in

ისტორიაში პირველად, NASA-ს კოსმოსური ხომალდი მზეს “შეეხო”

მეცნიერებმა არნახული მონაცემები მიიღეს მზის სისტემის გულის შესახებ

გაშვებიდან სამი წლის შემდეგ NASA-ს Parker Solar Probe-მა ალფვენის კრიტიკული ზედაპირი გადალახა და მზის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში წარმატებით გაიარა. ეს ისტორიაში პირველი პრეცედენტია.

საგულისხმოა, რომ ზონდს შეუძლია, 2000 გრადუს ფარენჰაიტზე მეტ ტემპერატურას გაუძლოს. ამასთანავე, მაღალტექნოლოგიური სიცხისგან დამცავი ფარის წყალობით, ის სრულფასოვნად გადარჩა და ამავდროულად, ადგილზე ჩაატარა მნიშვნელოვანი გაზომვები. შედეგად, მეცნიერებმა არნახული მონაცემები მიიღეს მზის სისტემის გულის შესახებ.

“ის, რომ Parker Solar Probe მზეს “შეეხო”, მონუმენტური მოვლენა და გასაოცარი წარმატებაა. ეს ამ მნათობის ევოლუციისა და ჩვენს მზის სისტემაზე მისი გავლენის უფრო ღრმად გამოკვლევის თუ სხვა ვარსკვლავებზე მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს” — აღნიშნავენ NASA-ში.

დედამიწისგან განსხვავებით, მზეს მყარი ზედაპირი არ გააჩნია, თუმცა მას ცხელი ატმოსფერო აქვს, რომლის ფარგლებშიც გრავიტაცია და მაგნიტური ველი მატერიას ერთად უყრის თავს. ამ დრომდე უცნობი იყო, სად მდებარეობდა ატმოსფეროს საზღვარი. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ  იგი ობიექტის ზედაპირიდან დაახლოებით 13 მილიონ კილომეტრ მანძილზე გვხვდება — სწორედ აქ გაიარა NASA-ს ზონდმა.

ზონდი მზის გვირგვინში რამდენჯერმე შევიდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნული საზღვარი უსწორმასწოროა. 10 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე ჩასვლისას მან უზარმაზარ სტრუქტურაში, ე. წ. “ფსევდონაკადში” გაიარა. აქამდე ამ უკანასკნელის შესწავლა და მასზე დაკვირვება, მხოლოდ დისტანციურად იყო შესაძლებელი.

პარკერის მზის ზონდი 2018 წელს გაუშვეს და მისი მთავარი მიზანი მზის გვირგვინის, იგივე კორონას შესწავლაა. 7-წლიანი მისიის განმავლობაში, ის 26-ჯერ მივა მზესთან ზედმეტად ახლოს, ანუ პერიფელიონში. შემდეგი ფრენა უკვე იანვარშია დაგეგმილი…

მეცნიერების თქმით, რადგანაც მზის ქარი დედამიწამდე აღწევს, მზის ამ და სხვა ფენომენების შესწავლა, რომლებიც ჩვენგან 93 მილიონი მილის მოშორებით ხდება, დაგვეხმარება, წინასწარ განვსაზღვროთ ექსტრემალური კოსმოსური ამინდის მოვლენები…

რატომ ვარიდებთ თავს ფსიქოლოგთან სიარულს?

ნინო აბსანძე – #პირველისამსახური