„არადა“, შესაძლოა, სალომე მახარაძისა და ქეთევან ალიხანაშვილის სტარტაპია, რომელიც მომხმარებელ თემატურ, ნაქარგებიან მაისურებს სთავაზობს. სულ რამდენიმე დღეა, რაც სხვადასხვა ფრაზებიანი თუ „აიქონებიანი“ მაისურები სოციალურ ქსელში გამოჩნდა და როგორც მისი შემქმნელებისგან შევიტყეთ, პროდუქცია მთლიანად საქართველოში იქმნება. როგორია ახალბედა სტარტაპერების ისტორია და როგორ გაუმკლავდნენ ისინი ბრენდის შექმნის გამოწვევას – ამ საკითხებზე სალომე მახარაძესთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით:
2015 წელს, ვუსმენდი სფოთლაითის გამომსველებს და წავაწყდი დავით გოგიჩაიშვილის შესანიშნავ ვიდეოს – „მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს უარი ვერ ვუთხარი“. ამ ვიდეოთი მივიღე ინსპირაციაც, მოტივაციაც და გამბედაობაც – არადა, მართლა ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მთავარია მოინდომო! „არადას“ სახელიც, სწორედ, ამ გამოსვლითაა ინსპირირებული“.
„მანამდე კი, დიდი ხანი მინდოდა, დამეწყო საქმე, რომლითაც სულ ოდნავ მაინც მივიღებდი მონაწილეობას ქართული პროდუქტისა და კულტურის პოპულარიზებაში. ჩემ ირგვლივ მუდამ ისმოდა ევოპული, აზიური, ამერიკული თანამედროვეობით აღფრთოვანება. მეც მომწონს სხვა კულტურები და ჩემთვისაც არის ინსპირაციის წყარო, მაგრამ მღრღნის იმის სურვილი, რომ წინ წამოვწიოთ ის ფასდაუდებელი განძი, რასაც საქართველოს კულტურა და ისტორია გვთავაზობს“.

ჩემი და ქეთას მოტივაცია ემთხვევა ერთმანეთს – ვაკეთოთ ჩვენით, ვაკეთოთ ქართული და ვაკეთოთ საქართველოში. იმისთვის რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, უკან მოვიხედოთ და ვთქვათ – არადა, შესაძლებელი ყოფილა. იქნებ, შემდეგ, ჩვენი მაგალითიც ვინმეს ინსპირაცია გახდეს.

არც მე და არც ქეთევანს მსგავსი საქმის საქმის კეთების გამოცდილება არ გვქონია. თუ არ ჩავთვლით სამსახურებს, რომლებშიც გვიმუშავია და ახლა ვმუშაობთ. გვქონდა დაბრკოლება მაისურების კერვის პროცესში, უფრო დიდი დაბრკოლება იყო ქარგვა, რის გამოც ვიფიქრეთ კიდეც, საზღვარგარეთ ქარხნები მოგვეძიებინა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოს ფარგლებში გადაგველახა ყველა სირთულე.
ბაზარზე მაისურების საჭიროება ნამდვილად არ არის. ნებისმეირი ფორმის, ზომის, ფერის, მატერიის და ა.შ. კრიტერიუმების მაისურის პოვნა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. თუმცა, ჩვენს მაისურებს გამოარჩევს ნაქარგი, რომელიც, გარდა იმისა, რომ ხარისხიანია და არასოდეს გაიცრიცება ან ამოტყდება (პრინტებისგან განსხვავებით), არის დახვეწილი და განსხვავებული. მე და ქეთევანმა სპეციალურად შევარჩიეთ თითოეული მატერია და საქარგი ძაფები, რომ ყველაფერი ყოფილიყო ხარისხიანი. გვინდოდა შეგვექმნა პროდუქტი, რომელსაც, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ სიამოვნებით შევიძენდით და ჩავიცვამდით.














