in

NASA და JAXA კოსმოსში მაგნოლიის ხის სატელიტს გაუშვებენ

Jaxa და Nasa ზაფხულისთვის კოსმოსში LignoSat-ის გაშვებას აპირებენ, ანუ პირველი სატელიტის, რომელიც თითქმის სრულად ხისგანაა დამზადებული. მისია კი მდგრადი მასალების შესწავლას ემსახურება, რათა კოსმოსის დაბინძურების პრობლემას გაუმკლავდნენ… 

M2
M2

LignoSat კიოტოს უნივერსიტეტისა და Sumitomo Forestry-ის ექსპერტებმა მაგნოლიის ხისგან შექმნეს. თუმცა მაგნოლიამდე მეცნიერებმა ხის ბევრი ვარიანტი გამოცადეს ISS-ზე, მათ შორის ალუბლისა და არყის ხეებიც, რათა ენახათ, როგორ გაუძლებდა თითოეული კოსმოსურ პირობებს. მაგნოლია კი, მისი შთამბეჭდავი სიმყარისა და გამძლეობის გამო, საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა, რაც თუ კოსმოსის მკაცრ პირობებსაც გავითვალისწინებთ, მას ექსპერიმენტის იდეალურ კანდიდატად აქცევს. 

ხის სატელიტი დაახლოებით ყავის ჭიქის ზომისაა, მაგრამ ზომამ არ მოგატყუოთ, რადგან მას უზარმაზარი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კოსმოსისთვის მასალების შერჩევის პროცესზე. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ცა სავსეა კოსმოსური ნარჩენებით, მათი ოდენობა უკვე 9300 ტონას აღემატება, იქნება ეს უფუნქციო სატელიტები თუ რაკეტის ნაწილები, რომლებსაც წვლილი შეაქვს სინათლის დაბინძურებაში.

ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს მოქმედებაში მყოფ კოსმოსურ ხომალდებსა თუ ISS-ს. გამოსავალს კი ახლა სწორედ ხის თანამგზავრებში ხედავენ. თანაც განსხვავებით მეტალის წინამორბედებისგან, ხის სატელიტები ისეა შექმნილი, რომ სრულად დაიწვას დედამიწის ატმოსფეროში. ნარჩენების დატოვების ნაცვლად კი, ისეთ ბიოდეგრადირებად ფერფლად გადაიქცევა, რომელიც არაფერს დააზიანებს მაშინ, როცა მეტალის სატელიტები ალუმინის ნაწილაკებს დიდი ხნის მანძილზე ტოვებს ატმოსფეროში. ამგვარად, კოსმოსური მისიების მავნე ეკოლოგიური გავლენაც შემსუბუქდება.

გამოდის, თუ ეს პროექტი წარმატებული იქნება, კოსმოსშიც უფრო მეტ ხის სატელიტს ვიხილავთ, რითაც სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება…

CSR, როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს — თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს

ნეტავ, რა არის NETAV პოდკასტი?!