სამეცნიერო ფანტასტიკამ ასე თუ ისე დაგვაჯერა შორეულ პლანეტებზე არსებული სამყაროების შესახებ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეგზოპლანეტები რეალობაა და მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრში აღარ ცხოვრობს. NASA კი ახლა ზუსტად ამ უკანასკნელს ადასტურებს Exoplanet Catalog-ის გამოშვებით, რომელიც, თავის მხრივ, WM Keck Observatory-თან თანამშრომლობის შედეგად Transiting Exoplanet Survey Satellite-ისგან (TESS) მიიღო. მოკლედ, სურს, გვითხრას, რომ ამ სამყაროში მარტო არ ვართ…
ამგვარად, 126 ეგზოპლანეტისგან შექმნილ საგანძურს გვთავაზობენ, რომლებიც პლანეტარული მრავალფეროვნების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს თავდაყირა აყენებს. კონკრეტულ ეგზოპლანეტებზე მრავალფეროვან ინფორმაციას გვაწვდიან, ციური სხეულის ზომის, მასისა და ორბიტალური პერიოდის გარდა, კატალოგი მასპინძელი ვარსკვლავის მახასიათებლებსაც იკვლევს და პლანეტარული სისტემის ჰოლისტიკურ ხედვას გვაწვდის. ეს ინფორმაცია კი მნიშვნელოვანია პოტენციურად დასახლებადი პლანეტების ძიებისას.
ინტერაქციული ვიზუალიზაციის მახასიათებლით მომხმარებლებს ამ უჩვეულო სამყაროების 3D მოდელების გამოცდა შეეძლებათ, მათი სამეზობლოს დათვალიერება, დაწყებული გაზის გიგანტებიდან კლდოვან სამყაროებამდე, რომლებიც საცხოვრებელ ზონებში გვხვდება.
„ამ ინფორმაციით შეგვიძლია დავიწყოთ კითხვებზე პასუხის გაცემა იმის შესახებ, თუ რა ადგილს იკავებს ჩვენი მზის სისტემა სამყაროში“, — აცხადებს სტივენ კეინი, დოქტორი.
აღსანიშნავია, რომ კოლექცია სამი წელია მზადების ფაზაშია, რაც მოიცავს მცირე გრავიტაციული რხევების დაახლოებით 13 000-ს გაზომვას, რომლებსაც ეგზოპლანეტები მასპინძელი ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნვის შედეგად იწვევს. სწორედ აქ ხდება ის, რასაც დოპლერის ეფექტს უწოდებენ… ამ მცირე რხევების გაზომვით კი ასტრონომები ეგზოპლანეტების მასის დადგენასაც შეძლებენ.