რა მოხდება შავ ხვრელში რომ ჩავვარდეთ?! — ეს კითხვა კაცობრიობას მას შემდეგ აწუხებს, რაც შავი ხვრელების შესახებ გაიგო… პასუხი კი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ნასას სუპერკომპიუტერული სიმულაცია პასუხების მიღებაში გვეხმარება.
„ადამიანები ამაზე ხშირად მეკითხებიან და ამ რთულად წარმოსადგენი პროცესების სიმულაცია მეხმარება რეალურ სამყაროში ფარდობითობის ფაქტობრივ შედეგებთან დაკავშირებაში. ასე რომ, ორი განსხვავებული სცენარის სიმულაციას მივმართე, ერთი, სადაც კამერა შედის ისე, რომ არ კვეთს მოვლენათა ჰორიზონტს და მეორე, სადაც კამერა ამ საზღვარს კვეთს და თავისი ბედის საძიებლად მიდის“, — აცხადებს ჯერემი შნიტმანი, ასტროფიზიკოსი.
მასიური მკვდარი ვარსკვლავებისგან წარმოქმნილი შავი ხვრელი თავისივე გრავიტაციით ფიზიკისთვის ამოუხსნელი ფენომენია. მართალია, ბოლოდროინდელმა მიღწევებმა შავი ხვრელის ირგვლივ არსებული სივრცის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ თავად შავი ხვრელი ჯერ კიდევ უხილავია. თუმცა მეცნიერებისთვის ამჯერად ესეც არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, თანაც ხვრელის ირგვლივ არსებულმა ბრწყინვალე ღრუბლებმა გრავიტაციული გარემოს უპრეცედენტო ხედვა შემოგვთავაზა.
შნიტმანმა კი, რომელსაც უკვე რამდენიმეჯერ ჰქონია ნასასთან მსგავსი შეხება, ახალი სიმულაცია იმ სუპერმასიურ შავ ხვრელს დააფუძნა, რომელიც ძალიან ჰგავს Sagittarius A*-ს. იმ შავი ხვრელით დაიწყო, რომლის მასაც 4.3 მილიონი მზის ეკვივალენტია და მონაცემთა მეცნიერ ბრაიან პოუელთან ერთად მიღებული ინფორმაციები NASA-ს Discover-ის სუპერკომპიუტერში შეიტანეს.
5 დღეში პროგრამამ 10 ტერაბაიტის მონაცემები დააგენერირა, რომლებიც შემდგომში მეცნიერებმა რამდენიმე ვიდეოს შესაქმნელად გამოიყენეს. ჩვენთვის იმის საჩვენებლად, თუ როგორი იქნებოდა შავ ხვრელში ჩავარდნა… ამ ფაქტის მასშტაბი მარტივად აღსაქმელი რომ გახდეს, გეტყვით, რომ ამას ჩვეულებრივი ლეპტოპით 10 წელი დასჭირდებოდა!
სიმულირებული კამერა შავი ხვრელიდან 640 მილიონი კილომეტრიდან იწყებს გადაადგილებას და რაც უფრო უახლოვდება შავ ხვრელს, მისი დისკი და შიდა სტრუქტურა მით უფრო მკვეთრი ხდება… მეორე ვერსიაში კი გვაფიქრებინებს, რომ მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა გავალთ. მართალია, სიმულაციაა, მაგრამ სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ შავ ხვრელში დედამიწიდან უსაფრთხოდ მოხვედრის შანსი გვაქვს.