NASA-ს New Horizons-ის მისიის მიერ გადაღებულ პლუტონის სურათებში ყინულის ვულკანებს ვხედავთ, რაც პლანეტის შესახებ მეცნიერთა წარმოდგენას მთლიანად ცვლის. პლუტონმა 2006 წელს ჯუჯა პლანეტის სახელიც კი მიიღო, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის თქმით, იგი სხვა პლანეტების კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა. ახლა კი ყველაფერი თავდაყირა დგება.
რეალურად პლუტონი ჩვენი მზის სისტემის კიდეზე, კოიპერის სარტყელში მდებარეობს. მართალია, კონკრეტულ კრიტერიუმებს არ შეესაბამება და მას ჯუჯასაც უწოდებენ, მაგრამ გაყინულ ობიექტებს შორის, რომლებიც მზისგან შორს ბრუნავს, მაინც ყველაზე დიდია. ამ ყინულოვან სამყაროში კი საშუალო ტემპერატურა -387 გრადუსია, ეს მთების, ხეობების, მყინვარების, ვაკეებისა და კრატერების სახლადაც კი მიიჩნევა.
ნასას ახალი სურათის ანალიზი კი პლუტოზე ერთ აქამდე უცნობ ნაწილს ამჟღავნებს, რომელიც მას სხვა პლანეტებისგანაც კი განასხვავებს.

„ჩვენ ვიპოვეთ ძალიან დიდი ყინულის ვულკანები, რომელიც არაფერს ჰგავს ისეთს, რაც აქამდე მზის სისტემაში გვინახავს“, — ამბობს კელსი სინგერი, კვლევის ავტორი.
ახლად აღმოჩენილი რეგიონი Sputnik Planitia-ს ყინულის საფარის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და უძველესი დარტყმის აუზს მოიცავს, რომელიც 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული. იგი ძირითადად ყინულებისა და ვულკანური გუმბათებისგან შედგება. მათ შორის კი ორი ყველაზე დიდი Wright Mons-ისა და Piccard Mons-ის სახელით არის ცნობილი.
Wright Mons 4-5 კილომეტრი სიმაღლისა და 150 კილომეტრი სიგანისაა, მას დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვულკანს „მაუნა-ლოას“ მსგავსადაც კი მიიჩნევენ. ხოლო Piccard Mons სიმაღლით, დაახლოებით, 7 კილომეტრს აღწევს, სიგანით კი 225 კილომეტრია. დიახ, ერთად ფორმირებული გუმბათები უფრო დიდ მთებსაც წარმოქმნიდა, თუმცა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყინულის ვულკანების წარმომშობი?
კვლევის თანახმად, ყინულის ვულკანების შესაქმნელად მასალა მიწისქვეშა სივრციდან ზედაპირისკენ გადადის და ახალი რელიეფი იქმნება. ამ შემთხვევაში, ეს წყალი იყო, რომელიც პლანეტის ზედაპირის ცივ ტემპერატურასთან მიახლოებისთანავე ყინულად იქცა.
„მისი მახასიათებლები და ვიზუალი მზის სისტემაში აღმოჩენილი ყველა ვულკანისგან, ყინულოვანი ან კლდოვანი ვულკანებისგანაც კი, დიდად განსხვავდება. მართალია, ისინი მთებად ჩამოყალიბდა, მაგრამ არ აქვს კალდერა, ვულკანური წარმოშობის ღრმული“, — აცხადებს სინგერი.
ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მეტყველებს, რომ ვულკანები უახლეს წარსულში აქტიური უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, პლანეტის შიდა ტემპერატურაც იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე ფიქრობდნენ.
ამ ფაქტებზე დაყრდნობით ვულკანების ჩამოყალიბებას რამდენიმე ეტაპად განიხილავენ, იგი აქტიური 100-200 მილიონი წლის წინ უნდა ყოფილიყო. თუმცა მისი ამოფრქვევაც არ უნდა ჰგავდეს იმას, რასაც ჩვენ ლავის კრატერიდან გადმოსვლისას ვხედავთ.

„ეს იქნებოდა ყინულოვანი მასა, წყლისა და ყინულის ნაზავი, ან რაიმე კბილის პასტის მსგავსი. პლუტონის ზედაპირი კი იმდენად ცივია, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. ზოგ შემთხვევაში კი დიდი ნაკადი მასიურ გუმბათებს შექმნიდა, რომლებსაც რეგიონში ახლაც ვხედავთ. ისინი, შესაძლოა, დედამიწაზე არსებულ იმ ვულკანს ჰგავდეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიძინებულად რჩება და შემდეგ ისევ აქტიურდება“, — ამბობს სინგერი.
სწორედ ამიტომ, იმასაც ფიქრობენ, რომ პლუტონის ზედაპირის ქვეშ ოდესღაც ოკეანე იყო. მეტიც, შესაძლოა, იგი ჯერ კიდევ არსებობდეს… ამასთან, პლუტონი უფრო მაღალი ტემპერატურის მქონეც აღმოჩნდა. ეს ყველაფერი ერთად კი ბადებს კითხვას — შევძლებთ ოდესმე ამ პლანეტაზე ცხოვრებას?












