in

ნახეთ: NASA ლურჯი დიუნების ულამაზეს ფოტოს ავრცელებს

ფოტო ორბიტერ Mars Odyssey-ის ინფრაწითელი კამერის მიერაა გადაღებული

ალბათ გსმენიათ ლურჯი მთვარეების შესახებ, მაგრამ რას იტყვით ლურჯ დიუნებზე? კერძოდ, გაგიგიათ რაიმე მარსზე არსებულ ლურჯ დიუნებზე? თუ არა, ნუ ღელავთ, ჩვენი თვალსაწიერის გაზრდაზე NASA-მ იზრუნა – ხუთშაბათს, აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ ულამაზესი ფოტო გამოაქვეყნა, სათაურით: “ლურჯი დიუნები წითელ პლანეტაზე”.

ფოტო ორბიტერ Mars Odyssey-ის ინფრაწითელ კამერას ეკუთვნის, რომელსაც თერმული ემისიის გამოსახულების სისტემა (THEMIS) ეწოდება. გამოსახულების ყველაზე თვალსაჩინო მხარეს დიუნების მკაფიო შეფერილობა წარმოადგენს. როგორც სააგენტო აღწერს, ამ “ცრუ” ფერებს სხვადასხვა ტემპერატურა განაპირობებს, რომლებიც კონკრეტულ ფერებს შეესაბამება. ნარინჯისფერი თბილ ტემპერატურას მიანიშნებს, ლურჯი კი – ცივს.

დიუნები ძლიერი ქარისგან წარმოიქმნება და მარსის ჩრდილოეთ პოლარული ყინულის ქუდს აკრავს გარს. ახლად გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახული დიუნების ზომა საკმაოდ დიდია და თუ შედარებით მასშტაბს დავუჯერებთ, ისინი ტექსასის შტატის ზომის ტერიტორიას უნდა ფარავდეს.

როგორც სააგენტო განმარტავს, THEMIS პლანეტის ზედაპირის ტემპერატურას დღე-ღამის განმავლობაში ზომავს, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ, რა ფიზიკური მასალები არსებობს, როგორიცაა ქვა, ქვიშა ან მტვერი. მისი მონაცემები ცხადყოფს, როგორ იცვლება ტემპერატურა დღის განმავლობაში.

სწორედ ამ დაკვირვების შედეგია ლურჯი დიუნების გამოსახულება, რომელიც 2002 წლიდან 2004-მდე ინტერვალში ორბიტერის მიერ გადაღებული ფოტოებისგან შედგება. ეს სურათების ისტორიული კოლექციაა, რომელიც Mars Odyssey-ის 20 წლის იუბილეს უკავშირდება – ორბიტერი 2001 წლის 7 აპრილს გაეშვა კოსმოსურ სივრცეში.

ხილის ქერქისგან დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები

ტურისტმა, ტბაში ჩავარდნილი iPhone ერთი წლის შემდეგ დაიბრუნა