თანამედროვე სამყაროში ორგანიზაციის ან ბიზნესის ფლობა და მართვა მხოლოდ პროდუქტ-სერვისების შეთავაზებას არ მოიაზრებს მომხმარებლისთვის. ყველა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია გარემოსადმი და საზოგადოებისადმი. თანამედროვე კომპანიების როლი გარემოზე დადებითი გავლენის მოხდენის კუთხით ძალიან დიდია. სია იმ აქტივობებისა, თუ რა შეუძლიათ, გააკეთონ ორგანიზაციებმა გარემოსთვის, დიდია, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ აქცენტს პლასტმასის ნარჩენებზე გავაკეთებთ და გაგაცნობთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ კომპანიებმა პლასტმასის ნარჩენების შემცირება აუდიტის საშუალებით.
რა არის პლასტმასის ნარჩენების აუდიტი
აუდიტი – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზაცია ახდენს ნარჩენების წარმოქმნის წყაროების იდენტიფიცირებას და აღრიცხავს ყველა ტიპის ნარჩენს, რასაც კომპანია წარმოქმნის.
იმისთვის, რომ უკეთ ჩაატაროთ ეს აუდიტი, სამ ძირითად კითხვას უნდა უპასუხოთ:
- რა არის ის მასალა, რომელიც თქვენს ორგანიზაციაში ნარჩენად იქცევა?
- რამდენ ნარჩენს წარმოქმნის თქვენი ორგანიზაცია?
- ხდება თუ არა ამ ნარჩენების სათანადოდ უტილიზაცია?
მას შემდეგ, რაც ამ კითხვებს უპასუხებთ, ბევრად გაგიმარტივდებათ ნარჩენების მაქსიმალურად შემცირება.
რა უნდა იცოდეთ, სანამ აუდიტს ჩაატარებთ
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიძიოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ზოგადად ნარჩენების მართვის სისტემა თქვენს ორგანიზაციაში, მათი განადგურების რა საშუალებები გვაქვს, ხარისხდება თუ არა და რის მიხედვით ხარისხდება ნარჩენები, ანუ რა გზას გადის ნარჩენები თქვენი ორგანიზაციიდან რა გზას გადის ნარჩენები თქვენი ოფისიდან ცენტრალურ ობიექტებში და სხვა. თუ სპეციფიკურ პროდუქტს აწარმოებს, როგორებიცაა ქიმიკატები და მისთანები, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და გაარკვიოთ, სად და როგორ ხდება მათი გადამუშავება.
ამ პროცესში აუცილებელია პერსონალის ჩართვაც. თქვენმა გუნდის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ კომპანია ნარჩენების მართვას ყურადღებას აქცევს. შეგიძლიათ, მათ შესაბამისი გზამკვლევიც გაუკეთოთ, რათა იცოდნენ, როგორ მოექცნენ, მაგალითად, პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს და ა.შ.
როგორ უნდა ჩაატაროთ ნარჩენების აუდიტი
ნარჩენების აუდიტი აკვირდება ორგანიზაციაში შემოსულ ან შესყიდულ მასალებს და ორგანიზაციიდან გასულ ნარჩენებს. პირველი ყველაზე მარტივი საფეხურია შესყიდვების ანალიზი. შესყიდვების გადახედვით პირველი ზოგადი სურათი გვაქვს, რა რაოდენობით და რა ტიპის ერთჯერად პლასტმასას მოვიხმართ.
