ის ფაქტი, რომ ვენერაზე ოდესმე სიცოცხლე შეიძლებოდა ყოფილიყო, მეცნიერებს მის ჯოჯოხეთურ ატმოსფეროში მოგზაურობისკენაც კი უბიძგებს. NASA უკვე მომავალი მისიის შესახებ კონკრეტულ დეტალებსაც ავლენს და იმედოვნებს, რომ უპასუხებს კითხვას — როგორ გაჩნდა დედამიწის „ტყუპი“? დიახ, ის, დიდი ალბათობით, დედამიწის დად წოდებული პლანეტის გაქრობის მიზეზსაც გაამჟღავნებს…
2029 წლისთვის დაგეგმილ მისიას DAVINCI-ს უწოდებენ და იგი უაღრესად ამბიციურია… ხოლო თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ეს მაგელანის გარდაცვალების შემდეგ, ვენერასკენ აშშ-ის პირველი კოსმოსური ფრენა იქნება. ამასთან ერთად, პირველი ამერიკული ზონდიც გახდება, რომელიც პლანეტის ულტრასქელი ატმოსფეროდან და ზედაპირიდან, ქიმიურ მონაცემებს აიღებს.
NASA თვლის, რომ შემადგენლობის ცოდნა ჩვენი მეზობლის წარსულის შესწავლაში დაგვეხმარება, კონკრეტულად კი, გავიგებთ, არსებობდა თუ არა იქ სიცოცხლე და მოხდა თუ არა რაიმე ისეთი მოვლენა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. იმასაც იმედოვნებენ, რომ ამ მისიით დაადგენენ, იყო თუ არა ვენერაზე თხევადი წყალი… ხოლო მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც პლანეტის ტოპოგრაფია ფირფიტების ტექტონიკაზე მიუთითებს, ნათელს კვლავ DAVINCI მოჰფენს.
„ქიმიური, გარემოსა და წარმომავლობის ვიზუალური მონაცემები ვენერას ატმოსფეროს სრულ სურათს მოგვცემს და გვაჩვენებს, როგორ ურთიერთქმედებს იგი Alpha Regio-ს მთების ზედაპირთან“, — აცხადებს ჯიმ გარვინი, მკვლევარი.
საინტერესოა ისიც, რომ DAVINCI-ს მფრინავ ანალიტიკურ ქიმიურ ლაბორატორიადაც აღწერენ და იგი რამდენიმე ფრენას შეასრულებს მანამ, სანამ სითბოსადმი მდგრად ზონდს, რომელიც ხუთი საძიებო ინსტრუმენტით არის აღჭურვილი, პლანეტის ცხელ ზედაპირზე გაგზავნის.
თუმცა ეს არც მარტივი იქნება… თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღალი ტემპერატურის გარდა, DAVINCI-ს ინსტრუმენტებს ჰაერის მაღალ წნევასთანაც მოუწევს გამკლავება… მეტიც, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სპეციალური მოწყობილობები მუშაობას მხოლოდ 17-18 წუთის განმავლობაში შეძლებს.
დიახ, ეს საკმაოდ მცირე დროა, მაგრამ ამის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ მისია ვენერას უცნაურ ისტორიას მაინც გაამჟღავნებს და ამ პროცესში ჩვენი, როგორც კოსმოსში არსებული ღია ცისფერი წერტილის, ადგილის შესახებ რამდენიმე კითხვასაც უპასუხებს.