ქართულ ბაზარზე, კომპანია Nano Lab იწყებს ოპერირებას, რომელიც მომხმარებელს ჰაერისა და ზედაპირის გამწმენდ საშუალებებს სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ყველაზე ინოვაციური და ამავდროულად, ეფექტურია, ამას კი საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები ადასტურებს. „ნანო ლაბი“ საქართველოში Activtek Environmental-ის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელსაც, მსოფლიო ბაზარზე, 100-წლიანი ისტორია აქვს.
აკო ვაშალომიძე (Nano Lab-ის თანადამფუძნებელი): როგორც იცით, დღეს, ჰაერის დაბინძურება გლობალურ პრობლემად იქცა. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი ოჯახებისთვის შეგვექმნა ჯანსაღი და სუფთა გარემო. მოვიძიეთ კომპანია, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. ეს კომპანია წლებია, ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიას სთავაზობს მომხმარებელს, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადასტურებულია სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებისა და ამერიკის წამყვანი კვლევითი ლაბორატორიის მიერ. აქედან გაჩნდა Nano Lab-ის შექმნის იდეაც, გვინდოდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც გაგვეცნო ეს უნიკალური პროდუქტი. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე [COVID-19-ის პანდემია], პროდუქტი ძალიან მოთხოვნადი გახდა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოც შეუერთდება სხვა ქვეყნებს და აქტიურად შევძლებთ ამ პროდუქტის განვითარებას.

ვატო ჩხეიძე(Nano Lab-ის თანადამფუძნებელი): ჩვენ ორიენტირებულები ვართ ახალი, ინოვაციური ნანო ტექნოლოგიური პროდუქციის შემოტანაზე საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჰაერისა და ზედაპირის გამწმენდ ყველაზე ინოვაციურ და ამავდროულად, ეფექტურ საშუალებას.
როდის გამოჩნდა ქართულ ბაზარზე „ნანო ლაბი“ და რა გამოცდილება აქვს კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე?
ვატო ჩხეიძე: ქართულ ბაზარზე ახლა ვიწყებთ ოპერირებას. დეკემბრიდან აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ამერიკულ კომპანიასთან. მსოფლიო პანდემიის გამო, რაღაც პერიოდით, შეჩერდა ჩვენი მოლაპარაკებები. თუმცა, რამოდენიმე თვის წინ წარმატებით დავასრულეთ და გავხდით ამერიკული კომპანია Activtek Environmental-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე ახლა ვიდგამთ ფეხს. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, Activtek Environmental 10 წელზე მეტია, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში, კონკრეტულად ამ პროდუქტით და ტექნოლოგიით არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კომპანიას მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მისი ქოლგის ქვეშ შედის, მაგალითად, Electrolux , Aerus და ა. შ.

უშუალოდ პროდუქტებზე რომ ვისაუბროთ . . .
ვატო ჩხეიძე: პროდუქტები, რომელიც საქართველოში შემოგვაქვს, ერთსა და იმავე, ინოვაციურ ტექნოლოგიას ActivePure-ს იყენებს. რაც შეეხება კონკრეტულ დანადგარებს, გვაქვს Induct და Surface Pro. Surface pro გამოიყენება საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში და დამონტაჟება არ სჭირდება. Induct კი სავენტილაციო სისტემებში და მას ჩვენი ტექნიკური ჯგუფი დაამონტაჟებს. ბუნებრივია, სავენტილაციო გეგმის შესწავლისა და სათანადო გათვლების შემდეგ. ეს საშუალებას მოგვცემს, მომხმარებელს, ოპტიმალური რაოდენობის დანადგარის მონტაჟი შევთავაზოთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ორივე პროდუქტი გამოიყენება დახურულ სივრცეში, ნებისმიერ ზედაპირზე და ჰაერში არსებული ბაქტერიების, მავნე აირების, სუნის გასანეიტრალებლად. აპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფო დაწესებულებებში, კლინიკებში, სამედიცინო დაწესებულებებში, რესტორნებში, სასტუმროებში, აეროპორტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პროდუქტი ადაპტირებულია ყველა ხალხმრავალი ადგილისათვის.

