უკვე შევეჩვიეთ იმ აზრს, რომ კოსმოსური სივრცე საიდუმლოებებითაა სავსე. უბრალოდ, ზოგჯერ სამყარო ისეთ მოულოდნელ რაღაცას „გადმოისვრის“ ჩვენი ცნობისმოყვარეობისკენ, რომ შეუძლებელია მისი უარყოფა. ამჯერად იუპიტერზე, ჩვენი მზის სისტემის გიგანტზე უნდა ვისაუბროთ — როდესაც ნასას ხომალდმა, Juno-მ ერთ-ერთი ჩაფრენისას კოლოსალურად მცირე მანძილიდან გადაიღო, პლანეტის ზედაპირზე „სახე“ დააფიქსირეს.
უფრო კონკრეტულად, მასზე იუპიტერის ატმოსფეროში, დღე-ღამის გამყოფ ზონაში, არსებული ტურბულენტური ღრუბლები და შტორმებია აღბეჭდილი. ამან კი პარეიოდოლიის ეფექტი გამოიწვია. ეს უკანასკნელი ფსიქოლოგიური ფენომენია, რომლის მიხედვითაც, შემთხვევით ვიზუალებს ნაცნობ ნიმუშებს ვარგებთ — მაგალითად, სახეს ვხედავთ იქ, სადაც სრულებით სხვა გამოსახულებაა. ეს კადრიც ანალოგიური შემთხვევის მაგალითია.
სურათი, რომელზეც სახეა ნაჩვენები, მოყვარულმა მეცნიერმა, ვლადიმირ ტარასოვმა, დაამუშავა. მან ზონდზე დამონტაჟებული ხელსაწყოს JunoCam მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენა, რომელიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
ამასთან, NASA-ში გადაწყვიტეს, აღნიშნული კადრი თემატურ კონტექსტში მოექციათ: კერძოდ, ჰელოუინისა და ლეგენდარული ხელოვანის, პაბლო პიკასოს 142 წლის იუბილესი. „იუპიტერის ეს კადრი ძალიან ჰგავს კუბიზმის სტილში შესრულებულ პორტრეტს, რომელიც კომპოზიციის მრავალ პერსპექტივას წარმოგვიდგენს“.