ალბათ, გახსოვთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ NASA-მ 34-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პერსევსის გალაქტიკიდან აღებული ელექტრომაგნიტური მონაცემები იყო ასახული და რომლითაც შავი ხვრელის ხმების მოსმენაც შევძელით. საინტერესოა ისიც, რომ ეს მონაცემები ჩანდრას რენტგენის ობსერვატორიის მიერ თითქმის 20 წლის წინ შეგროვდა, მისი ხმად გადაქცევის გადაწყვეტილება კი სულ ახლახანს მიიღეს…
„კარიერის პირველი ათი წელი მხოლოდ ვიზუალს ვაქცევდი ყურადღებას და მივხვდი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ შეისწავლიდნენ საგნებს ვიზუალით, რომლებიც დაბალი ან საერთოდ მხედველობის არმქონენი იყვნენ, დიდი ზიანი მივაყენე“, — აცხადებს კიმბერლი არკადნი, NASA-ს მეცნიერი.
ხოლო მაშინ, როცა პერსევსის აუდიომონაცემები შავი ხვრელის ხმების ზუსტად გადმოცემას ცდილობს, არკანდის „სონიფიკაციები“ სურათების კრეატიულ გზავნილად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ წარმოსახვითი ინტერპრეტაციებით, თითოეული მასალა, იქნება ეს ვარსკვლავი თუ აირების მქონე ღრუბლები, განსხვავებულ ხმას იღებს. სურათის ზედა ნაწილთან ახლოს მყოფი გამოსახულებები უფრო მაღალი ტონით ჟღერს, ნათელი ადგილები კი უფრო ხმამაღალია.
იმის გამო, რომ არსებული ბგერების მოსმენა ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა, მათ სამყაროს ხმები ადამიანის სმენის დიაპაზონს მოარგეს. მაგალითად, ირმის ნახტომი ხმებს მისი აქტივობების მიხედვით გადმოგვცემს, რაც ბირთვში ბევრად უფრო ინტენსიურიც შეიძლება იყოს.
საინტერესოა, არწივის ნისლეულის „შემოქმედების სვეტების“ სურათის სონიფიკაციაც. მას „ვარსკვლავების საბავშვო ბაღს“ ადარებენ… თქვენ კი რენტგენის სხივებისა და ოპტიკური ინფორმაციით შექმნილი ხმების მოსმენა შეგიძლიათ, რომელიც ცოტაოდენი ტექსტის გადმოცემასაც კი ცდილობს.
იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლოა, სონიფიკაციები გარკვეულ ემოციებს იწვევდეს, სხვა შემთხვევაში კი მას ეზოთერული და აბსტრაქტული ჟღერადობა ექნებოდა…










