ამბავი ასეთია — ნასამ 750 000-დოლარიანი ინვესტიცია ჩადო ახალ სარაკეტო სისტემაში, რომელიც ერთ დღესაც იმ მთავარ დაბრკოლებას გაუმკლავდება, რომელსაც ადამიანების მარსზე გაგზავნისას ვაწყდებით. დიახ, აქ მოგზაურობის დროს ვგულისხმობთ. ამჟამინდელი ტექნოლოგიით, წითელ პლანეტაზე მოხვედრას თითქმის ორი წელი სჭირდება, კოსმოსურ ფრენაში ამდენი დროის დახარჯვა კი ასტრონავტებს ჯანმრთელობის დიდ რისკად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რამხელა მზისა და კოსმოსური რადიაციის ქვეშ არიან, ნული გრავიტაციის პირობებში და სრულად იზოლირებული…
კოსმოსური გამოსხივება კი, უდავოდ, უდიდესი საფრთხეა — ნასას მიხედვით, ასტრონავტები, რომლებიც 6 თვეს ატარებენ კოსმოსში, დაახლოებით იმ რაოდენობის რადიაციის ქვეშ არიან, რასაც რენტგენის 1000 სხივის ქვეშ განვიცდიდით… პირდაპირ გეტყვით, ეს მათ კიბოს, ნერვული სისტემის დაზიანების, ძვლების გამოფიტვისა და გულის დაავადებების რისკის წინაშე აყენებთ.
ხოლო საუკეთესო გზა რადიაციის ქვეშ ყოფნისა და ჯანმრთელობისთვის სხვა საზიანო ეფექტების შესამცირებლად, სწორედ მოგზაურობის დროის შემცირებაა. ზუსტად ამას ფიქრობს ტროი ჰოუი, Howe Industries-ის პრეზიდენტი და სწორედ ამიტომ გაერთიანდა ნასასთან. მათ Pulsed Plasma Rocket-ის (PPR) შექმნა სურთ — ახალი სარაკეტო სისტემის, რომელიც მარსზე მოხვედრის დროს 2 თვემდე შეამცირებს. ამგვარად, ამ ტექნოლოგიას კოსმოსურ კვლევებში რევოლუციის მოხდენისთვის დიდი პოტენციალი აქვს.
და როგორ გადაგვიყვანს რაკეტა მარსზე და დაგვაბრუნებს უკან 2 თვეში? PPR ძალიან ცხელ პლაზმის იმპულსებს იყენებს, რათა დიდი ბიძგი შემოგვთავაზოს. ამჟამად განვითარების მეორე ფაზაშია და NASA Innovative Advanced Concepts (NIAC) Program-ით ფინანსდება. ამ თვეში ძრავის დიზაინზე დაიწყება მუშაობა, კონცეფციის დამადასტურებელ ექსპერიმენტებსაც ჩაატარებენ და PPR-ზე მომუშავე დაცულ კოსმოსურ ხომალდსაც შექმნიან, რომელიც ადამიანებს მარსზე გადაიყვანს.
ყველაზე დიდი უპირატესობა კი ის არის, რომ PPR-ს ეს ძალიან სწრაფად შეუძლია, გააკეთოს. ამისთვის მაღალი, ძალიან სპეციფიკური იმპულსიც აქვს, ეს კი სწორედ ის არის, რითაც რაკეტის ძრავა ბიძგს გვთავაზობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, PPR წარმოქმნის 10 000 ნიუტონ ბიძგს 5 000 წამის სპეციფიკურ იმპულსზე. როგორც ჰოუი ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ PPR-ით აღჭურვილ კოსმოსურ ხომალდს 4-6 მგზავრის გადაყვანა საათში დაახლოებით 100 000 მილზე შეუძლია.
თუმცა განვითარების მეორე ფაზის დასრულების შემდეგაც, რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება PPR-ს იქამდე, სანამ ასტრონავტებს წითელ პლანეტაზე გაუშვებს. ხოლო, მას შემდეგ, რაც კოსმოსური ფრენისთვის გახდება ხელმისაწვდომი, იმედოვნებენ, რომ კოსმოსური კვლევების დიაპაზონსაც გააფართოებს და ერთ დღესაც პლუტონისკენ მიმავალ მისიებსაც გაუძღვება.
„თქვენ შეძლებთ, მიაღწიოთ ყველაფერს, რაც გსურთ მზის სისტემაში, მას შემდეგ, რაც ამ ტექნოლოგიას 20 წლის მანძილზე ვამუშავებთ“, — აცხადებს ჰოუი.