in

NASA-მ ვარსკვლავების კლასტერის სურათი გამოაქვეყნა

ჩვენი გალაქტიკის გარეთ, დედამიწიდან დაახლოებით 210 000 სინათლის წლის მანძილზე ჯუჯა გალაქტიკა გვხვდება, რომელიც Small Magellanic Cloud-ის (SMC) სახელით არის ცნობილი. დიამეტრით 18 900 სინათლის წლისაა და დაახლოებით 3 მილიარდ ვარსკვლავს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ SMC, თავის მეწყვილე Large Magellanic Cloud-თან (LMC) ერთად, ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკას წარმოადგენს.

M2
M2

მეცნიერებს კი ძალიან აინტერესებთ ჩვენი მეგზურები, რადგან სწორედ მათგან შეგვიძლია, შევიტყოთ ვარსკვლავების ფორმირების შესახებ და იმ პროცესის, რომელშიც გალაქტიკები ერთმანეთს ერწყმის, რა ბედსაც ერთ დღესაც ეს ორი გალაქტიკაც გაიზიარებს ჩვენი ირმის ნახტომის წყალობით… 

SMC-ის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი ვარსკვლავების კლასტერია, რომელიც NGC 346-ის სახელითაა ცნობილი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ფორმირების რეგიონში მდებარეობს, წყალბადით მდიდარ ნისლეულში, რომელსაც N66-ის სახელით ვეცნობით. ამდენ ამბავს კი იმიტომ გიყვებით, რომ რამდენიმე დღის წინ NASA-მ ამ ვარსკვლავური კლასტერის ახალი ფოტო გაგვიზიარა. ამჯერად ვარსკვლავების საოცარ კადრებს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გვთავაზობს: 

ათობით ცხელი, ახალგაზრდა და ლურჯი ვარსკვლავების, ამასთან, მათ ირგვლივ არსებული მტვრისა და გაზის ურთიერთქმედება ამ რეგიონს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და კომპლექსურ ვარსკვლავების წარმომქმნელ კლასტერად აქცევს მათ შორის, რაც ოდესმე გამოუკვლევიათ.

მართალია, ჰაბლის ტელესკოპს NGC 346 აქამდეც შეუსწავლია და მანამდე იგი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სამიზნეც გამხდარა, მაგრამ მათი გამოსახულებები ხილულ და ინფრაწითელ სინათლეს აერთიანებდა, გვაჩვენებდა მხოლოდ ნისლეულის ირგვლივ მოხვეულ მტვრისა და გაზის მასას. უახლესი სურათი კი ულტრაიისფერ და რამდენიმე ხილული სინათლის მონაცემს აერთიანებს ჰაბლის Advanced Camera for Surveys-დან (ACS) და Wide Field Camera 3-დან (WFC3).

ამ დაკვირვებების მიზანიც ვარსკვლავების ფორმირების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგება იყო და იმის განსაზღვრა, როგორ აყალიბებს SMC-ის მსგავს გალაქტიკებს. აქ არსებულ გარემოებებზე ფიქრობენ, რომ იმის მსგავსია, რაც ადრეულ სამყაროში იყო, როცა ძალიან ცოტა მძიმე ელემენტი არსებობდა… 

ამგვარად, არსებობიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი კვლავ ემსახურება თავდაპირველ მიზანს — დაეხმაროს მეცნიერებს, შეისწავლონ სამყაროს წარმოშობა და ევოლუცია. 

TRIUMPH – კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფში

Google-ის AI მოდელი დაავადებებს სუნთქვისა და ხველის ხმებით დაადგენს