პირდაპირ რომ ვთქვათ, კაცობრიობის ამბიციურ მიზნებს შორის World Wide Web-ის გალაქტიკამდე გაფართოებაცაა. თუმცა ნურც რაღაც შორეული ოცნება გეგონებათ, რადგან ნასამ ექსპერიმენტით წარმოგვიდგინა ის ძირითადი ტექნოლოგია, რომელიც, შესაძლოა, ლაზერის საშუალებით 16 მილიონ კილომეტრზე შეტყობინების გადაცემაში დაგვეხმაროს! ეს კი დაახლოებით 40-ჯერ შორს არის იმაზე, ვიდრე მთვარე დედამიწიდან…
პირველი შემთხვევაც იყო, როცა ოპტიკური კომუნიკაციები ასეთ შორ მანძილზე გაგზავნეს და ეს გასული წლის ნოემბერში მოხდა. ტრადიციულად კი კოსმოსურ ხომალდებთან სასაუბროდ რადიო ტალღებს იყენებენ, მაგრამ სინათლის უფრო მაღალი სიხშირეები გამტარუნარიანობას ზრდის და მონაცემთა სიჩქარის ზრდას გვთავაზობს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ამბავი ზუსტად იმ რეალობასთან გვაახლოებს, როცა მაღალი ხარისხის ვიდეო შეტყობინებების გაგზავნა მარსზე და იქიდან პასუხის მიღებაც, მნიშვნელოვანი შეყოვნების გარეშე, შესაძლებელი იქნება.
აღნიშნული ტექნოლოგია ნასას Deep Space Optical Communications-ის (DSOC) ექსპერიმენტის ნაწილია, რასაც ხშირად „პირველი ნათების“ სახელითაც მოიხსენიებენ — „ამის მიღწევა მომდევნო თვეებში გზას გაუხსნის მონაცემების უფრო მაღალი სიჩქარით კომუნიკაციებს, რაშიც იგულისხმება მეცნიერული ინფორმაციის, მაღალი გარჩევადობის სურათებისა და ვიდეოების გადაცემის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, კაცობრიობისთვის უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს“.
მსგავს ტექნოლოგიებს დედამიწაზე ჩვეულებრივ ვიყენებთ, მაგრამ ამჯერად ისე განავითარეს, რომ კოსმოსშიც შეგვძლებოდა მისით სარგებლობა და დედამიწაზე ინფორმაციების დაბრუნების არსებული მეთოდების გაუმჯობესებაც. თანაც ინფრაწითელი ნათებით ინჟინრებს მარტივად შეუძლიათ ტალღების ლაზერული ფორმით გადაცემა. უფრო სწრაფად კი არ გადაადგილდება, მაგრამ მეტად მოწესრიგებულ, თანმიმდევრულ გზას გვთავაზობს, რომელიც ნაკლებ ენერგიასაც მოითხოვს და უფრო მდგრადიცაა.
თუმცა ეს უკანასკნელი სულაც არ ნიშნავს, რომ მარტივია. ინფორმაციის გადაცემის პროცესში მთელი რიგი კომპლექსური ტექნოლოგიებია ჩართული… აქ კიდევ ერთი გამოწვევა რეალურ დროში სისტემის ადაპტირებაც იყო — ექსპერიმენტის დროს ლაზერულ ფოტონებს კოსმოსური ხომალდიდან ტელესკოპამდე მისასვლელად დაახლოებით 50 წამი დასჭირდა. აქ Psyche-ის კოსმოსურ ხომალდს მოვიაზრებთ, რომელიც მრავალწლიან მისიას უდგას სათავეში და გეზი მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდული სარტყლისკენ აქვს აღებული. იგი კალიფორნიაში არსებულ Hale Telescope-ს დაუკავშირდა.
„ეს დიდი გამოწვევა იყო. მართალია, ჯერ კიდევ მრავალი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ახლა მონაცემების გადაცემა, მიღება და დეკოდირება შევძელით“, — აცხადებს მეერა სრინივასანი, DSOC-ის ოპერაციების ხელმძღვანელი.