პირველი სამსახური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე. 90-იანი წლების დასაწყისი იყო, არც დენი იყო, არც გათბობა და სასწავლო პროცესიც ძალიან ცუდად მიდიოდა. კი ვსწავლობდი კარგად, მაგრამ სასწავლო პროცესი ჩავარდნით მიმდინარეობდა, ამიტომ, სამწუხაროდ, არ ვესწრებოდით ლექციებს და პირდაპირ გამოცდებისთვის ვემზადებოდით. მეოთხე კურსზე ვიყავი, ეკოლოგიის კათედრაზე, როდესაც ჩემმა ხელმძღვანელმა, ერთ-ერთმა ლექტორმა უნივერსიტეტში შემომთავაზა სამსახურის დაწყება – ნახევარ განაკვეთზე უნდა მემუშავა, სამეცნიერო ლაბორატორიაში. პოსტსაბჭოთა პერიოდი იდგა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლებოდა. იმ დროისთვის, კერძო სექტორი, პრაქტიკულად არ იყო, ხოლო არასამთავრობო სექტორს, რომელიც მაშინ იდგამდა ფეხს, ამერიკის მთავრობა ეხმარებოდა. მახსოვს, მოხალისედ ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ველური ბუნების დაცვის ცენტრში”, რომლის დამაარსებელიც იყო ჩემი ლექტორი. ალბათ, მოხალისედ მუშაობისას დაინახა ჩემი მოტივაცია, მონდომება და უნივერსიტეტში ეს სამსახურიც ამიტომ შემომთავაზა.
ლაბორატორია ხერხემლიან ცხოველებს იკვლევდა. ჩემს ფუნქციებში შედიოდა ბაყაყებზე კვლევის ჩატარება, ამფიბიების ასაკობრივ განაწილებას ვსწავლობდით. დავდიოდი ექსპედიციებში, რაც ძალიან მიყვარდა, მაშინ სოციალური კუთხით არაფერი არ იყო – არც კაფე, არც კინო ან თეატრი. ექსპედიციების განმავლობაში, ბოტებით ვიდექით ხოლმე ტბორში, ვიჭერდით ლიფსიტებს და ბაყაყებს, ვნიშნავდით და შემდეგ, მათ სხვადასხვა ტერიტორიაზე განაწილებას ვადევნებდით თვალს. საინტერესო იყო საველე სამუშაო, თუმცა, ბევრად დიდი საქმე კეთდებოდა ლაბორატორიაში, სადაც ვიკვლევდით ასაკს, ამფიბიის ძვლის ანათალის მიხედვით.
საშინელი პირობები იყო, პალტოებსა და ქურთუკებში ვმუშაობდით. იმ პერიოდში მუშაობა, მთლიანობაში, ყოველდღიური დაბრკოლებებით იყო სავსე. არ იყო ტრანსპორტი, ფეხით მივდიოდით უნივერსიტეტში, სადაც არც დენი გვხვდებოდა, არც წყალი, არც გათბობა. ამასთან, ინფორმაციის დიდი დეფიციტი იყო, გვიწევდა ბიბლიოთეკაში სიარული, სადაც მცირე ლიტერატურა მოიპოვებოდა და ისიც, რუსულად. ძალიან რთული იყო, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის არქონა. ზოგადად, უნივერსიტეტის სწავლების დონით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ამან მიბიძგა, ინგლისური ძალიან კარგად მესწავლა, მოვიპოვე დაფინანსება და 1997 წელს, საზღვარგარეთ, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში წავედი სასწავლებლად.
დაბრუნების შემდეგ, 1999 წელს, თავად შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN), რომელსაც მე და ჩემი კურსელი ვუძღვებოდით. ახლა კი, 65 ადამიანი ვართ მუდმივ შტატში.
ნანა ჯანაშია – კავკასიის გარემოსდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.