in

NASA-მ ჩვენი თვალისთვის უხილავი სამყაროს ფოტოები გამოაქვეყნა!

NASA ათწლეულების მანძილზე იყენებს X-სხივებს სამყაროს უხილავი საიდუმლოებების გამოსავლენად. მართალია, 70-იან წლებში აინშტაინის ობსერვატორია გახდა პიონერი X-სხივების ასტრონომიით, მაგრამ გვირგვინი მაინც Chandra X-ray Observatory-ის გადაეცემა, რომელიც კოსმოსს ბოლო 25 წელია შეისწავლის. ახლა კი სწორედ მის საოცარ აღმოჩენებს გაგიზიარებთ.

M2
M2

თუმცა მანამდე გეტყვით, რომ კოსმოსური ტელესკოპი 1999 წლის 23 ივლისს გაეშვა და ყველაზე მძიმე ტვირთი იყო მათ შორის, რაც კოსმოსურ შატლს უტარებია.

მართალია, რენტგენის სხივები სინათლის ხილულ დიაპაზონში არ ექცევა, მაგრამ ისინი ნამდვილად მიგვითითებენ კოსმოსში არსებულ დრამატულ მოვლენებზე. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასტრონომებში. თანაც ხშირად იმ ობიექტებიდან მოდის, რომლებსაც ექსტრემალური სიცხე ან მოვლენები ახასიათებს, რაც ბევრ ენერგიას გამოყოფს, იქნება ეს ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიღებული ნარჩენები თუ ძალიან გაცხელებული მასალა, რომელიც შავი ხვრელის ირგვლივ ტრიალებს. 

Chandra კი ხშირად ისეთ ახალ დეტალებს ავლენს, რომლებსაც სხვა ტელესკოპები ვერ ხედავს:

აი, ამ სურათში რომელიც ჯეიმს ვებისა და ჩანდრას მონაცემებს აერთიანებს, ვების დაკვირვებები ღრუბლის ფორმირებას ასახავს: იგი გამუდმებით შობს ახალ ვარსკვლავებს! Chandra კი აქ ახალგაზრდა ვარსკვლავების ზღვას გვთავაზობს, რომლებიც X-სხივებს ნათლად გვაჩვენებს — ეს სურათზე მიმოფანტული ფერადი წერტილებია.

თუნდაც გალაქტიკის იასამნისფერი წერტილები ავიღოთ, რომლებიც ჩანდრას დაფიქსირებულ რენტგენის სხივების ავტორ ობიექტებს ასახავს:

X-სხივების ხედვამ ასევე დაგვიდასტურა, რომ სამყარო შავი ხვრელებით სავსეა.

თუმცა Chandra-ს მიღწევები ამით არ მთავრდება, მათ შორისაა შავი მატერიის არსებობის პირველი პირდაპირი სამხილი, რომელიც სრულად უხილავია, იდუმალი ნივთიერებაა, რომელიც სამყაროს 27%-ს შეადგენს… 

აღნიშნული კოსმოსური ტელესკოპი პირველი იყო მათ შორისაც, რომელმაც პირდაპირ აღმოაჩინა ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება, რომლებიც გრავიტაციულ ტალღებს სამყაროში გზავნიდა. იუპიტერის პოლარული ნათების X-სხივების ემისიებიც გვაჩვენა, რაც დედამიწის ჩრდილოეთის ციალის მსგავსი ფენომენია:

სურათები ასევე ასახავს X-სხივების ემისიების გროვებს, რომლებიც გიგანტური პლანეტის ირგვლივ ბრუნავს. 

მთლიანობაში Chandra-მ თითქმის 25 000 კვლევა განახორციელა და ასე ნასას ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ასტროფიზიკის მისიადაც მოგვევლინა. მის მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებს 10 000-ზე მეტი ნაშრომი აქვთ დაწერილი!

საოცარ ფოტოებს შორის კი უმეტესობა ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპთან თანამშრომლობით შემოგვთავაზა. ძალების გაერთიანებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ისეთი იდუმალი სტრუქტურა გამოევლინა, როგორიცაა სუპერნოვას ნარჩენში არსებული Green Monster. სურათის ცენტრში გვხვდება, წითელ და ლურჯ სინათლეებთან ერთად:

როგორც აღმოჩნდა, Chandra-მ საკუთარი მზერა გალაქტიკის ცენტრისკენაც მიმართა:

ჯერ კიდევ მაისში ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში ცხელი აირების ნაკადს მიაგნეს, რასაც გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის ამოფრქვევებს მიაწერენ. აი, ფოტოც:

მიუხედავად ამ საოცარი კადრებისა, Chandra მისიის ბოლოს უახლოვდება, რაც ბიუჯეტის შემცირების შედეგია… ნასას 2025 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა ჩანდრას 68 მილიონით დაფინანსებას მოიცავდა, რაც 42 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ამის შემდგომ, ჩანდრას ყოველწლიურად 26.6 მილიონ დოლარს სთავაზობენ, რაც საგრძნობლად დაიწევს და 2029 წლისთვის 5.2 მილიონ დოლარამდე დაეცემა. 

თუმცა ამჯერად მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, რადგან Chandra კვლავ ფუნქციონირებს და ვიზუალურად შთამბეჭდავი აღმოჩენების გაკეთებასაც აგრძელებს. ხოლო, სანამ ასე იქნება, იგი კოსმოსის უხილავ საიდუმლოებებსაც გაგვიმხელს!

 

„ყველაფერი ბიზნესისთვის“ – როგორ შეიქმნა თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია

მოითხოვს თუ არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის ქცევის შეცვლას?