პირველ რიგში, აირჩიეთ დროითი ჩარჩო, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგს გაუწევთ თქვენს ორგანიზაციაში წარმოქმნილ ნარჩენებს. ის დამოკიდებულია თქვენს სურვილსა და დაკვირვებაზე, შეიძლება იყოს 24 სთ ან 1 კვირა;
შეაგროვეთ ყველა ის პლასტმასა, რომელიც ნარჩენების ურნაში ხვდება. დააკვირდით, რომელი ტიპის პლასტმასაზე შეგიძლიათ უარის თქმა და რომელია ის შეფუთვები, რომლებიც გადამუშავებას ექვემდებარება;
დაახარისხეთ ნარჩენები სწორად, კატეგორიების მიხედვით;
აწონეთ/გაზომეთ, რა რაოდენობის ნარჩენებს აგროვებთ შეთანხმებული დროის ფანჯარაში და რომელი კატეგორია რამდენს იწონის;
ჩაატარეთ ანგარიში და შეაფასეთ ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ნარჩენების რაოდენობა.
რა ხდება აუდიტის შემდეგ
მას შემდეგ, რაც ყველა ნაბიჯს გაივლით და აუდიტს ჩაატარებთ, უნდა დაიწყოთ ნარჩენების სწორი მართვა, რომელიც უნდა მიყვებოდეს ნარჩენების მართვის იერარქიას. ეს შეიძლება მოიცავდეს: ურნების რაოდენობის გაზრდას, ნიშნების დამატებას თქვენს ურნებზე, რათა სწორად დახარისხდეს ნარჩენები, თანამშრომლების ინფორმირებას ყველა ცვლილების შესახებ, თქვენ მიერ წარმოებული ნარჩენების რაოდენობის შემცირების გზის პოვნას და სხვა.
ნარჩენების აუდიტის უპირატესობები
ნარჩენების აუდიტი გეხმარებათ მათ სწორად მართვაში. ეს არის მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგი იმისა, თუ რა მუშაობს კარგად თქვენს კომპანიაში და რა – არა. აუდიტი გამოავლენს შეფერხებებს, პრობლემებს და, ასევე, წარმატებებსაც ადასტურებს. ეს საშუალებას გაძლევთ, სწორი კორექტივები შეიტანოთ ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
თუ აუდიტის დროს აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ნარჩენების უმეტესობა ნაგავსაყრელზე ხვდება, შეგიძლიათ, დაიწყოთ მართვის პროგრამის დახვეწა და შეისწავლოთ გადამუშავების მეთოდები.
მაგალითისთვის, თუკი ნარჩენების აუდიტმა აჩვენა, რომ მოცულობის თითქმის 30% ერთჯერადი ყავის ჭიქებისგან შედგებოდა, ოფისმა ის მრავალჯერადით ჩაანაცვლა და პერსონალსაც მოუწოდა ცვლილებებისკენ.
მეორე უპირატესობა არის თანხის დაზოგვა. ნარჩენების აუდიტი პოტენციური დანაზოგია კომპანიისთვის. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ხშირად ნარჩენების გადამისამართება შეიძლება სხვა ობიექტებში, რომლებიც ამაში კომპანიას ფულსაც კი უხდიან.
გარდა ამისა, აუდიტი დაგეხმარებათ, მოაგროვოთ სწორი მონაცემები და თავიდან აიცილოთ არასაჭირო ხარჯები, რომლებიც სხვადასხვა მასალის შეძენის დროს გაიღეთ.
რომ შევაჯამოთ, ნარჩენების აუდიტი კომპანიაში აუცილებელი პირობაა მათთვის, ვისაც გარემოზე ზრუნვაში წვლილის შეტანა სურს. ის ოპერაციული ცვლილებებისთვის აუცილებელი პირობაა, რათა სწორად შეძლოთ ნარჩენების მართვა ოფისში, დაზოგოთ ზედმეტი ხარჯი და გაზარდოთ თქვენი მდგრადობა. და ბოლოს, გახსოვდეთ – აუდიტი გეხმარებათ მონაცემების მოგროვებაში, ხოლო რაც უფრო მეტ მონაცემს აგროვებთ, უფრო სრულყოფილი სურათი გექმნებათ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ ნარჩენების წარმატებით მართვისთვის.
სტატია შექმნილია პროექტის „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების დანერგვის ხელშეწყობა, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
[R]