NASA-ს Goddard Space Flight Center-მა ერთსაათიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მზის სიცოცხლის 133 დღეა ასახული — აქ თქვენ მზის ქაოტურ ზედაპირს დაინახავთ, პლაზმურ თაღებს მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, რომელიც ზოგჯერ ხელახლა უერთდება ვარსკვლავს, ზოგჯერ კი კოსმოსში გადმოიფრქვევა და საშინელ კოსმოსურ ამინდსაც ქმნის.
სურათები Solar Dynamics Observatory (SDO)-ს ეკუთვნის, კოსმოსურ ხომალდს, რომელიც 2010 წელს გაეშვა, როგორც NASA-ს Living With a Star (LWS) პროგრამის ნაწილი. თავდაპირველი მისია 5 წელს გაგრძელდა, მაგრამ ნასას თქმით, SDO კოსმოსში 2030 წლამდე უნდა დარჩეს.
ვიდეოში ასახული სურათები უკიდურეს ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში SDO-ს Extreme Ultraviolet Variability Experiment (EVE)-ით 108-წამიანი ინტერვალით არის გადაღებული. SDO გეოსინქრონულ ორბიტაზე დედამიწიდან 22 000 კილომეტრზე იმყოფება. იგი მზის ინტერიერს, მაგნიტურ ველსა და ცხელ პლაზმას ზომავს. მეტიც, გამოსხივებასაც აკვირდება, რომელიც დედამიწისა და სხვა პლანეტების იონოსფეროებს ქმნის. ხოლო იმის გამო, რომ მზე ყოველ 27 დღეში ასრულებს სრულ ბრუნს, ვარსკვლავის ზედაპირის მუდმივად ცვალებად ხედებსაც ვიღებთ.
საინტერესოა ისიც, რომ ყოველდღიურად SDO დაახლოებით 70 000 სურათს იღებს, რაც მთლიანობაში 1.5 ტერაბაიტამდე მონაცემს შეადგენს. ეს წარმოუდგენელი რაოდენობაა, „კაცობრიობისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი და უძვირფასესი საცავი“.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ბევრი რამ ხდება თავად მზეშიც და მისი აქტივობა დედამიწაზეც ზემოქმედებს. მართალია, იგი საიმედო ენერგიის მუდმივ წყაროს წარმოადგენს, მაგრამ ამასთან, ერთი პრობლემური ასპექტიც აქვს. ამიტომ, NASA-ს LWS პროგრამა მიზნად ისახავს, უფრო მეტი რამ გაიგოს მზის შესახებ — სურს, ძლიერი კოსმოსური ამინდების წინასწარმეტყველება შეძლოს, რომლებიც სატელიტებს, ელექტრო ქსელებსა და სხვა ინფრასტრუქტურას აზიანებს. SDO კი აქ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ის მზის მაგნიტური ველის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას.
დიახ, კოსმოსური ხომალდი ძალიან წარმატებული იყო — 2020 წელს ნასამ ობსერვატორიის 10 წლის იუბილეს აღსანიშნად, ვიდეო გადაიღო, სადაც ხაზი გაუსვა 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას, მათ შორისაა მასიური ამოფრქვევები და ტალღის ახალი ტიპები, იგი პლანეტებს მზის წინ გადაადგილების დროსაც კი დააკვირდა და ნახა, თუ როგორ ანადგურებდა კომეტა ვარსკვლავს…
თუმცა SDO არ არის ერთადერთი მოწყობილობა, რომელიც მზეს იკვლევს, აქ ESA-ს SOHO-ც უნდა ვახსენოთ, რომელიც მზეს ჯერ კიდევ 1995 წლიდან სწავლობს.