NASA-მ, კომპანია Axiom Space Inc.-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სკაფანდრები წარმოადგინა, რომლებსაც არტემისის მისიებში გამოიყენებენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ მთვარის სკაფანდრები თეთრი უნდა იყოს, რათა სითბო აირეკლოს და ასტრონავტები უკიდურესად მაღალი ტემპერატურისგან დაიცვას, სკაფანდრის ზედა ფენა ამჟამად მხოლოდ საჩვენებელ დიზაინს მოიცავს“, — განმარტავს Axiom Space. ამიტომაცაა, რომ ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე სკაფანდრები მხოლოდ ნაწილობრივ წარადგინეს, რათა პატენტის რაიმე სახის ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო.
ეს საკმარისი აღმოჩნდა სკაფანდრის გაუმჯობესებული ფუნქციონირებისა და წარმადობის აღსაქმელად. უკვე 40 წელია, ასტრონავტებს ახალი სკაფანდრი არ ჰქონიათ და კვლავ კოსმოსური შატლის პროგრამისთვის შექმნილ პროტოტიპს იყენებენ. Axiom Space-მა კი ნასას მონაცემებისა და კვლევების საფუძველზე ფუნქციური სკაფანდრი შექმნა.
„აშკარად ვხედავთ, აპოლოს სკაფანდრებთან შედარებით, რამდენად გაუმჯობესებულია პროტოტიპი. არტემისის ასტრონავტები უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს და ადვილად შეძლებენ მანევრირებას“, — ამბობს რასელ რალსტონი, ინჟინერი Axiom Space-ში.
ამჟამად შემდგომ ეტაპს სკაფანდრის მაქსიმალურად დახვეწა წარმოადგენს, რისთვისაც უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ.