სულ ცოტა ხნის წინ ჩეტბოტების პოტენციაში დედამიწის მასშტაბითაც კი გვეპარებოდა ეჭვი — არ ვიცოდით, რამდენად მოახერხებდა ხელოვნურად შექმნილი სისტემა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, კითხვებზე ადეკვატური პასუხების დაბრუნებას და ა. შ. თუმცა მიმდინარე წელს ყველა დავრწმუნდით (შემაძრწუნებლადაც კი) მსგავსი ტექნოლოგიების შესაძლებლობებში… იმდენადაც, რომ NASA საკუთარ ჩეტბოტს კოსმოსურ სივრცეში აამოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნასა ChatGPT-ის მსგავსი ასისტენტის შემუშავებას აპირებს, რომელსაც თავისი კოსმოსური ხომალდისთვის გამოიყენებს — ასტრონავტები კი მასთან კონტაქტის დამყარებას კოსმოსში შეძლებენ. სააგენტოს მიზანია, შექმნას სისტემა, რომელიც ასტრონავტებს საშუალებას მისცემს, ხომალდებთან ბუნებრივი ენის ინტერფეისის საშუალებით იურთიერთქმედონ.
NASA-მ განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის ტექნოლოგია სხვადასხვა ოპერაციის მართვაზე იზრუნებს — მაშინაც კი, როდესაც ბორტზე ადამიანების იქნებიან. ეს სისტემები მოიცავს ავტონომიურ მართვას, მონაცემთა გადაცემას, რაკეტის გამართულ მართვასა და სხვა. ცხადია, ეს ყველაფერი ასტრონავტებისთვის გარკვეული საქმეების შემსუბუქებას ემსახურება.
ამასთანავე, მეცნიერები უკვე წარმოიდგენენ პოტენციურ სცენარებს, სადაც AI სისტემას დამოუკიდებლად შეეძლება მონაცემთა გადაცემის ხარვეზების გადაჭრა და სხვა ციფრული შეფერხებების აღმოფხვრა. თანაც ტექნოლოგიის შესაძლებლობები გამორიცხავს ინჟინრის კოსმოსში გაგზავნის საჭიროებას ყოველ ჯერზე, როცა კოსმოსური ხომალდი რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.