სულ მალე, SpaceX ოთხ ასტრონავტს თავისი პირველი კომერციული კოსმოსური ხომალდით გაამგზავრებს. შეგახსენებთ, SpaceX-მა თავისი პირველი მისია ზაფხულში განახორციელა და NASA-ს ასტრონავტები – ბობ ბეჰნკენი და დაგ ჰარლი დედამიწის ორბიტაზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გააგზავნა. ასტრონავტები ორი თვის შემდეგ, კვლავ ხომალდ Crew Dragon-ით დაბრუნდნენ დედაპლანეტაზე. თუმცა, ეს მისია მხოლოდ დემონსტრაცია იყო, იმისათვის, რომ კომპანიას NASA-სგან ადამიანების კოსმოსში ფრენის დასტური ჰქონოდა. ცოტა ხნის წინ, NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ SpaceX-ს ასტრონავტების Crew Dragon-ით გამგზავრების ნებართვა მისცა.
დასტურის შესახებ SpaceX-ის მომდევნო ფრენამდე (რომელიც შაბათსაა დაგეგმილი) რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. კომპანიამ უკვე განათავსა Falcon 9-ზე ახალი Crew Dragon, რომელსაც ყველაზე გრძელი და კრიტიკული მისია ელის.

“ადამიანები მიდრეკილნი არიან, იფიქრონ, რომ ეს მხოლოდ კოსმოსური ხომალდია, თუმცა ეს ასე არაა. ეს კოსმოსური ხომალდიცაა, რაკეტის გამშვებიც, დედამიწაზე მისი მომზადების პროცესიც და მისიის ოპერაციაც. ეს მოიცავს ყველაფერს, რაც სჭირდება ჩვენს გუნდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევად, უკან დასაბრუნებლად და ძალების აღსადგენად. თქვენ გვიჩვენეთ მონაცემები და ჩვენ განდობთ ამ საქმეს. აქ ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა კეტი ლუდერსმა, რომელიც NASA-ში ადამიანების კოსმოსურ პროგრამებს უძღვება.
ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, SpaceX-ის Falcon 9, შაბათს, 14 ნოემბერს, Crew Dragon-ს კოსმოსში გაამგზავრებს. ხომალდზე იქნებიან ასტრონავტები: მაიკ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ უოკერი და სიოჩი ნოგუში. 8.5 საათის შემდეგ, ისინი უკვე კოსმოსურ სადგურზე იქნებიან, სადაც მომდევნო ექვს თვეს გაატარებენ, რაც აშშ-ის ისტორიაში, ადამიანისთვის ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა იქნება კოსმოსში. როდესაც უკან დაბრუნების დრო მოვა, ასტრონავტები კვლავ განთავსდებიან Crew Dragon-ში და დედამიწისკენ დაეშვებიან.
ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-მ ადამიანების კოსმოსში გამგზავრების დასტური გასცა, ბოლო 40 წლის მანძილზე. გადაწყვეტილება გასული 10 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოებისა და ცდების კულმინაცია იყო. ამ პერიოდის განმავლობაში, ეკიპაჟის კომერციული პროგრამა მუშავდებოდა.














