საკვების ნარჩენები დიდი ხანია გარემოზე ზრუნვის ასპექტში აქტუალურ საკითხად მიიჩნევა. დღესდღეობით ზოგიერთ ქვეყანაში მათი გამოყენება ხდება ახალი ტიპის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ეს არის ურბანული ფერმების შექმნა, რომლებიც ქალაქში მოყვანილი პროდუქციის გასამდიდრებელ რესურსად გარდაქმნის საკვებ ნარჩენებს. ურბანული მეურნეობა არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქებში საკვების მოყვანას, ის ეხმარება მდგრადი ეკოსისტემების შექმნას, სადაც ნარჩენები ღირებულ რესურსად იქცევა. მისი განვითარებისას ნარჩენების მართვის ეფექტური პრაქტიკის დანერგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს უარყოფითი გავლენა გარემოზე, ამავდროულად გაზარდოს პროდუქტიულობა და შეამციროს ხარჯები.
სამზარეულოს ნარჩენების კომპოსტირებიდან დაწყებული წვიმის წყლის შეგროვებით დამთავრებული, ნარჩენების მართვის ეს ტექნიკები წრიული ეკონომიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ყოველდღიური „ნარჩენები“ შეიძლება იქცეს ძლიერ აქტივებად, რომლებიც კვებავს თქვენს მცენარეებს, დაზოგავს ძვირფას რესურსებს და ქმნის უფრო მდგრადი საკვების წარმოების სისტემას თქვენ ირგვლივ.
გამოწვევები
პირველ რიგში, ვისაუბროთ გამოწვევებზე. ქალაქები უზარმაზარი რაოდენობით საკვების ნარჩენებს წარმოქმნის. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 931 მილიონი ტონა საკვები იყრება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ურბანულ ცენტრებს.რესტორნებისა და სუპერმარკეტების ნარჩენებიდან დაწყებული, საცხოვრებელი სახლების ნარჩენებით დამთავრებული, ეს ნარჩენები ხშირად ნაგავსაყრელებზე ხვდება, სადაც ისინი სათბურის გაზების გამოყოფას უწყობს ხელს.
თუმცა ქალაქელი ფერმერების დიდი ნაწილი საკვების ნარჩენებს არა ნაგვად, არამედ საჭირო რესურსად აღიქვამს.
კომპოსტირება
კომპოსტირება საკვები ნარჩენების მდიდარ ნიადაგად გადაქცევის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მეთოდია. ურბანული ფერმები ხშირად იყენებენ კომპოსტირების სისტემებს, რომლითაც ნარჩენს ორგანულ სასუქად შლიან. ეს კომპოსტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს მიკრობულ სიცოცხლეს და აძლიერებს წყლის შეკავებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქებში არსებულ კომპაქტურ და ხშირად საკვები ნივთიერებებით გაღარიბებულ ნიადაგებში.
ნიუ-იორკის, ლონდონის და სინგაპურის მსგავს ქალაქებში ბევრ სახურავზე მოწყობილ ბაღსა და სათემო ფერმას ამჟამად პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ბიზნესებთან და მცხოვრებლებთანაც, რათა მათ შეაგროვონ ისეთი ნარჩენები, როგორიცაა ბოსტნეულის ქერქები ან ვადაგასული პროდუქტები.
ენერგიის წარმოება
ზოგიერთი ურბანული სოფლის მეურნეობის პროექტი თანამშრომლობს ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის ქარხნებთან, რომლებიც იყენებენ ანაერობულ დაშლას. ეს პროცესი შლის საკვების ნარჩენებს უჟანგბადო გარემოში, რათა წარმოქმნას ბიოგაზი (განახლებადი ენერგიის წყარო) და დაიჯესტატი, თანაპროდუქტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც თხევადი სასუქი.
სტოკჰოლმისა და სან-ფრანცისკოს მსგავს ადგილებში ურბანული საკვების ნარჩენებისგან წარმოქმნილი ბიოგაზი ცივ თვეებში მუნიციპალური მანქანების ენერგომომარაგებისთვის ან სათბურების გასათბობადაც კი გამოიყენება.
ორგანული საკვები ნივთიერებების ეფექტური გამოყენება
საკვების ნარჩენების გამოყენება ურბანულ მეურნეობაში წარმოადგენს წრიული ეკონომიკის ძირითად ელემენტს. ეს არის მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების აღმოფხვრას ხელახალი გამოყენებით. გადაყრის ნაცვლად საკვების ნარჩენები კომპოსტად იქცევა, რომელიც კვებავს მცენარეებს, მცენარეები კვებავს ადამიანებს და ეს ჯაჭვი ხელს უწყობს ციკლის ხელახლა წარმოქმნას. ეს არა მხოლოდ ამცირებს ნარჩენების ნაგავსაყრელებზე მოხვედრას, არამედ ამცირებს ნახშირბადის კვალსაც, რომელიც წარმოიქმნება საკვების წარმოებისა და ტრანსპორტირების დროს.
გამოწვევები და მომავლის პერსპექტივა
მიუხედად იმისა, რომ ამ სისტემის ყველგან ჩამოყალიბებას პერსპექტივა ნამდვილად დიდი აქვს, სირთულეების გარეშე სურსათის ნარჩენების ინტეგრირება ურბანულ მეურნეობაში არ ხდება. საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება, როგორებიცაა:
- საკვების ნარჩენების შეგროვების, დახარისხებისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკა
- არაორგანული ან არასწორად დახარისხებული მასალებით გამოწვეული დაბინძურების რისკების თავიდან აცილება
- მარეგულირებელი ბარიერების შექმნა, განსაკუთრებით, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში
ნებისმიერ სახელმწიფოში დიდი როლი და მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას ენიჭება. მან უნდა გაზარდოს გარემოსდაცვითი ცნობიერება და შეიმუშაოს ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიები.
ქალაქების ზრდასთან ერთად იზრდება მდგრადი გადაწყვეტილებების საჭიროება, რომლებიც როგორც სურსათის უვნებლობას, ასევე გარემოზე ზემოქმედებას ითვალისწინებს. საკვების ნარჩენებით მომუშავე ურბანული მეურნეობა პრაქტიკული და სულ უფრო აუცილებელი ინიციატივა ხდება, რომელიც ყველა ქალაქს უფრო მდგრადს გახდის.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.