თქვენი დანადგარები ActivPure Technology-ით მუშაობს. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ტექნოლოგიაზე?
ვატო ჩხეიძე: ActivePure Technology – არის NASA – მიერ შექმნილი ტექნოლოგია და დამოწმებული FDA – მიერ. აღნიშნული ტექნოლოგია რადიკალურად განსხვავდება ყველა იმ ტექნოლოგიისგან, რაც დღეისათვის საქართველოს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში არსებული ყველა ჰაერის საწმენდი აპარატი, ძირითადად, გამოიყენებს HEPA ფილტრებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. თუმცა ჩვენი აპარატი დამატებით იყენებს ზემოთ ხსენებულ ტექნოლოგიას, რომელიც დაფუძნებულია ფოტოკატალიზაციის ეფექტზე. აღნიშნული ტექნოლოგია თავისი არსით წარმოადგენს წყალბადის ზეჟანგის მშრალ ფორმას, რომელიც წარმოიქმნება ტიტანიუმ დიოქსიდის და ულტრაიისფერი ნათების ურთიერთრეაქციის შედეგად. წყალბადის ზეჟანგი დიდი ხანია, ცნობილია თავისი უნიკალური სასარგებლო თვისებებით როგორც სადეზინფექციო და გამაჯანსაღებელი საშუალება. სწორედ ამიტომ, ეს ტექნოლოგია არა მარტო უსაფრთხოა ადამიანის მოხმარებისათვის, არამედ მისი მუდმივი გამოყენება სასარგებლოც არის.

ეს არის Nano Lab-ის უპირატესობა? კიდევ რატომ უნდა აირჩიოს თქვენი პროდუქცია და სერვისი მომხმარებელმა?
აკო ვაშალომიძე: სწორედ ზემოთ ხსენებული კომბინაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი პროდუქტი რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა ჰაერის გამწმენდი აპარატებისგან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ იგი არა მარტო წმენდს ჰაერს (როგორც სხვა ყველა დანადგარები), არამედ დახურულ სივრცეში არსებულ ყველა ზედაპირზე ანეიტრალებს ბაქტერიებს და ვირუსებს, რაც ძალზედ აქტუალური ხდება. გარდა ბაქტერიებისა და ვირუსებისა, ტექნოლოგია აჯანსაღებს გარემოს. ეს კი ხელს უწყობს ალერგიული ფონის შემცირებას და ძილის გაუმჯობესებას, რაც დადასტურებულია სხვადასხვა ამერიკული სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტების და NASA-ს მიერ. ეს კვლევები ჩატარებულია სხვადასხვა დაწესებულებებსა და გარემოში – სასტუმროებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შედეგები ადასტურებს, რომ ეს ტექნოლოგია 99.99 %-ით ანეიტრალებს SARS-ის ტიპის ვირუსებსაც კი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქცია უნიკალური და უალტერნატივოა მომხმარებლისთვის.
მოთხოვნა თუ არის ბაზარზე?
აკო ვაშალომიძე: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, დახურულ სივრცეში ჰაერის საწმენდ სისტემებზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენი ტექნოლოგია ბაზარზე ახალია და ახლა ვიწყებთ დამკვიდრებას. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, პროდუქტი და შეთავაზებული ტექნოლოგია თვითონ შექმნის მზარდ მოთხოვნას და დააკმაყოფილებს კიდეც გაზრდილ მოთხოვნილებებს. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსხვილ ობიექტებთან და ველოდებით პირველ პარტიას.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ვატო ჩხეიძე: პირველ რიგში, ვგეგმავთ, მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი ამ ტექნოლოგიით. ვაპირებთ, უახლოეს მომავალში, მომხმარებელს სხვა ინოვაციური ნანოტექნოლოგიური პროდუქციაც შევთავაზოთ. გარდა ამისა, გვინდა, ჩვენი პროდუქცია მეზობელ ქვეყნებსაც გავაცნოთ.













