მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ბნელი მატერიის დანახვას… თუმცა, შესაძლოა, მალე მისი გაზომვა ახალი საინტერესო გზით შეძლონ. ბნელი მატერიის ძალა, სავარაუდოდ, კოსმოსური ხომალდის გაგზავნით გაიზომება.
იდეა “გალაქტიკური ძალის” შესწავლაა. თუ წვდომა სწორ მონაცემებზე ექნებათ, ეს მაჩვენებელი შედარებით მარტივი გამოსათვლელია. როგორც NASA-ში აცხადებენ, შესაძლოა, ამ მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი გზა ღრმა კოსმოსური მისია იყოს, რომელიც ბნელი მატერიის საიდუმლოებების გამოსაკვლევად შეიქმნა.
ბელბრუნომ და ჯიმ გრინმა, NASA-ს მრჩეველმა და კვლევის თანაავტორმა, განაცხადეს, რომ კოსმოსურ ხომალდს 100 ასტრონომიული ერთეულის გავლა შეუძლია, ანუ დედამიწასა და მზეს შორის 100-ჯერ მეტი მანძილის. სპეციალური ამრეკლავი ბურთი კი გალაქტიკურ ძალებს გაზომავს. ბირთვში არსებული რადიოაქტიური იზოტოპებიდან, კოსმოსური ხომალდი როგორც გალაქტიკურს, ისე თერმულ ძალებს ექვემდებარება. თერმული ძალების გამოკლებით კი, მკვლევრები დაინახავენ, როგორ უკავშირდება გალაქტიკური ძალა ბურთისა და ხომალდის შესაბამის ტრაექტორიათა გადახრებს, რასაც NASA, თავის მხრივ, ლაზერული სხივებით გაზომავს.
მართალია, ხომალდს ტექნიკურად მხოლოდ 100 ასტრონომიული ერთეულის გავლა დასჭირდება, მაგრამ მკვლევრებს სურთ, კოსმოსური ხომალდის მიერ გავლილმა მანძილმა 500 ასტრონომიულ ერთეულს მიაღწიოს. ეს კი მნიშვნელოვნად აღემატება Voyager I-ს, ყველაზე შორს მყოფ ხომალდს, რომელიც ამჟამად დედამიწიდან დაახლოებით 156 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.
ღრმა კოსმოსურმა მისიამ, თავის მხრივ, შესაძლოა, უზარმაზარ აღმოჩენამდე მიგვიყვანოს და იმის გაგებაშიც დაგვეხმაროს, როგორ მოქმედებს ბნელი მატერია ჩვენს გალაქტიკაზე.













