გსურთ მარსზე ცხოვრების გამოცდილება მიიღოთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, რომ იქ მისასვლელად ცხრა თვიანი კოსმოსური ფრენის მზაობა გაქვთ? NASA ეძებს კანდიდატებს, რომლებიც ერთწლიანი ანალოგიური ჰაბიტატის ეკიპაჟის წევრები იქნებიან, რათა წითელ პლანეტაზე ცხოვრების იმიტაცია მოახდინონ.
პროექტი 2022 წლის შემოდგომიდან ჰიუსტონში დაიწყება და მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ეკიპაჟის წევრები ანაზღაურებასაც კი მიიღებენ. მისი მიზანი საკმაოდ ცხადია – მეცნიერებს სურთ გაიგონ, როგორ შეუძლიათ ასტრონავტებს მარსის გრძელვადიან მისიაში მონაწილეობა. ხმელეთზე ჩატარებული სიმულაცია ამის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა.
იმისათვის, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოთ, სულ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებაა საჭირო – უნდა იყოთ ჯანმრთელი, აშშ-ს მოქალაქე ან მუდმივი რეზიდენტი, 30-დან 55-წლამდე ასაკის, არამწეველი, შეგეძლოთ ინგლისურად საუბარი და რა თქმა უნდა, გაგაჩნდეთ მოტივაციის მაღალი დონე.

NASA იმედოვნებს, რომ ერთ წლიანი სიმულაციის ორგანიზებას 2024-2025 წლებში სამი ახალი მისიები მოჰყვება. სიმულაციები NASA’s Johnson Space Center-ს დაეფუძნება, თითოეული სიმულაციისთვის ეკიპაჟის ოთხი წევრით, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ 1 700 კვადრატული ფუტის ფართობზე, 3D დაბეჭდილ მოდულში, სახელწოდებით Mars Dune Alpha. აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსგავსი მისიები მეთოდებისა და ტექნოლოგიების შემუშავებას უწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ, პოტენციური კოსმოსური ფრენების მსვლელობაში პოტენციური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს.
“ანალოგი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა მარსიანულ ზედაპირზე ცხოვრების რთული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. დედამიწაზე ჩატარებული სიმულაციები დაგვეხმარება შევისწავლოთ და გავუმკლავდეთ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს, რომლებსაც ასტრონავტები წააწყდებიან” – აცხადებს გრეის დუგლასი, NASA-ს წარმომადგენელი.
ზოგიერთი გამოწვევა, რომელსაც სუბიექტები გამოცდიან, რესურსების შეზღუდვასთან, აღჭურვილობის გაუმართაობასთან, კომუნიკაციის შეფერხებებთან და სხვა სტრესულ ფაქტორებთან იქნება დაკავშირებული. მრავალი კოსმოსური ექსპერტი და ქცევითი მეცნიერი თვლის, რომ მარსზე ადამიანის მისიების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ დედამიწასთან შეზღუდული და დაგვიანებული კომუნიკაცია წარმოადგენს.
“უზარმაზარი გარდამტეხი მომენტი მაშინ დგება, როდესაც დედამიწასთან რეალურ დროში არ გვაქვს კავშირი. ვფიქრობ, ადამიანები ჯერ ვერც კი აცნობიერებენ, რამდენად შეცვლის ეს პროექტი კოსმოსურ კვლევას” – აღნიშნა დოქტორ ალბერტ ჰოლანდმა, უფროსმა ოპერაციულმა ფსიქოლოგმა, რომელიც NASA– ს ქცევითი ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გუნდს ხელმძღვანელობს.

მთვარესთან კომუნიკაციისას 1.3 წამიანი შეფერხებაა, ამიტომ რეალურ დროში საუბარი ჯერ კიდევ შესაძლებელია, როდესაც ეკიპაჟი დედამიწასთან კავშირს ინარჩუნებს. ხოლო როგორც კი კომუნიკაციის შეფერხება ხდება, მისიები რადიკალურ ცვლილებებს განიცდის.
“ეკიპაჟს მეტი ავტონომია და თვითკმარობა დასჭირდება, რაც ძირითად ტექნიკურ სფეროებში გადაფარვას მოითხოვს. მაგალითად მაშინ, როცა ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კავშირს მოწყვეტილი ან დაკარგულია. ეკიპაჟს ძალაუფლების უფრო ძლიერი, ვერტიკალური, იერარქიული ხაზი დასჭირდება, ვიდრე ამჟამად გვაქვს კოსმოსურ სადგურზე” – განმარტავს ჰოლანდი.
ეკიპაჟის ზოგიერთი ამოცანა, რომელსაც NASA ამ ანალოგიური მისიებისგან ელოდება, მოიცავს კოსმოსური გასეირნების სიმულაციას, სამეცნიერო კვლევას, ვირტუალურ რეალობას, რობოტების კონტროლს და კომუნიკაციებს. შედეგები, სისტემის ვალიდაციისა და გადაწყვეტის შემუშავებისათვის, მნიშვნელოვან მეცნიერულ მტკიცებულებებს მოგვცემს.











