1
Apr
2018

ქართველი ძაღლები, შესაძლოა, მარსზე გაგზავნონ! NASA-ს წერილი „ზოომარტს“

1 Apr 2018

გახსოვთ ბელკა და სტრელკა? მათი ჩათვლით, 50-60-იან წლებში, კოსმოსში საბჭოთა 57-მა ძაღლმა იმოგზაურა, თუმცა, ყველა შემთხვევა წარმატებული არ ყოფილა. კოსმოსის პირველი მკვლევარების – ჩვენი ოთხფეხა მეგობრების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. თუ 50-60-იან წლებში, დედამიწის გარშემო 5 წრის შესრულება ისტორიულ მოვლენად ითვლებოდა, დღეს, კაცობრიობა კოსმოსის შესწავლის მიმართულებით, ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მით უფრო, ილონ მასკის Falcon Heavy-ს რევოლუციური წარმატების შემდეგ, რაც მარსის კოლონიზაციისკენ ახალი, სწრაფი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას გვაძლევს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ქართული ზოომააღაზიათა ქსელ „ზოომარტის“ განცხადებით, NASA-ს ახალი მისია DogX 2019 მარსის მკვლევარ პირველ კოსმონავტებთან ერთად, წითელ პლანეტაზე შინაური ცხოველების გაგზავნას ითვალისწინებს. ხოლო, როგორც მისიის წინმსწრები, 2 წლიანი კვლევის შედეგმა ცხადჰყო, საქართველოში უნიკალური კლიმატური პირობებია და აქ გაზრდილი ძაღლები კარგად ადაპტირდებიან კოსმოსში.

აღნიშნულ მონაცემზე დაყრდნობით, საქართველოში ცხოველების შერჩევა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და ამ საკითხში NASA-ს პარტნიორი ქართული ზოომაღაზიათა ქსელი „ზოომარტი“ იქნება. შერჩეულ ცხოველს ოფიციალურად მიენიჭება საქართველოს წარმომადგენელის სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პირველი სულიერი იქნება საქართველოდან, ვინც მარსზე იმოგზაურებს. მარსის მისიამდე შერჩეული ძაღლი კი 1 წლიან მოსამზადებელ პროგრამას გაივლის – აღნიშნულის შესახებაც ინფორმაციას „ზოომარტის“ წერილიდან ვიღებთ.

„გუშინ მივიღეთ ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი შეტყობინება. თითქმის, 2 წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო, საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA-სა და SpaceX-ის მიერ, მოხდება ძაღლების შერჩევა კოსმოსური მისიისთვის“, – „ზოომარტი“, განცხადებასთან ერთად აქვეყნებს NASA-ს წერილსაც:

„ზოომარტმა“ NASA-სგან მიიღო პროგრამის ოფიციალური მასპინძლის აკრედიტაცია და ჩართული იქნება ცხოველის შერჩევის საორანიზაციო საკითხებში, მის 3 კაციან სამუშაო დელეგაციასთან ერთად: William E. Campbell (მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კინოლოგი), Dr. Laurie Coger (ცხოველების ფიზიოთერაპევტი) და Ann-Sofie Schreurs (პროგრამის კოორდინატორი)“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გაიხსნება სპეციალური ქართულენოვანი ვებგვერდი, საიდანაც მისიასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ადგილობრივ მედიასთან შეხვედრას კი NASA-ს დელეგაცია უახლოეს დღეებში დაგეგმავს.

„აღნიშნული მისია არ არის ე.წ ექსპერიმენტული სახის. გაფრენა არის უსაფრთხო, ნასას ასტრონავტებთან ერთად, ცხოველის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე ემუქრება“, – განმარტავენ „ზოომარტის“ წარმომადგენლები.

თუმცა, აღნიშნული განცხადება საპირველაპრილო ხუმრობაა და „ზოომარტის“, მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ შერჩეულ სახალისო ხერხს წარმოადგენს.

განხილვა