ბოლო პერიოდში ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ჰაერის დაბინძურების დონეს, რასაც მეცნიერებიც შესაბამისი უკუკავშირით ეხმიანებიან. ამჯერად „თამაშში“ NASA ჩაერთო თავისი უახლესი მცდელობით და ჩრდილოეთ ამერიკის ჰაერის მონიტორინგით ზუსტი მონაცემების რუკა შექმნა.
სახელწოდებით TEMPO, ინსტრუმენტი წარმატებით ახერხებს ინფორმაციის დამუშავებას და სტატისტიკურ მონაცემებად გარდაქმნას. უფრო კონკრეტულად, ხელსაწყო იმისთვის შეიქმნა, რომ ხმელეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე განუწყვეტლივ გაზომოს ჰაერის ხარისხი. შედეგად, ეს მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნიკა მეცნიერებს უკეთესი მიმოხილვის შესაძლებლობას აძლევს — ასხვავებს სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დაბინძურების შაბლონებს, მათ შორის პიკის საათებში ჭარბ მოძრაობას, ტყის ხანძრებს, ვულკანების კვამლისა და ფერფლის გაფანტვის დონეს, სასუქის მოხმარებას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ა. შ.
სრულყოფილი შედეგების მისაღებად, ინსტრუმენტი დედამიწის ზედაპირიდან, ღრუბლებიდან და ატმოსფეროდან არეკლილი მზის სხივების გამოვლენით მუშაობს. ასევე, აკვირდება აირების შთანთქმის შაბლონებს, რომლებიც ჰაერში მათ კონცენტრაციას ავლენს.
საგულისხმოა, რომ NASA-ს განცხადებით, TEMPO-ს შესაძლებლობები დაბინძურების ანალიზს მნიშვნელოვნად სცილდება. რეალურად, მისი დაკვირვებები ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ჰაერის დაბინძურების დეტალური რუკები შექმნან. ასეთი სიზუსტე კი ჰაერის ხარისხის ცვალებადობის უფრო ღრმა ანალიზში დაგვეხმარება — შესაბამისად, ყველაზე დიდი რისკფაქტორებიც გამოიკვეთება.
„ამ ზაფხულს მილიონობით ამერიკელმა პირადად იგრძნო ტყის ხანძრის კვამლის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. NASA და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მზად არიან, TEMPO-ს მონაცემებზე წვდომა გაამარტივონ და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ — ჰაერის, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ“, — აცხადებენ ნასაში.