დღეს საღამოს, NASA-ს ყველაზე ამბიციური თვითმართვადი როვერი სახელწოდებით Perseverance, სააგენტოს ყველაზე რთული მისიის შესრულებას შეეცდება. ის სამეცნიერო ექსპერიმენტებს ახორციელებს, რომლებიც სიცოცხლის ნიშნების მოძიებას ემსახურება. ექსპერიმენტის ფარგლებში გამოყენებული იქნება შვეულმფრენები და პირველად ჩაიწერება პლანეტის აუდიო.
“მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ მარსზე დაშვება რთულია. როგორც წესი, ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილებს მივუახლოვდეთ, რომლებიც არც ისე საშიშია. თუმცა ეს მეცნიერებისთვის მოსაწყენია, არა?” – ამბობს გრეგორიო ვილარი, სისტემის ინჟინერი ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში. ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ აშშ-ს მარსზე დაშვების მცდელობებიდან დაახლოებით ნახევარი ჩაიშალა. Perseverance, ანუ იგივე “Percy” კი ყველაზე დიდი როვერი იქნება, რომელიც ასევე დიდ მისიას შეეჭიდება.
Percy გასული წლის 30 ივლისს მისიის ფარგლებში გაუშვეს, მაგრამ მისი ისტორია ბევრად დიდი ხნით ადრე დაიწყო. 10 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანი მუშაობდა როვერის შექმნაზე. მიზანი სრულყოფილი ნიმუშის მიღება იყო, რომელსაც უფრო რეალისტური და საინტერესო, დამაინტრიგებელი მისიების განხორციელება შეეძლებოდა.
აღნიშნული მისია კი პირველ რიგში სიცოცხლის უძველესი კვალის აღმოჩენას ემსახურება. ჯოზერის კრატერში მოხვედრის შემდეგ როვერი რენტგენის ლითოქიმიის პლანეტარულ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ნიადაგის ტექსტურები შეისწავლოს, წარსული მიკრობული აქტივობის მიხედვით. თვითმართვადი როვერი აღჭურვილია მიკროფონით, 23 კამერით – მათ შორის SuperCam, რომელიც კამერისა და ლაზერის ნაზავს წარმოადგენს. სწორედ ის გააანალიზებს მარსის მტვრისა და მინერალების ქიმიურ შემადგენლობას, რაც ასევე დიდი ხნის წინანდელი სიცოცხლის კვალის აღმოჩენას ემსახურება. ამ ყველაფრისთვის საჭირო ენერგიის მიწოდება კი ხდება ელემენტიდან, რომელიც მუდმივად იტენება აშშ-ში წარმოებული პლუტონიუმის საწვავით.
მართალია, Percy დღეს ღამით დაეშვება მარსის ზედაპირზე, მაგრამ ექსპერიმენტები მაშინვე არ დაიწყება. “ყოველთვის, როდესაც ახალ გარემოში მიდიხარ, საკუთარი თავის რეორიენტაცია გსურს. ჩვენ გვინდა, მისი კიდურები სრულად გავშალოთ და თვალები გავახელინოთ” – ამბობს გრეგორიო ვილარი. ჩვენ არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ წითელი პლანეტისგან ამჯერად, რადგან ყოველ ეტაპზე რაღაც ახალს ვიღებთ და ვიგებთ, ამიტომაც, ბუნებრივია, მოლოდინები საკმაოდ დიდია.
კოსმოსური ხომალდი მარსის ზედაპირზე დაშვებამდე ე. წ. EDL ფაზას გაივლის. ეს ყველაზე მოკლე და ინტენსიური ფაზაა, რომელსაც “ტერორის შვიდ წუთსაც” უწოდებენ. შვიდი წუთის განმავლობაში როვერის სიჩქარე 20 000 კმ/სთ-დან 0კმ/სთ-მდე შემცირდება და ასე დაეშვება წითელ პლანეტაზე.
მისიის ამაღელვებელი პირველი წუთებისთვის თვალის დევნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია NASA-ს YouTube არხზე. პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 23:15-ზე დაიწყება. მანამდე კი შეგიძლიათ, სიმულაციით დატკბეთ და შეიქმნათ წარმოდგენა, როგორ განხორციელდება მისია.