როგორც მეცნიერები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ მზის ქარის დროს დედამიწის მაგნიტურ ველს სწრაფად მოძრავი ტალღა შეეჯახა — შედეგად, ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროში ნაპრალი გაჩნდა. ამან კი 19 დეკემბერს მცირე გეომაგნიტური შტორმი გამოიწვია.
სავარაუდოდ, ტალღის მიზეზი მზის ლაქა AR3165-იდან წამოსული კორონალური მასის ამოფრქვევაა. მზის ზედაპირისთვის ეს რეგიონი აქტიური არეალია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ 14 დეკემბერს სულ მცირე 8 ამოფრქვევა დაფიქსირდა.
მზის ლაქების მიმდებარედ მძლავრი მაგნიტური ველია, რასაც ელექტრული მუხტი განაპირობებს. ენერგიის გამოთავისუფლება კორონარული მასის ამოფრქვევას იწვევს, რომელიც შემდგომ სივრცეში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმს იწვევს. უშუალოდ ნაწილაკები კი დედამიწის პოლუსებიდან იჭრება, რადგან აქ მაგნიტური ველი სუსტია.
ზოგჯერ ასეთი შტორმები მაგნიტოსფეროში რამდენიმესაათიანი ნაპრალების ფორმირებას იწვევს. ეს ნაპრალები კი მზიდან წამოსულ მატერიას აქ შემოღწევის საშუალებას აძლევს. სამწუხაროდ, ეს სატელიტების, საკომუნიკაციო და ენერგოსისტემების მუშაობას უშლის ხელს. თუმცა ამჟამინდელმა შემთხვევამ მხოლოდ ოდნავ შეაფერხა აღნიშნული მოწყობილობების მუშაობა.