in

ნარინჯისფერი გრინჩი – ნიკა ჟღერიას #აზრები

M2
M2

სანამ კამპანიაზე მომიყოლია და ვითომ Clever სათაურის აზრი ამიხსნია, ოდნავი წინასიტყვაობა, მგონი მაინც საჭიროა, რადგან ამბავი, რომელსაც უნდა მოვყვე, 10 წლის წინ მოხდა, უფრო სწორად, დაიწყო. მაშინ, 2008-ში, 15 წლის ვიყავი და შემოდგომის სემესტრი სამშობლოსგან შორს, გერმანულ გიმნაზიაში გავატარე.

საკუთარი ფული არ მქონდა და მშობლების გადმორიცხვების იმედზე ვიყავი, შესაბამისად, იქაურ ბანკებთანაც ხშირად (ძირითადად Sparkasse-სთან) მიწევდა ურთიერთობა და მათთან დიდად სასიამოვნო გამოცდილება ნამდვილად არ მქონია. ყოველთვის ისე მიყურებდნენ და მესაუბრებოდნენ, გეგონება ეკონომიკური კრიზისი (მაშინ რომ ძალიან აქტუალური იყო) ჩემი ბრალი ყოფილიყო. ალბათ, თვლიდნენ, რომ ბავშვს ბანკში არაფერი ესაქმებოდა, ან რა ვიცი, რას თვლიდნენ, მემგონი, უბრალოდ, უემოციო ხალხი იყო.

ნიკა ჟღერია – Mr. Wolf, Tribal Chief

მოკლედ, 15 წლის ბავშვს ბანკებთან ურთიერთობის პირველი გამოცდილებიდან დიდად კარგი წარმოდგენა არ შემქმნია იქ მომუშავე ბიძია-დეიდებზე.

რეკლამებიც კი ეგეთი ჰქონდათ, ვიღაც ჰალსტუხიანი ბიძია-დეიდები იდგნენ და გეუბნებოდნენ, რამხელა ბანკია შფარქასე და როგორი მაგარი პროცენტები აქვთ.

საქართველოში დეკემბრის მეორე ნახევარში, უკვე გაზრდილი დავბრუნდი (არა, მართლა, 16-ის გავხდი იქ ყოფნისას) და აეროპორტში ჩემების მანქანაში, უკანა სავარძელზე ჩასხდომისას ღვედიც კი გავიკეთე, არადა მაშინ კანონიც არ იყო მიღებული ჯერ. ალბათ, კიდევ ბევრი რამე იყო შეცვლილი ჩემში, მაგრამ ისევე როგორც ადრე, ახლაც საახალწლო განწყობა დიდად მაინც არ მქონდა, არც არაფერს ველოდებოდი განსაკუთრებულს, ახალი წლის ღამისგან, სუფრებისგან, რეკლამებისგან, მით უმეტეს არაფერს ველოდი ბანკისგან (მიხვდით ხო, საით მივდივარ?).

მაგ პერიოდისთვის საახალწლო რეკლამასთან მხოლოდ კოკა-კოლას ქარავანი ასოცირდებოდა ჩემთვის, მაგრამ ეგეც მობეზრებული იყო, 15-ჯერ რომ რაღაცა გაქვს ნანახი, მეთექვსმეტედ, ალბათ, აღარ მოგინდება იმავეს ნახვა, ბოლობოლო Home Alone-ის ყურებასაც კი გადავეჩვიე ახალ წლებზე.

ზოგადად, კარგ რეკლამას როცა ვნახულობ („კარგი“, ალბათ, ძალიან სუბიექტურია, ჯობია, ვთქვა ისეთ რეკლამას, რომელიც ძალიან მომწონს), სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება მთელი დროის მანძილზე ზედაპირზე ტივტივებდა და ყველას გამორჩა, ვიღაცამ კი იპოვნა და შედევრად აქცია. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ 16 წლის ჟღერომ ეგრე იფიქრა, როდესაც პირველად ნახა Orange Santa, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ პირადად ჩემთვის ამ პლატფორმამ ორი მნიშვნელოვანი რამ შეცვალა: 

  • კოკა-კოლას ქარავანმა დაკარგა ჩემთვის აქტუალურობა და შესაბამისად, ყოველ ახალ წელს, ველოდები სანტას ან მასთან ასოცირებულ რაიმე აქტივობას;
  • გავიგე, რომ ბანკსაც შეიძლება ჰქონდეს იუმორის გრძნობა, შეეძლოს გართობა და რაც მთავარია, ემოციის გამოხატვა, ამან ძალიან გამიმარტივა ბანკებთან ურთიერთობა მომავალში, რადგან ბუები და ჰალსტუხიანი ბიძია-დეიდების მაგივრად სანტა მესაუბრებოდა.

მაგრამ, ალბათ, ამაზე მნიშვნელოვანია, რა გააკეთა სანტამ ინდუსტრიისთვის.

პირველ რიგში, მგონი, დროა, სათაური გამოვიყენო ერთხელ მაინც და ვთქვა, რომ საქართველოს ბანკმა ერთი ხელის მოსმით კოკა-კოლას გრინჩივით მოპარა ახალი წელი, დღესასწაული, რომელიც მასთან ათწლეულების მანძილზე ასოცირდებოდა, თან ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ არც მთავარი კონკურენტი დავიწყებიათ. ასეთი ქეისები თითზე ჩამოსათველელი რაოდენობით თუ იქნება მსოფლიოში, რომელთა სიაში სანტას, ჩემი აზრით, საპატიო ადგილი ეკუთვნის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სანტამ წინასაახალწლო პერიოდისთვის შექმნა ერთგვარი ბენჩმარკი, რომლის დამსახურებითაც უკვე 10 წლის მანძილზე საახალწლოდ (და არამარტო), როგორც საქართველოს ბანკი, ისევე სხვა ბრენდები სულ უფრო საინტერესო და მასშტაბურ კამპანიებს გვთავაზობენ და უფრო თამამ გადაწყვეტილებებსაც იღებენ, რაც კრეატიული ინდუსტრიისთვის მეტ თავისუფლებასა და საინტერესო გამოწვევებს ნიშნავს.

სწორედ 10 წლის წინ გამოჩენილი ნარინჯისფერი გრინჩის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი წელია, მთელი საქართველო, წინასაახალწლოდ, ფოსტაში დავრბივართ შეფუთული საჩუქრებით და ვინ იცის, იქნებ წელს მაინც არ გადამაგდოს ჩემმა სიქრეთ სანტამ.

გოლფის ქალაქი და საცხოვრებელი კომპლექსი თავისუფლების მოედნიდან 15 წუთში – „თბილისი ჰილსის“ პროექტი

ნამდვილი მამაკაცის აუცილებელი თვისებები! – Gillette-ის ვიდეორგოლი ​