in , ,

180 რეგისტრირებული და 22 გამოწვევა – როგორ ჩატარდება Nasa Space Apps Challenge Tbilisi 2020

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას, ერთსა და იმავე დროს, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს. ამ ერთიანობის მიზანი სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავებაა, ჰაკათონში კი საქართველო უკვე მესამე წელია ერთვება.

წელს, NASA Space Apps Challenge თბილისში, მსოფლიოს 200 წერტილის პარალელურად, 2-4 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა. მართალია, ჰაკათონზე 180 მონაწილე უკვე დარეგისტრირდა, თუმცა, დრო ჯერ კიდევ არის და რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე, 30 სექტემბრის 23:59-მდე შეგიძლიათ.

გასათვალისწინებელია, რომ „ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის და ასაკის ადამიანს. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი ჰაკათონი ონლაინ რეჟიმში ტარდება, მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. სულ შეირჩევა 50 მონაწილე“, – გვიყვება „ფაბლაბ ილიაუნის“ მენეჯერი – ავთანდილ მღებრიშვილი. 

NASA Space Apps Challenge Abastumani 2018

პანდემიის პირობებში, NASA Space Apps Challenge წელს ონლაინ ტარდება. თუმცა უცვლელია საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორთა ჩამონათვალი. წელსაც, NASA Space Apps Challenge Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით – ნანა დიხამინჯიას და ასევე, ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერ – ავთანდილ მღებრიშვილს ვესაუბრეთ მანამ, სანამ საქართველო NASA Space Apps Challenge-ის რუკაზე კიდევ ერთხელ აინთება. მათთან ინტერვიუს გზით მოგიყვებით, თუ რა გამოწვევებს გვიმზადებს NASA 2020 წლის ჰაკათონის ფარგლებში, რა მოლოდინები გვაქვს წლევანდელი კონკურსიდან, ან რისთვის მიუღწევიათ საქართველოში შერჩეულ გუნდებს გლობალური შეჯიბრებების ფარგლებში.

ავთანდილ მღებრიშვილი

M: რა შეიცვალა 2018 წლიდან დღემდე? როგორი იყო პირველი Nasa Space Apps Challenge საქართველოში და როგორია ახლა? როგორ იცვლებოდა დაინტერესებული ახალგაზრდებისა და გამოწვევაში მონაწილე გუნდების რაოდენობა?
ავთანდილ მღებრიშვილი: 2018 წლის შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა, დაინტერესება და ჩართულობა უფრო მაღალია, ვინაიდან, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს აღნიშნულ პროექტს და მის მიზნებს. ყოველ წელს იმატებს პროექტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და მათი თემები, მართლაც რომ, ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავი იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც მონაწილეებმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოდან, შექმნეს ვირტუალური გუნდები და დედამიწის დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით, შეიმუშავეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკათონი ონლაინ ტარდებოდა, დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და მონაწილე გუნდების რაოდენობა არ შემცირებულა. მიმდინარე ჰაკათონზეც საკმაოდ დიდია ჩართულობა, ვინაიდან NASA ძალიან საინტერესო გამოწვევებს გვთავაზობს.

M: Nasa Space Apps Challenge ფარგლებში, რა წარმატებისთვის მიუღწევიათ საქართველოში შერჩეულ გუნდებს?
ავთანდილ მღებრიშვილი: წინა ჰაკათონზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე, სპეციალურად Covid-19-თან დაკავშირებით ჩატარდა, საქართველოში გამარჯვებული გუნდი, სახელად NOtoNO2 1300-ზე მეტი პროექტიდან გლობალურ ფინალში – ტოპ 40 გუნდში მოხვდა, რაც საკმაოდ დიდი წარმატებაა, ვინაიდან ჰაკათონის ფინალში ყოფნა იძლევა NASA-ში ვიზიტის შესაძლებლობას და იმავე დროს, ფინალისტი გუნდი ბევრი ექსპერტის ყურადღების ქვეშ ექცევა.

M: როგორც ვიცით, გამოწვევაში მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია გლობალურ ფინალში გასვლა და NASA-ში გამგზავრებაა. პანდემიის პირობებში, რამდენად არის ძალაში კონკურსის ეს პირობა? სხვა მხრივ, რა სარგებლისა და გამოცდილების მიღება შეუძლიათ მსურველებს კონკურსში მონაწილეობით?
ავთანდილ მღებრიშვილი: საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა რამდენიმე თვეში ხდება, შესაძლოა 2021 წლის  დასაწყისშიც, რაც გვაიმედებს, რომ იმ დროისათვის მსოფლიო კოვიდვითარება დარეგულირებული იქნება. თუმცა, გამგზავრებაც რომ ვერ შეძლოს გუნდმა, გლობალურ ღონისძიებაში გამარჯვებაც სერიოზული მიღწევაა, ვინაიდან ეს ავტომატურად იძლევა  NASA-სთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის სახელით.

