ნიცშეს უთქვამს, როცა უფსკრულში იყურები, უნდა იცოდე რომ უფსკრულიც შემოგყურებსო და ახლა, 140 წლის შემდეგ, რაღაც ასეთი ხდება კოსმოსში. ოღონდ ამჯერად 80 მილიონი სინათლის წლის გალაქტიკებს ვუყურებთ, რომლებიც ძალიან ჰგავს საშიშ თვალებს. NGC 2207 და IC 2163 შეჯახების პროცესში ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპებმა დააფიქსირა. ეს ინტერაქცია კი ერთ დღესაც უფრო დიდ გალაქტიკას შემოგვთავაზებს, მის ცენტრში მოქცეული სუპერმასიური შავი ხვრელით.
თუმცა გალაქტიკების შერწყმა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ისინი ერთმანეთის ირგვლივ ნელი კოსმოსური სვლით მოძრაობენ, სანამ საბოლოოდ შეერთდებიან. საინტერესოა, რომ ერთი შეხება უკვე მოხდა მილიონობით წლის წინ, ახლა კი გალაქტიკებმა კვლავ ერთმანეთის ირგვლივ ბრუნვა დაიწყო. ხოლო ის, რასაც ახლა ვხედავთ, ჯერ მაინც შორს არის შეერთებისგან. ორივეს კვლავ აქვს სპირალური სტრუქტურა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთზე უმნიშვნელო გავლენა აქვს — ერთმანეთთან მიზიდულობით ორივე გალაქტიკა ვარსკვლავების ფორმირებას გვთავაზობს.
ასე იმიტომ ხდება, რომ NGC 2207-ისა და IC 2163-ის გალაქტიკებში არსებული ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბლები იკუმშება. ვარსკვლავები კი მაშინ წარმოიქმნება, როცა ამ ღრუბლებში არსებული მკვრივი გროვები გრავიტაციის ქვეშ იშლება და ასე პატარა ვარსკვლავების ჩამოსაყალიბებლად საჭირო მარცვლები იბადება, რომლებიც შემდგომში ტრიალებს და მათ ირგვლივ არსებული გაზის მასალის შემოკრებით იზრდება.
ეს გალაქტიკები ათობით მზისხელა ვარსკვლავს აწარმოებს ყოველწლიურად, მასთან შედარებით კი ჩვენი ირმის ნახტომი მეტად მოკრძალებულია… თუმცა იქ, სადაც ამდენი ვარსკვლავი იბადება, საკმაოდ ხშირია ვარსკვლავების სიკვდილიც. მოკლე სიცოცხლის ციკლი აქვს და სუპერნოვებში ფეთქდება, რასაც დაბადების, სიკვდილისა და კვლავ დაბადების ჯაჭვურ რეაქციამდე მივყავართ.
ვარსკვლავების ფორმირების ეს რეგიონები Hubble-მა ბრჭყვიალა, ნათელი, მკრთალი ლურჯი და ულტრაიისფერი გამოსახულებით გვაჩვენა. ხოლო, JWST-ის ინფრაწითელი კამერა მტვერსაც აფიქსირებს. სათქმელი მეტი აღარაფერი გვაქვს, ახლა კი შეგიძლიათ თავადვე დააკვირდეთ, მართალი იყო თუ არა ნიცშე…