in

ნანა ჯანჯღავა – #პირველისამსახური

ჩემი ყველა ამბავი იწყება იმით, რომ სოხუმში დავიბადე. ამდენად, პირველ სამსახურთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ავტომატურად დაემატა ისიც, რომ თვითდამკვიდრების სირთულეებსაც წავაწყდი. აღმოვჩნდი სხვა ქალაქში, განსხვავებულ გარემოში, სადაც თვითდამკვიდრებისა და ადაპტაციისთვის ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა. ისე ხდებოდა, რომ ჩემთვის თამასა ძალიან მაღალი იყო ხოლმე. სოციოლოგიურის მესამე კურსზე ვსწავლობდი, ჩემი კურსელების მსგავსად, სამსახურის დაწყება რომ გადავწყვიტე და შესაბამისი ვაკანსიების ძიებას შევუდექი და ინტერნეტში, ერთ-ერთი სააგენტო Optimum Media (OMD) ვიპოვნე. დამაინტერესა და გავაგზავნე აპლიკაცია. გავიარე სამეტაპიარი რთული გასაუბრებები. მათგან მესამე ძალიან ხანგრძლივი იყო, კომპანიის დამფუძნებელი პირადად მესაუბრა 3-4 საათის მანძილზე. გასაუბრებიდან გამოსულს ერთადერთ რამ მინდოდა – მეპოვნა აფთიაქი და თავის ტკივილის გამაყუჩებელი მეყიდა. დავიწყე მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი კომპანია ისეთ ორგანიზაციებს ემსახურებოდა, როგორიცაა Schwarzkopf & Henkel. მე სწორედ ასეთ გუნდში მოვხვდი, მესამე ასისტენტად. ასე აღმოვჩნდი ჩემთვის ამ სრულიად ახალ სფეროში. შეხება მქონდა უჩვეულო ტერმინოლოგიასთან, რაც ძალიან სპეციფიკურია დარგისთვის, ჩემთვის სრულიად უცხო იყო. მთელი წელი ვიმუშავე. არც ვიცოდი, ამ სფეროსთან ასე ხანგრძლივი შეხება თუ მექნებოდა.

ფუნქციებში ჩემთვის სრულიად გაუგებარი რაღაცები შედიოდა – კამპანიის დაწყების დროულობაზე ვიყავი პასუხისმგებელი. ისეთი მიდგომა იყო, რომ კოამპანიის დაგეგმვა წინა კამპანიის შეჯამებითა და ანალიზითაა შესაძლებელი. უნდა მესწავლა ანალიზი, რათა შემძლებოდა გამერჩია, როგორ იქმნებოდა ხარისხიანი მედია კამპანიები.

საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ჩემი და ჩემი სამსახურისა კარგი ურთიერთობა – 10 წელი.

საინტერესოა, რომ ჩემი მეორე სამსახური პირდაპირ დაუკავშირდა პირველს. რაღაც დროის მერე, როდესაც საქართველოში გადავწყვიტე დაბრუნება, აქაც ადაპტაციისა და თვითდამკვირდების რთული ეტაპები გავიარე. სამსახურის ძიებისას კვლავ მედიასააგენტოში აღმოვჩნდი და სტრატეგიული მედია დამგეგმავად დავიწყე მუშაობა. ეს გულისხმობდა საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, მედია არხების შესწავლას, მედია კამპანიების დაგეგმარებას და ა.შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელმძღვანელიც გავხდი – ვიცოდი, რა სტრუქტურაც უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ემუშავა სააგენტოს გამართულად. ამ კომპანიაში მუშაობისას, ერთ-ერთი უმსხვილესი დამკვეთი იყო კოკა-კოლა, რომელთანაც უამრავი საინტერესო საკომუნიკაციო პროექტი და კამპანია გავაკეთეთ, დიდი ხნის განმავლობაში.

საერთო ჯამში, მედია სფეროში, დაახლოებით, 20 წელი გავატარე. სულ ვიყავი მობილიზებული წინსვლისკენ, ვისწრაფვოდი მესწავლა რაღაც ახალი, შემეძინა სხვადასხვა ბრენდთან მუშაობის გამოცდილება. დღეს, ჩემთვის მედია ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური ნაწილია, რომელიც გამორჩეულად მაინტერესებს და მიყვარს.

ნანა ჯანჯღავა – კოკა-კოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, Mercedes-Benz Fashion Week-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone 14-ში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევხვდებით

„მატრიცა“ აღდგა! ნახეთ, პირველი ოფიციალური ტრეილერი – The Matrix Resurrections