვას ემსახურებოდა. ბუდაპეშტში სასწავლებლად გამგზავრება ჩემმა მასწავლებელმა და მენტორმა, რამაზ გოხელაშვილმა, მირჩია და გადამაწყვეტინა. მითხრა, რომ „ეს ნაბიჯი ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა“. ასეც მოხდა. წავედი ნაციონალისტური, შოვინისტური განწყობების მქონე და იზოლირებული საქართველოდან და აღმოვჩნდი კარლ პოპერის „ღია საზოგადოების“ ატმოსფეროში, სადაც აკადემიურ განათლებასთან ერთად, ყოველდღიურად ვიღებდი თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი ურთიერთობების გაკვეთილებს. ვცხოვრობდი და ვმეგობრობდი განსხვავებული ეროვნების, რელიგიის, ორიენტაციისა და გემოვნების ადამიანებთან და ეს გახდა შემდომში ჩემი სიმდიდრისა და ბედნიერების წყაროც.

ამ გადაწყვეტილებამ კარდინალურად შეცვალა ჩემი მომავალი ცხოვრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, შევქმენი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, CENN, რომელიც გარემოს დაცვასთან ერთად, ავითარებს და ავრცელებს ღია საზოგადოების პრინციპებს და ეხმარება ახალგაზრდებს პროგრესულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.

ძნელია წარსული გადაწყვეტილების სისწორე შეაფასო, განსაზღვრო შეიძლებოდა თუ არა უკეთესის გაკეთება… ჩვენ ხომ შედარების საშუალება არ გვაქვს; ჩვენ მხოლოდ შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ… მაგრამ ამ გადასახედიდან მე ვთვლი, რომ ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება სწორი იყო და არ შევცლიდი, რადგან იმით, რაც შემდგომში გავაკეთე, კმაყოფილი ვარ!

ნანა ჯანაშია – კავკასიის გარემოსდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ProductTank Tbilisi-ს შეხვედრა გაიმართება

ACER-ის მწვანე და ტექნოლოგიური ინოვაცია, როგორც ეკომეგობრული და ერგონომიული გამოცდილება