ნებისმიერ შემთხვევაში, სასარგებლოა ჰაკათონში მონაწილეობა, რადგან გუნდებს აქვთ წვდომა NASA-ს, ევროპული კოსმოსური სააგენტოს და სხვა სატელიტურ თუ ჰაერის მდგომარეობის მონაცემებზე. ჩვენ კი ვთავაზობთ გამოცდილ მენტორებს, რომელთა რჩევები გუნდს გამოადგება მომავალი განვითარებისთვის. ამ საინტერესო გამოცდილების გარდა, ილიას უნივერსიტეტის ფაბლაბი და ZoomOut პრეაქსელერატორი დაინტერესებულ გუნდებს შესთავაზებს დახმარებას იდეის მომავალ განვითარებაში და აქსელერაციაში.

ნანა დიხამინჯია

M: როგორია წლევანდელი გამოწვევის თემები და უკავშირდება თუ არა ის პანდემიას?
ნანა დიხამინჯია: წელს NASA გვთავაზობს  22 გამოწვევას 6 ზოგად კატეგორიაში: დაკვირვება, ინფორმირება, მდგრადობა, შექმნა, გამკლავება, დაკავშირება. თითოეული კატეგორიის გამოწვევას აქვს სხვადასხვა მოთხოვნა, რომელიც, არჩევის შემთხვევაში, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ. რეალურად, იმდენად ფართო გამოწვევებია, რომ მსოფლიოში დღეს არსებულ ნებისმიერ პრობლემას მოიცავს და გადაწყვეტასაც ნებისმიერი ფორმა შეიძლება ჰქონდეს: კვლევა, აპლიკაცია, საინჟინრო პროდუქტი, სოციალური კამპანია და სხვა. 

M: როგორ ყალიბდება ჰაკათონში მონაწილე გუნდები და რამდენად ცვლის კონკურსის ტრადიციულ მიმდინარეობას მისი ონლაინ ფორმატი?
ნანა დიხამინჯია: უკვე 180 მონაწილეა დარეგისტრირებული, რომელთაგან ზოგს უკვე აქვს გუნდი შექმნილი, ზოგი კი შერჩევის მერე ჩამოყალიბდება. შერჩეული მონაწილეები მოისმენენ გამოწვევებთან დაკავშირებულ საინტერესო ლექციებს და მათთვის შერჩეულ დროს მიიღებენ რჩევებს მენტორებისგან. სპეციალური დრო იქნება გამოყოფილი იდეების წინასწარი წარდგენისა და დახვეწისათვის. ონლაინ ფორმატზე გადასვლამ, ერთი მხრივ, გაართულა მენტორობის პროცესი, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლებელი გახადა, რომ აქ ჩამოსვლის გარეშე ჩაგვერთო უცხოეთში მყოფი ექსპერტები. 

M: არის თუ არა წლევანდელი გამოწვევის თემები თანხვედრაში საქართველოში დაგროვილ ცოდნასთან/გამოცდილებასთან? ამის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით წლევანდელ შანსებს?
ნანა დიხამინჯია: საქართველო დიდი ხანია, გლობალური ცოდნის და გამოწვევების ნაწილია. ცხადია, გვქონდა ჩამორჩენა ტექნოლოგიურ ცოდნასა და სამეწარმეო აზროვნებაში, მაგრამ ბევრი უნივერსიტეტის, GITA-ს, სტარტაპ აქსელერატორების და საერთაშორისო პროექტების მუშაობით, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა უმჯობესდება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, უცხოეთში ნამუშევარი ქართველების დაბრუნება ჩვენს უნივერსიტეტში და კავშირები საერთაშორისო კვლევით ლაბორატორიებთან. პანდემიამ ცხადად დაგვანახა, რომ მსოფლიოს მსგავსი გამოწვევები აქვს და საქართველოსთვის ეს გამოწვევები ასევე აქტუალურია. შესაბამისად, შანსი აქვს ნებისმიერ ქართულ გუნდს.

M: ვინ იქნებიან წლევანდელი Nasa Space Apps Challenge Tbilisi-ის მენტორები და რა კომპეტენციები აქვთ მათ?
ნანა დიხამინჯია: წელს მენტორებად გვეყოლება ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, რომელთაც აქვთ გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, აპარატურული უზრუნველყოფის მიმართულებით. მონაწილეებს ასევე მენტორობას გაუწევენ მეცნიერები ესტონეთიდან, ინჟინრები სილიკონის ველიდან და ა.შ.

როგორც უკვე ვთქვით, NASA Space Apps Challenge 2-4 ოქტომბერს, თბილისში, მსოფლიოს 200 წერტილის პარალელურად გაიმართება. ხოლო მანამ, სანამ NASA Space Apps Challenge Tbilisi 2020-ის მიმდინარეობასა თუ გამარჯვებულ გუნდებზე შევძლებთ მოყოლას, შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემული სტატიის წაკითხვით, გაეცნოთ წინა წლის შეჯამებას, ან შემდეგ ბმულზე გაიგოთ მეტი იმ ქართული გუნდის შესახებ, რომელიც COVID-19-ის თემატიკის ჰაკათონზე, 1300-ზე მეტი პროექტიდან გლობალურ ფინალში – ტოპ 40 გუნდში მოხვდა. 

ინტერნეტი გემებზე და წყალმცენარეები გაჩერებებზე, ანუ ვაჯამებთ აბასთუმანში ჩატარებულ NASA-ს ჰაკათონს

პარასკევი სინერჯის დღეა – ახალი სამუშაო ფორმატი “სინერჯი კაპიტალში”

ბიზნესდაჯილდოება 2020 იწყება